ხელისუფლება ივანიშვილის დაანონსებული პრეზენტაციის გადაფარვას ცდილობს

ხელისუფლება ივანიშვილის დაანონსებული პრეზენტაციის გადაფარვას ცდილობს

ოპოზიცია მთავრობის 10 პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვას ითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობას კი ეს საკითხი ჯერ სასაცილოდაც არ ეყო, შემდეგ კი იმაზე დაიწყო ფიქრი, ეს მოთხოვნა ოპოზიციას როგორ გადააფიქრებინოს.

პარლამენტის თავმჯდომარე თანახმაა, რომ პოლიტიკური დებატების გამართვაზე უახლოეს სესიაზე იმსჯელონ და გადაწყვეტილება სესიაზე იქნას მიღებული. თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლებას პარლამენტში ისეთი უმრავლესობა ჰყავს, რომელსაც რასაც ეტყვიან, დაუფიქრებლად დათანხმდება. ხელისუფლების მცდელობა - პოლიტიკურ დებატებს თავი აარიდოს, ადვილი წარმოსადგენია, რომ დეპუტატები ამ შეხვედრის არგამართვისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იმ კვირაში გახდება ცნობილი.

„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი ამბობს, რომ 24 ნოემბერს სამთავრობო საათის დანიშვნა ხელისუფლებამ საგანგებოდ დაამთხვია ივანიშვილის მიერ დაანონსებულ საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებას, რომელიც 25 ნოემბერს უნდა გაიმართოს.

„როგორც ჩანს, ახლა უნდათ, რომ ხმაური ატეხონ და დემოკრატიის ანტურაჟი შექმნან. ამისთვის კი ვეფხვაძემ სამთავრობო საათი და პოლიტიკური დებატები მოითხოვა და მე დარწმუნებული ვარ, ამ დღეს სამთავრობო საათთან ერთად, პოლიტიკური დებატებიც გაიმართება. ამით კი შეეცდებიან, რომ საზოგადოებას აჩვენონ, თითქოს რაიმე ნორმალური ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამით საზოგადოების ყურადღების მოდუნებას მაინც ვერ შეძლებენ“, - ამბობს ცაგარეიშვილი.

იგი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ „ქრისტიან-დემოკრატები“ სამთავრობო საათზე ენერგეტიკის მინისტრის დაბარებას ითხოვენ. მისი თქმით, დღეს ქვეყანაში სხვა პრობლემებია და ენერგეტიკის მინისტრის დაბარებით მთავრობა მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდება. 

„ენერგეტიკაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა თემატიკა. პენსიები როდის იზრდება, როგორ იზრდება და რატომ მხოლოდ ამ კატეგორიის ადამიანებს უნდა გაეზარდოთ და რა დააშავეს ომის ვეტერანებმა, უნარშეზღუდულმა ადამიანებმა, სხვა კატეგორიის უმძიმეს მდგომარეობაში მყოფმა ადამიანებმა. ეს არის მარტო ასაკობრივი პენსია და ისიც მხოლოდ 67 წლიდან. ჩვენ ჯანდაცვის მინისტრი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დავიბარეთ სხვა მინისტრებთან ერთად და პასუხი მხოლოდ მისგან მივიღეთ, რომ მზად იყო, ჩვენთან ნებისმიერ ფორმატში ელაპარაკა, მაგრამ ბაქრაძემ და უმრავლესობის წევრებმა აბსოლუტურად შეგნებულად იგი ჩვენამდე არ მოუშვეს.

„ენერგეტიკა ძალიან მნიშვნელივანი სფეროა, მაგრამ გაცილებით დიდი პრობლემები არის სასჯელაღსრულებაში, განათლებაში, იუსტიციის და შს სამინისტროებში და პოლიტიკური დებატების გამართვა იმ თემებზე, რაშიც ხელისუფლება მეტ-ნაკლებად თამამდ გრძნობს თავს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასერიოზულია და, თუ ვიღაცას უნდა, რომ მოიყვანოს ხელისუფლების წარმომადგენელი, დააყენოს ტრიბუნასთან და ყელმოღერების საშუალება მისცეს, მე ამით არ დავკავდები“, - ამბობს ცაგარეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში სამთავრობო საათი სწორედ მისი ფრაქციის მოთხოვნით გაიმართა, მაგრამ მაშინ მათ ხუთი მინისტრი ჰყავდათ დაბარებული და მათგან მხოლოდ ერთი – ფინანსთა მინისტრი მივიდა სამთავრობო საათზე. პრემიერმინისტრის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებისადმი გაგზავნილი კითხვები კი მთავრობას ვალად ადევს.

რეგლამენტის თანახმად, იმ კითხვებზე, რომელსაც სამთავრობო საათზე პასუხი არ გაეცემა, ავტომატურად გადადის შემდეგ სამთავრობო საათზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 24 ნოემბერს დაგეგმილ სამთავრობო საათზე დასახელებული მინისტრებიც უნდა მოვიდნენ. უკვე გადაწყვეტილია, რომ პარლამენტში მიმდინარე თვის ბოლოს სამთავრობო საათი გაიმართება.

რეგლამენტის მიხედვით, სამთავრობო საათი თვის ბოლო ხუთშაბათს უნდა შედგეს.

როგორც პარლამენტის ბიურიოს სხდომაზე ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, მის ფრაქციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ჰყავს მიწვეული.

„ქრისტიან-დემოკრატებს“ ჯანდაცვის მინისტრთან, ძირითადად, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საკითხებზე სურთ პასუხების მოსმენა. ვეფხვაძის თქმით, ფეშენებელური საავადმყოფოები, ძირითადად, მუზეუმებს ჰგავს, რადგან მოსახლეობისთვის ჯანდაცვა ხელმიუწვდომელია. მათ ასევე აინტერესებთ სადაზღვევო კომპანიების მიერ, წლის პირველი 6 თვის ზარალით დასრულების დეტალები და ა.შ.

