ვირტუალური „რვაათასიანი“ გია თორთლაძე რეალურმა გურამ დონაძემ დაიპყრო

ვირტუალური „რვაათასიანი“ გია თორთლაძე რეალურმა გურამ დონაძემ დაიპყრო

თორთლაძის მიმართ საზოგადოებაში დღემდე არსებობს ეჭვი, რომ სააკაშვილმა მისი ერთგულება მილიონად იყიდა. ძნელი სათქმელია, რა დაუჯდა სააკაშვილს თორთლაძის ერთგულება რეალურად, მაგრამ ფაქტია, რომ მის ინტერესებს თორთლაძისნაირად თავად ნაციონალების ლიდერებიც კი არ ერთგულებენ. ბოლო წლების განმავლობაში ეს ძალიან თვალში საცემია და ახლა უკვე ორი დღეა, თორთლაძე  ბიძინა ივანიშვილს ”რუსული ფულით ქვეყნის შიგნით არეულობის მცდელობაში” ადანაშაულებს. 

ამის შესახებ განცხადება თორთლაძემ 20 დეკემბერს პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა და აღნიშნა, რომ მან ამის შესახებ უკვე ისაუბრა 19 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე, მაგრამ სურს, რომ განცხადება პარლამენტის სხდომათა დარბაზიდანაც გააკეთოს.

მისი თქმით, მიმდინარეობს რუსული ფულის ფართომასშტაბიანი გავრცელება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რომ გააქტიურდა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის რუსი ოლიგარქი და არა ქართველი პოლიტიკოსი, რომ იგი ცდილობს, იყიდოს პოლიტიკური პარტიები.

”მე მაქვს უტყუარი ინფორმაცია”, - განაცხადა გია თორთლაძემ და დასძინა, რომ ირაკლი ალასანიას პარტია, რესპუბლიკელები, ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი და ექსპერტთა საბჭო სრულად ფინანსდება ბიძინა ივანიშვილისგან.

თორთლაძე დარწმუნებულია, რომ ახალი კანონპროექტი პოლიტიკური   გაერთიანებების შესახებ თავიდან ააცილებს საქართველოს უცხო ქვეყნის ოლიგარქების ჩარევას.

”მე მაქვს უტყუარი ინფორმაცია იმ პირებისაგან, ვინც წარმოადგენენ უახლოეს გარემოცვას იმ ადამიანებისა, რომელთაც ეს ფული აიღეს ან აპირებენ აიღონ. ეს გახლავთ არაქართული წარმომავლობის ფული, ეს არის რუსული ფული. ძალიან დიდი ფული, ”გაზპრომის” ფული და  ხმარდება საქართველოში შიდა არეულობის ინსპირირებას”, - დასძინა გია თორთლაძემ და მან ამ განცხადების შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვა.

მის ამ განცხადებას კი პარლამენტის ტრიბუნიდანვე ფრაქცია ”ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე და პარტია თავისუფალი დემოკრატების წევრი გიორგი ცაგარეიშვილი გამოეხმაურა და მის ნათქვამზე სამართალდამცავების რეაგირება მოითხოვა.

”ქართულ პოლიტიკაში სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ, მაგრამ ამას ისე უნიჭოდ აკეთებენ, რომ ადამიანს ამ ქმედების წარმომავლობაზე და მიზანზე დიდი ფიქრი აღარ სჭირდება”, - განაცხადა ცაგარეიშვლმა და დასძინა, რომ იგი მრავალჯერ გამოსულა მოწოდებით, ”რათა შეეწყვიტათ მტრის ხატის გამოძერწვა ადამიანებისგან, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს შუძლებელია”.

გიორგი ცაგარეიშვილმა მთავარ პროკურორს და შინაგან საქმეთა მინისტრს სადეპუტატო თხოვნით მიმართა, რეაგირება მოახდინონ გია თორთლაძის გამოსვლაზე და გაარკვიონ, თუ ”ვისი ფული სად რიგდება და როგორ რიგდება” და დასკვნა პარლამენტში წარმოადგინონ.

”იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გაირკვევა”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ უმჯობესი იქნებოდა ასეთ ბრალდებებზე ხელისუფლება საუბრობდეს, რადგან ”საზოგადოებისთვის ყველაფერი უფრო ნათელი იქნებოდა”.

