„სადაც ვიწროა იქ გაწყდეს”

„სადაც ვიწროა იქ გაწყდეს”

ხელისუფლების მიერ შემუშავებული ინიციატივა, რომელიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალი რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით უკვე მიღებულია და, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე საბოლოოდ დამტკიცდება.

ამ ინიციატივების გაჟღერებას ექსპერტების საკმაოდ კრიტიკული შენიშვნები მოჰყვა, რადგან ამ წესების დანერგვა რეალურად დაფინანსების გარეშე ტოვებს არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ სხვა სახის კავშირებს.

როგორც იურისტები ხსნიან, ეს შეზღუდვები იმას ნიშნავს, რომ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ რომ მოამზადოს რაღაც დასკვნა და ეს დასკვნა პოლიტიკურმა პარტიამ გამოიყენოს, ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ იგივე შეზღუდვები გავრცელდება, რაც პოლიტიკური პარტიის მიმართ წესდება. ანუ, არასამთავრობო ორგანიზაციებს ვეღარ დააფინანსებენ იურიდიული პირები და ვეღარ აიღებენ გრანტებს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.

ასევე, ეს შეზღუდვები გავრცელდება ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც რომელიმე პოლიტიკოსის ოჯახის წევრთანაც კი რაიმე ფორმით არის დაკავშირებული. რაც მთავარია, ეს მუხლები იმდენად ბუნდოვანია, რომ ხელისუფლებას ორმაგი ინტერპრეტირების საშუალებას აძლევს.

შეგახსენებთ, რომ პირველი მოსმენით უკვე მიღებულია ხელისუფლების ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, რომელიც მთელი რიგირეგულაციებისა და სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიის დაფინანსება აეკრძალება. ხოლო ფიზიკურ პირს წელიწადში საერთო ჯამში მაქსიმუმ 60 ათასი ლარის მიცემის უფლება ექნება. მხოლოდ ბანკებს შეეძლებათ პარტიებისთვის სესხის გაცემა 100 ათასი ლარის ლიმიტის ფარგლებში.

პარტიის წევრის მიერ საწევროს სახით გადახდილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 1200 ლარს. პარტიის მიერ წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავალი, სახელმწიფო დაფინანსების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2%-ს, რაც 2012 წლის ბიუჯეტის პარამეტრების მიხედვით, დაახლოებით, 53 მილიონი ლარის ტოლია. ამის ზემოთ მიღებული თანხა კი ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს. საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად კი დამატებით წინასწარი განაცხადის გაკეთება იქნება აუცილებელი.

ამასთან, შემომწირველი არ შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომლის წლიური შემოსავლების 15-% მეტს წარმოადგენს მის, ან მისი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს სასარგებლოდ განხორციელებული გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები“.

პარტიის მიერ საწევროები, აგრეთვე მოქალაქეებისგან შემოწირულებების სახით ფულადი სახსრები მიიღება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. ხოლო პარტიის ფინანსურ ანგარიშგებას ცესკოს ნაცვლად კონტროლის პალატა განახორციელებს.

პარტიებს და იურიდიულ პირებს აეკრძალებათ ფულის, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გადაცემა.

ამასთან, ეს აკრძალვები გავრცელდება იმ იურიდიულ პირებსა და იურიდიული პირების წარმომადგენლებზე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებულნი პოლიტიკურ პარტიებთან.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება ამ ცვლილებების პოზიციების გასამყარებლად ვენეციის კომისიის იმ დასკვნას იშველიებს, რომელიც ოფიციალურად ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. თუმცა, ამაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხელისუფლებამ პროექტში ცვლილებები მას შემდეგ შეიტანა, რაც ვენეციის კომისიამ დასკვნა მიიღო. ამიტომაც ამ ეტაპზე იმის თქმა, თუ ეს ახალი ცვლილებები არის თუ არა ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინება, ძნელი სათქმელია. არადა, კანონპროექტში პირველი მოსმენის წინ შეტანილი ცვლილებებიც საკმაოდ მნიშვნელოვანია.

ერთ-ერთი ასეთი ცვლილება ეხება იმას, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები ასევე გავრცელდება იმ პირების ოჯახის წევრებზე და მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ ადამიანებზე, ვისაც გაცხადებული აქვს საკუთარი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიმართ, რომელიც იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, ადმინისტრაციული სახდელების დადება, დამატებით გამოიწვევს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას.

კანონპროექტში ისიც არის ნათქვამი, რომ პარტიებს ფულადი სახსრების დაპირებასთან ერთად მომსახურების დაპირებაც ეკრძალებათ.

კანონპროექტის პირვანდელი ვარიანტისგან განსხვავებით, პარტიისთვის აკრძალული ქმედებების ჩამონათვალში მომსახურებაც გაჩნდა. კერძოდ, აკრძალული ქმედებების ჩამონათვალს დაემატა მოქალაქეების დაინტერესება მომსახურების (მათ შორის ფიქტიური შრომითი ან სხვაგვარი ურთიერთობების დამყარების) მიწოდებით ან მომსახურების დაპირებით.