„ჩვენი კითხვები ეხება ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას, რადგან პრობლემაა სწორედ ის, რომ აშენებენ ფეშენებელურ საავადმყოფოებს, მაგრამ ეს საავადმყოფოები ძალიან ხშირად მუზეუმებისგან არაფრით განსხვავდება და, თუკი მოქალაქეები ვერ შევლენ შიგნით და ვერ იმკურნალებენ, რა მნიშვნელობა აქვს მათთვის ეს საავადმყოფო რა დონის იქნება? ამიტომაც ჩვენ გვაინტერესებს, ამ კუთხით რა კეთდება.

ასევე რა ხდება ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებით. იგივე რეფერალურ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც ორიენტირებული უნდა ყოფილიყო სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, ვისაც მკურნალობის საშუალება არა აქვს. გარდა ამისა, საინტერესოა, რატომ დაასრულეს სადაზღვევო კომპანიებმა პირველი ექვსი თვე ზარალით და საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რომ ამ რეფორმით არც ექიმია კმაყოფილი და არც პაციენტი“, - ამბობს ლევან ვეფხვაძე.    

რაც შეეხება ალექსანდრე ხეთაგურს, ვეფხვაძის განცხადებით, მასთან მთავარი შეკითხვა გრანდიოზული ჰესების მშენებლობას ეხება.

„ჩვენი მთავარი კითხვა შეეხება იმ გრანდიოზული ჰესების მშენებლობას, რომელზეც საბჭოთა პერიოდშიც კი მაშინდელმა ხელისუფლებამ უარი თქვა. ამიტომ მნიშვნელოვანია ის, რომ ვიცოდეთ, რას ნიშნავს მათი მშენებლობა. ჩვენს ბუნებას ვანგრევთ იმისთვის, რომ თურქეთში მოვახდინოთ ექსპორტი თუ იმისთვის ვაკეთებთ, რომ დენის ტარიფი შემცირდეს, პროდუქციის თვითღირებულება შემცირდეს და მეტი ადამიანი დასაქმდეს? როგორც ჩანს, ხელისუფლება ამას აკეთებს მხოლოდ ექსპორტისთვის და აქ ყველაზე რთული პრობლემა არის ის, რომ ჩვენ, მოსახლეობა ვერ ვიყიდით ამ დენს იაფად, თუკი თურქეთი ამაში უფრო ძვირს გადაიხდის და, თუკი მოსახლეობამ სარგებელი ვერ ნახა, მაშინ ის მაინც აგვიხსნას ვინმემ, ჩვენს ბუნებას რას და რატომ ვწირავთ“, - აცხადებს ვეფხვაძე.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებას 2016-2017 წლამდე საქართველოში, საერთო ჯამში, 2 ათას მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურების აშენება აქვს დაგეგმილი და პროექტის ფარგლებში 12 ჰესის აშენებაა დაგეგმილი. მათ შორის, არის რამდენიმე გრანდიოზული, 700 მეგავატიანი ხუდონჰესი და 450 მეგავატიანი ნამახვანის კასკადი.

ამ პროექტებთან დაკავშირებით ექსპერტთა შეფასებები სხვადასხვაგვარია და შიშობენ, რომ, შესაძლოა, ამით საფრთხე შეექმნას ამ ტერიტორიებზე არსებულ მიკროკლიმატს, რაც მოსახლეობისთვის დიდ პრობლემებს გამოიწვევს. 

აქცენტი იმაზე კეთდება, რომ ამ რისკების მიუხედავად, ეს პროექტები გრძელვადიან პერსპექტივაში არანაირი სიკეთის მომტანი არ იქნება. საქართველოში გაზის მოხმარება დღეს არის 1 მილიარდ 600 მილიონი კუბამეტრი წელიწადში და აქედან, დაახლოებით, 600 მილიონი კუბამეტრი გვჭირდება თბოელექტროსადგურებისთვის, რომელმაც უნდა გამოიმუშაოს ელექტროენერგია და სისტემაში უნდა წაიღოს ძვირი ელექტროენერგია. ჩვენ წელიწადში 1 მილიარდ კუბამეტრამდე იაფი გაზი გვაქვს შაჰდენიზიდან და ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალიდან, რომლის საშუალო ღირებულება ათას კუბამეტრზე 50-55 დოლარზე მეტი არ უნდა იყოს. მაგრამ გაზი ძვირი გვიჯდება, რადგან დამატებით გაზს თბოელექტროსადგურისთვის ვყიდულობთ, რათა დენზე გაზრდილი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.

„2016-2017 წლამდე საქართველოში 2 ათას მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურები შენდება  და საბოლოო ჯამში, ჩვენ მათ არანაირ კვოტას არ ვუწესებთ და არ ვეუბნებით, რომ ის სამი-ოთხი თვე, როდესაც ჩვენ თბოელექტროსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგია უნდა გამოვიყენოთ, ჩვენი მოთხოვნილება ამით შევავსოთ. თუ ასე გაკეთდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დამატებითი გაზის ყიდვა აღარ დაგვჭირდება და ავტომატურად გაზიც გაიაფდება და დენიც. ამაზეა ლაპარაკი და რისთვის გვინდა გაიაფება? ეს მხოლოდ იმიტომ კი არ გვინდა, რომ ცოტა გადავიხადოთ, არამედ იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქციის ღირებულება გახდეს უფრო იაფი და ქვეყანაში წარმოება განვითარდეს“, - ამბობს ვეფხვაძე.