ცაგარეიშვილის განცხადების შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ საორგანზაციო დეპარტამენტს სადეპუტატო მიმართვის გადაგზავნის უზრუნველყოფა სთხოვა. მიხეილ მაჭავარიანი კი ცაგარეიშვილს დაპირდა, რომ ყველაფერი გაირკვევა.

თორთლაძის ამ ბრალდებას ივანიშვილის დაფინანსებაში დადანაშაულებული ზვიად ძიძიგურიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისთვის ”თორთლაძე როგორც პოლიტიკოსი 2007-2008 წლებში გარდაიცვალა”.  

როგორც მან აღნიშნა, ”თორთლაძეს არ აქვს უფლება, ვინმეს დაფინანსებაზე ისაუბროს”, რადგან, მისივე თქმით, ”თორთლაძე არის ”ნაციონალური მოძრაობის” მიკროფონი და არ აქვს უფლება ისაუბროს ვინმეს დაფინანსებაზე, მითუმეტეს, ბიძინა ივანიშვილის კონტექსტში”.

ამასთან, იგი აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ ”ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე საჩხერის ბატალიონის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა. თუ ბიზნესმენმა ეს რუსული ფულით გააკეთა, ხელისუფლებას უნდა ეზრუნა, რომ ფული თავდაცვაში არ მოხვედრილიყო”.

როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილთან და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და არანაირი დაინტერესება არც ბიძინა ივანიშვილის ფულთან და არც სხვის ფულთან მიმართებაში არ გააჩნია.

”ჩვენი გაერთიანების მთავარი მიზანია, რომ მოვიდეთ ხელისუფლებაში. მე არ ვაპირებ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში ხბოს აღტაცება გამოვხატო. მიმაჩნია, რომ ბიზნესმენი არის შანსი, რომელიც ქართველმა ხალხმა და საზოგადოებამ უნდა გამოიყენოს”.

აღსანიშნავია, რომ თორთლაძის ამ განცხადების შემდეგ ჟურნალისტებმა ვცადეთ, თორთლაძისგან მოგვესმინა კონკრეტული ინფორმაცია, თუ რის საფუძველზე აკეთებს ამ განცხადებას და გააჩნია თუ არა რაიმე მტკიცებულება, მით უმეტეს, რომ მისი მხრიდან საკმაოდ მძიმე ბრალდება გაჟღერდა, მაგრამ ამაოდ. მან ჩვენთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

სამაგიეროდ მოგვიანებით, შსს-ს ტელევიზიაში მივიდა და დონაძის მფარველობაში მყოფმა განაცხადა, რომ ”საზოგადოებას ქართულ პოლიტიკაში შემოდინებული ფულის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას 2012 წლის თებერვალში მიაწვდის”.

”აქ საუბარია ძალიან დიდ ფულზე, რომელიც ამ ადამიანებმა უკვე მიიღეს და კიდევ ელოდებიან. მე ეს ინფორმაცია კონკრეტული ადამიანების უახლოესი გარემოცვიდან მაქვს. როცა რუსულ ფულზე ვსაუბრობ, ლაპარაკია სპეცსამსახურებისა და ოლიგარქების ფულზე, რომელიც კონკრეტულ ადამიანებზე იხარჯებოდა და მომავალშიც დაიხარჯება. ალბათ, ჩემი ადრინდელი განცხადებებიც გახსოვთ, როცა მე კონკრეტული პოლიტიკოსები რუსული ფულის აღებაში დავადანაშაულე, შემდეგ კი საზოგადოებამ ეს ადამიანები რუსეთის კარზე იხილა. საუბარია კობა დავითაშვილზე, ნინო ბურჯანაძეზე, კახა კუკავაზე, ზურაბ ნოღაიდელზე. ჩემი მაშინდელი ინფორმაცია დადასტურდა და ახლაც დადასტურდება”, - განაცხადა თორთლაძემ.

ამასთან, მან ბიძინა ივანიშვილი ”ქვეყანაში არეულობის ინსპირირებაში” დაადანაშაულა.

”არეულობის შეტანაა, როცა იგი პოლიტიკური პარტიებიდან ირჩევს ხალხს, როცა ჟურნალისტებს მოუწოდებს, რომ ისინი ამა თუ იმ ადგილზე იდგნენ, ამ ყველაფრისთვის კი იგი ფულს იხდის. სწორედ ეს არის ქვეყანაში პოლიტიკური არეულობის შემოტანის მცდელობა”, - აღნიშნა თორთლაძემ.