გია ცაგარეიშვილი: გაყალბდება არჩევნები?! ჩვენ ხალხს წინ აღარ გადავუდგებით...

გია ცაგარეიშვილი: გაყალბდება არჩევნები?! ჩვენ ხალხს წინ აღარ გადავუდგებით...

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, დეპუტატი გია ცაგარეიშვილი Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიები ხალხს წინ აღარ გადაუდგებიან და ხელისუფლებას ხალხთან მოუწევს საქმის გარჩევა.

ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ შეკრებილმა ძალებმა ქუჩის აქციების მხრივ შეზღუდვა დაუწესეს საკუთარ თავს, მაგრამ ხელისუფლება საკუთარ ველზე ივანიშვილის გაყვანას ყველანაირად შეეცდება. გამოუვა ხელისუფლებას ასეთი მცდელობა?

- ეს მცდელობა არ აღსრულდება. მიხეილ სააკაშვილი რაც უნდა ეცადოს, ეს მცდელობა განწირულია მარცხისთვის. რა თქმა უნდა, მას ოპოზიციის ქუჩაში გაყვანა სურს, რათა გაიმეოროს ის პროცესები, რაც მოხდა წინა წლებში. ჩვენ ჩვენს შეცდომებზე ვსწავლობთ. საერთოდ, ნათქვამია, გონიერი ადამიანი სხვის შეცდომებზე სწავლობსო, მაგრამ ჯანდაბას, ჩავთვალოთ, რომ ოდესღაც შეცდომები დავუშვით და გვინდა, ეს შეცდომები აღარ განმეორდეს. განა მკრეხელობა არის, როდესაც ამას ადამიანი ამბობს და მით უმეტეს, პოლიტიკოსი?! ამიტომ ხელისუფლებას არ გამოუვა პროცესის მარგინალიზაცია. რაც უნდა აყეფოს თავისი სატელიტი ე.წ. ოპოზიციონერები პარლამენტში და ამ ადამიანებმა ტანზე რომც შემოიხიონ, ამ პროცესის მარგინალიზაცია არ გამოუვათ.

გამორიცხული არ არის, ქუჩაში გავიდეთ, მაგრამ გავალთ მაშინ, როცა ეს დაგვჭირდება და არა მაშინ, როცა ეს ხელისუფლებას დასჭირდება. ამას არ გამოვრიცხავ, არასდროს ქუჩის არ მეშინოდა, პირიქით, ყოველთვის ასეთი მასობრივი მიტინგების მოთავე ვიყავი, ოღონდ ეს უნდა იყოს მიზნობრივი, საქმეზე ორიენტირებული. ზოგიერთმა ქუჩა გადააქცია მიზნად და მე ქუჩა და ასეთი აქციები მინდა გადავაქციო საშუალებად მიზნის მიღწევისთვის. ეს არის წინა სიტუაციისგან ამჟამინდელი სიტუაციის განმასხვავებელი.

პარლამენტართა რიცხვის 150-მდე დატოვებას რას უკავშირებთ? ხელისუფლებასა და საპარლამენტო ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის მომხრეებისგან პარლამენტის დაკომპლექტების შეეშინდათ?

- პარლამენტართა რიცხვის გაზრდის მცდელობა მართლაც იყო. ეს იყო ამორალური, უზნეო გადაწყვეტილება, რადგან ყოველთვის ვამბობ, სამართალი, პირველ რიგში, ეფუძნება მორალს და ზნეობას - ასე მასწავლეს თავის დროზე. სამართალი მხოლოდ იმ შემთხვევაშია სამართლიანი, თუ იგი ზნეობრივია და, როცა შენ ადამიანებს თვალებში აჩეჩებ ამ გადაწყვეტილებას, ასეთი რამ ამორალურია. ძალიან კარგად მახსოვს, ჩვენ ვამბობდით 150-ის შიგნით ფორმულის შეცვლაზე, ჩვენ ვამბობდით 100/50-ზე (100 პროპორციული და 50 მაჟორიტარული), ვამბობდით რეგიონალურ, პროპორციულ სიებზე. ახლა კი ბატონ ვეფხვაძეს და სხვებს უნდათ, წარმოადგინონ, თითქოს ჩვენ, ალასანიასა და სხვებს, პარლამენტართა რიცხვის გაზრდა გვინდოდა. არ გვინდოდა ამის გაზრდა, მაჩვენონ საბუთი, სადაც ვინმეს, რომელიმე „თავისუფალ დემოკრატს“ თანხმობა აქვს ამაზე მიცემული.

რა თქმა უნდა, დეპუტატთა რაოდენობის გაზრდაზე უარი, პირველ რიგში, ივანიშვილის ფაქტორის გამო განაცხადეს. მეორეც, ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ამან რეგიონებშიც და თბილისშიც, იცოდნენ, ხალხი აუმხედრდებოდა ამ გადაწყვეტილებას და მიხვდნენ, რომ დიდ შარში გაეხვეოდნენ. ივანიშვილის გამოჩენით პოლიტიკური ატმოსფერო მთლიანად შეიცვალა. მოთამაშეები შეიცვალნენ, თავდაყირა დააყენა ამ კაცმა სიტუაცია, მოსწონს ვინმეს თუ არ მოსწონს, ეს მოხდა, ეს უკვე შემდგარი ფაქტია. ამიტომ ისინი დაფიქრდნენ, სატელიტები აღარ გვჭირდება, მოდით, ახლა ესენი გადავაგდოთო... მე შენ გეტყვი, მიშა მაჭავარიანს არ გადაუგდია ხათუნა გოგორიშვილთან ერთად არავინ? აიღეს და გადაყარეს ესენიც, „ახლები“ გადაგდებული ჰყავთ რვაჯერ, ახლა მეცხრედაც გადააგდეს.

