სააკაშვილი ამტკიცებს, რომ მოსკოვი მის დამხობას კვლავ ცდილობს

სააკაშვილი ამტკიცებს, რომ მოსკოვი მის დამხობას კვლავ ცდილობს

[დენიელ მაკლაფლინი, The Irish Times]
რუსეთ–საქართველოს სასტიკი ხუთდღიანი ომიდან ორი წლის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ რუსეთს მის დამხობა და მისი ქვეყნის ოკუპაციას ცდილობს.

კონფლიქტის შემდეგ რუსეთმა საქართველოს აჯანყებულირეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ომმა საქართველოს ეკონომიკა გააპარტახა, ათობით ათასი ადამიანი დევნილად აქცია და უზარმაზარ ტვირთად დააწვა სააკაშვილს და მის მთავრობას.

თუმცა, პრეზიდენტი და მისი მოკავშირეები, დღემდე მართავენ საქართველოს, საერთაშორისო დახმარების წყალობით (მილიარდობით ევრო) ქვეყნის ეკონომიკა აღდგენის პროცესშია, მაშინ როდესაც დავა აჯანყებული რეგიონების ირგვლივ „ცივი ომის“ სტილში, დიპლომატიური კინკლაობასა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.

გასულ კვირაში სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთს მის გეგმებზე უარი არ უთქვამს და „ქართული დემოკრატიის დამხობას და ქვეყნის მთელი ტერიტორიის ოკუპაციას“ გეგმავს.

„ამიტომ ჩვენი ამოცანა მათი შეჩერებაა, საქართველოს საბოლოო პოლიტიკური მიზანი კი ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება და სრული დეოკუპაციის მიღწევაა“, – დასძინა მან.

სამხედრო მაღალჩინოსნებისადმი მიმართვის დროს, ბატონმა სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველო გაძლიერდება მისი არმიის გამოცდილებით ავღანეთში, სადაც ის დასავლელი მოკავშირეების გვერდით იბრძვის, მაგრამ მან ქვეყნის დასაცავად ასევე „სამოქალაქო თავდაცვის ჯანსაღი სისტემის“ შექმნა მოითხოვა.

„ყველა სოფელმა უნდა შეძლოს საკუთარი თავის დაცვა. ყველა სოფელსა და დასახლებაში უნდა იყოს პატარა, გაწრთვნილი ჯგუფი… ისე, რომ ყველამ შეძლოს მისი მშობლიური მიწის, სოფლის, ქუჩის, ქალაქის და რეგიონის დაცვა“, – თქვა მან.

„თუკი მტრის არმია გადაკვეთს იმ ტერიტორიებს, სადაც ეთნიკურ წმენდას ჰქონდა ადგილი, საქართველოს მიწის ყველა კვადრატული მეტრი უნდა იწვოდეს მათ ფეხქვეშ – ეს არის მიზანი“.

თავის მხრივ, რუსეთი ამბობს, რომ ის არ აპირებს საქმის დაჭერას ბატონ სააკაშვილთან, რომელსაც პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი მუდმივად ემუქრებოდა, რომ „კვერცხებით დაკიდებდა“ ევროკავშირის შუამავლობით დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, რომელმაც 2008 წლის ომი დაასრულა.

„მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ურთიერთობები არ შეიძლება აღდგეს, თუკი საქართველოს ხელისუფლებაში სხვა ხალხი მოვა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ამ კვირაში.

„მე დარწმუნებული ვარ ეს მოხდება. ადრე თუ გვიან, ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს და საუკუნეების განმავლობაში არსებული მეგობრული ურთიერთობები, რომელიც აკავშირებს ქართველ და რუს ხალხს აუცილებლად აღდგება“.

სააკაშვილის, როგორც სანდო დემოკრატი ლიდერის რეპუტაცია არეულ კავკასიაში, ომის შემდეგ შეილახა, იმ ომის, რომელიც ფართოდ გავრცელებული აზრით მაშინ დაიწყო, როდესაც მისი არმია 2008 წლის 7 აგვისტოს ღამით სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღდგენას შეეცადა. იგი ამტკიცებს, რომ მის სამხედროებს პირველი ნაბიჯი არ გადაუდგამთ, არამედ მხოლოდ უპასუხეს რუსული არმიის ინტერვენციას.

მოსკოვის თქმით, მისმა არმიამ საზღვარი იმის გამო გადალახა, რომ რუსეთის მოქალაქეები უნდა დაეცვა, თუმცა, მან ისე მოახდინა საკუთარი შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია საზღვრის გასწვრივ, რომ აშკარად ემზადებოდა კონფლიქტისთვის და დიდხანს არ ასვენებდა საქართველოს, მხარს უჭერდა რა სეპარატისტებს, რომლებიც რეგულარულად უხსნიდნენ ცეცხლს ეთნიკურად ქართულ სოფლებს.

შეცდომების მიუხედავად, სააკაშვილი ჯერ კიდევ სარგებლობს დასავლური სახელმწიფოების მხარდაჭერით, რომლებმაც არწმუნებენ რუსეთს დაასრულოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „ოკუპაცია“, სადაც კრემლმა ათასობით სამხედრო განათავსა.

რაც შეეხება რუსეთის იმედებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება დაემხობოდა და ორ აჯანყებული რეგიონის სუვერენიტეტს ქვეყნების უმრავლესობა აღიარებდა, ჩაიშალა. მის ნაბიჯს, ხმოლოდ ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ერთმა ციდა ნაურუმ მიბაძეს.

საქართველოს ეკონომიკა, რომელმაც 2007 წელს 12%–იანი ზრდა განიცადა, ომის და ფინანური კრიზისის გამო დღემდე რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ მთავრობა ეკონომიკურ ზრდას მომავალ წელს იმედოვნებს.

თბილისი დღემდე მთელი ძალით ცდილობს პირობების შექმნას 250 000 ადამიანისთვის, რომლებიც 1990–იანი წლების დასაწყისის სეპარატისტული ბრძოლების და ორი წლის წინ გაჩაღებული ომის გამო დევნილებად იქცნენ.