კანონპროექტში მითითებულია, რომ მომსახურებასთან დაკავშირებული აკრძალვა არ ვრცედლება ისეთ დაპირებაზე, რომელიც საბიუჯეტო რესურსების სამომავლო განაწილებას უკავშირდება.

ასევე გაჩნდა ახალი შეზღუდვაც, რაც პარტიებისთვის საექსპერტო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით ლიმიტის დაწესებას გულისხმობს.

კანონპროექტით დადგენილია, რომ პარტიის მიერ არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში მიღებული სახელმწიფო დაფინანსება შემოწირულობებისა და სხვა კანონით დაშვებული ფორმით მიღებული შემოსავლის ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2%-ს, ხოლო ხარჯის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2%-ს.

კანონპროექტით ასევე დგინდება, რომ საექსპერტო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე გაწეული ხარჯი, არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული ხარჯების ოდენობის10%-ს.

ეს ყველაფერი კი ცვლილებებს ითვალისწინებს „სისხლისსამართლის კოდექსშიც“.

„სისხლის სამართლის კოდექსის“ მოქმედი რედაქციით, არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია ამომრჩევლისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების უსასყიდლოდ ან შეღავათიან ფასებში გადაცემა ან მიყიდვა.

ასევე, აკრძალულია უფასო მომსახურების გაწევა ან ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერის ან არჩევნებში ხმის მიცემისგან თავის შეკავების მიზნით. ეს ქმედებები ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ცვლილებების პროექტით კი, პარტიას ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაეთვლება პოლიტიკური მიზნით პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების ან მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა, გაწევა, ან ასეთის მოთხოვნა ან მიღება. აგრეთვე, პარტიას ეკრძალება მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით. თუ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული აკრძალვები მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებდა, კანონპროექტით, ასეთი ქმედებები პარტიას ამომრჩევლის მოსყიდვად, ნებისმიერ დროს ჩაეთვლება.

გარდა ამისა, მკაცრდება სასჯელის ზომაც და თუ აქამდე ამომრჩევლის მოსყიდვისთვის სასჯელი ერთწლიანი პატიმრობა იყო, კანონპროექტით სასჯელი სამ წლამდე იზრდება, თუმცა, ჩნდება ჯარიმის ალტერნატივაც. ხოლო იურიდიულ პირებს ამ ქმედებებისთვის ლიკვიდაცია ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ემუქრებათ. კანონპროექტში მითითებულია, რომ ამომრჩევლის მოსყიდვად არ ჩაითვლება პარტიის კამპანიის აქსესუარების გადაცემა - მაისურების, კეპების, ქუდების, დროშების და სხვა მსგავსი ნივთების.

ამასთან, მკაცრდება სანქციები პარტიის მიერ აკრძალული შემოწირულობის მიღებისთვისაც.

კანონის მოქმედი რედაქციით, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებაში საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის მიღება ან ამის თაობაზე ინფორმაციის დამალვა, თუ შემოწირულობის თანხა არ აღემატება 5000 ლარს, 1000-დან 1500 ლარამდე დაჯარიმებას ითვალისწინებს, ხოლო თუ თანხა აღემატება 5000 ლარს, მაშინ 3000-დან 5000 ლარამდე.

აღნიშნული ნორმა უქმდება და მის მაგივრად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონპროექტს ახალი მუხლი ემატება. ახალი მუხლი კანონპროექტში პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვის დროს გაჩნდა. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონპროექტში ჩაიწერა, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიერ აკრძალული შემოწირულობის მიღება ან დამალვა გამოიწვევს აკრძალული ფინანსური შემოწირულობის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას და დაჯარიმებას მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის ათმაგი ოდენობით.

ასევე, ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისათვის აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის განხორციელება გამოიწვევს აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის დაჯარიმებას, შემოწირულობის ათმაგი ოდენობით.

ამავე კანონპროექტით იურიდიულ პირს პარტიის დაფინანსება ეკრძალება.  ასევე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონპროექტში ჩაიწერება, რომ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებაში საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, კანონით აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის მიღება ან ამის თაობაზე ინფორმაციის დამალვა გამოიწვევს ამ პირის დაჯარიმებას, შემოწირულობის ათმაგი ოდენობით.

ხოლო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიერ კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. ამავე კანონპროექტით დგინდება, რომ კონტროლის პალატის მოთხოვნით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიერ ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების დაჯარიმებას 5000 ლარით.

აღნიშნული პასუხისმგებლობები შეიძლება პირს დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში. მაშინ, როდესაც საარჩევნო დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა მხოლოდ 2 წელია.