 ივანიშვილის მომხრებმა ბიზნესმენის მიმართ საკუთარი სიმპათია არჩევნებზე მასობრივადაც რომ დააფიქსირონ, ხმებ დათვლის პრობლემას რას მოუხერხებთ?

- ერთ მშვენიერ მაგალითს გეტყვით. გახსოვთ თქვენ, როცა ჩვენ, ფაქტობრივად, 2008 წლის 5 იანვრის არჩევნები მოვიგეთ: გააყალბეს, ვერ შევძელით დაცვა, იმიტომ, რომ არ წავედით სამოქალაქო დაპირისპირებაზე. ხვდებით? გადავარჩინეთ ქვეყანა უბედურებას, ტრაგედიას. მე გაგახსენებთ 2008 წლის 20 იანვარს, რომელსაც, მათ შორის, მეც შეცდომად მითვლიან. ვფიქრობ, რომ ხალხი მაშინ დასაძრავი არ იყო რუსთაველისკენ, რადგან უბედურება დატრიალდებოდა, ხალხს დახოცავდნენ და სააკაშვილს ავლაბრის რეზიდენციიდან გადააგდებდნენ. ეს უბედურება დატრიალდებოდა, ამიტომ ჩვენ მაშინ კონფრონტაცია ავიცილეთ.

ახლაც რომ გააყალბონ, ქუჩის რესურსი დარჩება?

- ახლა, რაც უფრო მეტი ადამიანი გამოვა, მით ნაკლებია გაყალბების შანსი. Presage.tv-ს საშუალებით მინდა მოვუწოდო ადამიანებს, არავინ სახლში არ დარჩეს.  თქვენს ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიიღეთ მონაწილეობა ხელისუფლების თავისუფალი, მშვიდობიანი გზით შეცვლის საქმეში. გაყალბდება არჩევნები? გეუბნებით, ჩვენ ხალხს წინ აღარ გადავუდგებით და მერე გაარჩიოს საქმე სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხალხთან. გვერდზე გავიწევი და ვიტყვი - აგერ - ხელისუფალი, აგერ - ხალხი, საზოგადოება და ისაუბრონ ერთმანეთთან.

სამ სუბიექტიან კოალიციას ახლახანს შეუერთდნენ ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი. კიდევ ვინ გაერთიანდება კოალიციაში?

- ამ კოალიციას შეუერთდნენ ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი ინდივიდუალურ რეჟიმში და არა - პარტიული თვალსაზრისით. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ერთისაც და მეორის გამოცდილებაც, ჩემი აზრით, შეუფასებელია ამ საერთო საქმისთვის. ჩვენ ერთად უამრავი უბედურება გამოგვივლია. არ გამოვრიცხავ, გამოჩნდნენ სხვა ადამიანებიც, საზოგადოების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები... მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ გაბევრდეს კოალიცია და გაიზარდოს, გახდეს ოთხ, ხუთსუბიექტიანი. უფრო შეიძლება ლიდერები გამოჩნდნენ, ან საზოგადოებამ წარმოაჩინოს, წინა პლანზე წამოსწიოს ახალი ლიდერები.

ანუ აქ არ მოხვდებიან ხელისუფლების მიერ პრორუსულად შერაცხილი ძალები?

- მტრის ხატის შექმნა ძალიან ცუდად შემოუტრიალდება ამ ხელისუფლებას. ვინმე პრორუსი თუ არის ამ ქვეყანაში, ასეთი, პირველ რიგში, მიშა სააკაშვილია.

არჩევნების წინ მედიის შეზღუდვა საარჩევნო შედეგებზე როგორ აისახება?

- ჟურნალისტების დევნა, ის, რაც „მაესტროსთან“ დაკავშირებით ხდება, რომ იქ ყაჩაღია შეჭრილი და გამაგრებულია შენობაში, პრესის გავრცელების ჯიხურების მასობრივი აღება და ხალხის ქუჩაში გაყრა, - ეს ყველაფერი არჩევნების საბოლოო  შედეგებზე, განწყობებსა და ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო სიტუაციაზე ძალიან ნეგატიურად იმოქმედებს. ეს საზოგადოებაში მდგომარეობას ძაბავს და სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას უწყობს ხელს. არ გამოვრიცხავ, ეს შეგნებულადაც კეთდებოდეს. იმდენად ხელაღებით იქცევა ბატონი მიხეილი, რომელიც ბოლო დღეებს ითვლის რეზიდენციაში, შეიძლება, ყველაფერზე წავიდეს. ამიტომ ძალიან დაკვირვებით უნდა ვიყოთ, ემოციური გადაწყვეტილებები კი არ უნდა მივიღოთ, არამედ გრძელვადიანი გეგმა დავსახოთ, თუ როგორ შეიძლება ამ სიტუაციიდან გამოსვლა.