ვანო მერაბიშვილისთვის დათა ახალაიას განცხადება

ვანო მერაბიშვილისთვის დათა ახალაიას განცხადება "ძალიან მძიმეა"

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი მის წინააღმდეგ დათა ახალაიას და მარიკა ვერულაშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა. როგორც მერაბიშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა , დათა ახალაიასთან დაკავშირებით რაც მოხდა, მისთვის ძალიან მძიმეა.

"ჩემთვის ეს ძალიან მძიმეა, იმიტომ, რომ მე პირადი მეგობრობა მაკავშირებდა ამ ადამიანთან წლების განმავლობაში. მე არ მიმაჩნია, რომ ეს იყო სერიოზული პოლიტიკური პრობლემა, არამედ ეს იყო პერსონალური პრობლემა და ჩემი პერსონალური პრობლემა საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს საინტერესო",-აღნიშნა მერაბიშვილმა, როდესაც ახალაის წერილს გამოეხმაურა.

კითხვაზე, ხომ არ უნდა ელოდოს საზოგადოება დათა ახალაიასგან მის წინააღმდეგ რაიმე კომპრომატებს, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ "მოსახდენი მოხდა და ამაზე მეტი ვერაფერი მოხდება".
რაც შეეხება მარიკა ვერულაშვილს, ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ ვერულაშვილი დიდი ხანია გავიდა "ნაციონალური მოძრაობიდან" და ახლა ის ამის მოტივებზე საუბარს არ აპირებს.

"ძალიან ბევრმა ვერ გაუძლო და დატოვეს ჩვენი რიგები. ყველამ ვიცით, რა და როგორი მეთოდებით ხორციელდება ეს. თუმცა, ძირითადი ბირთვი არის ერთიანი. ამ ბირთვს მხოლოდ ის დაანგრევს, თუ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" საზოგადოებას ჩვენზე პროგრესულ წინადადებებს შესთავაზებს. მაშინ ჩვენი ადგილი პოლიტიკაში აღარ დარჩება. ყველაზე მოკლე გზა "ნაციონალური მოძრაობის" გაქრობის არის ერთი -"ქართულმა ოცნებამ" შეასრულოს ყველა პირობა", - დასძინა მერაბიშვილმა.