მოსახლეობა ციხისძირში გუშინ მომხდარ ინციდენტს იხსენებს

მოსახლეობა ციხისძირში გუშინ მომხდარ ინციდენტს იხსენებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის მოსახლეობა გუშინ, გვიან ღამით მომხდარ ინციდენტს იხსენებს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სოფლის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა აღნიშნავს, რომ გვიან ღამით სამი გასროლის ხმა გაიგეს.

როგორც ერთ-ერთი დაზარალებულის, ამირან დოლიძის დედა მარინა დოლიძე ამბობს, სამი სამხედრო ფორმიანი პირი მისმა შვილმა ციხისძირში მცხოვრებ გაბაიძეების ოჯახში მიაცილა, სადაც სუფრა იყო გაშლილი. ალკოჰოლის დალევის შემდეგ სამხედროები ოჯახიდან წავიდნენ. მათ თან გაჰყვა ამირან დოლიძე, რომელიც გზაში გალახეს.
როგორც მარინე დოლიძე ყვება, მის შვილს ჰკითხეს, ჯვარი თუ ჰქონდა. როდესაც აღმოაჩინეს, რომ მას ჯვარი არ ჰქონდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგი სიტყვებით მიმართეს: "აჭარლების და თათრების დედა ვატირე", რის შემდეგაც მოხდა რამდენიმე გასროლა.

"ჩემმა შვილმა სამხედროები გაბაიძეების სახლში მიიყვანა. დალევის შემდეგ ისინი ჩემს შვილთან ერთად წამოვიდნენ, რომელიც გალახეს, ტუჩი გაუხეთქეს, შეურაცხყოფა მიაყენეს. შეურაცხყოფა მიაყენეს, აგრეთვე, 76 წლის კაცს და გზად მიმავალ ცოლ-ქმარს. ისინი მათ ეკითხებოდნენ, ჯვარი თუ ჰქონდათ და თუ არ ჰქონდათ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ", - აღნიშნა მარინა დოლიძემ.
მისივე თქმით, წუხელ საღამოს სამხედროებმა შვიდ ადამიანს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

სოფლის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მათ გამოიძახეს პატრული, რომელმაც ინციდენტის ახლოს ერთი ვაზნა აღმოაჩინა. მოსახლეობა ასევე აღნიშნავს, რომ ისინი შეურაცხყოფილი არიან.

მათი თქმით, სამხედროებიდან ერთ-ერთის მეუღლე აღნიშნული სოფლიდან არის, რომლის ოჯახშიც სამხედროები იმყოფებოდნენ.

როგორც ბათუმის პროკურორის მოადგილე ზაზა მეტონიძემ აღნიშნა, ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს. ინციდენტში მონაწილე სამხედროები იდენტიფიცირებულები არიან.
ამასთან, ციხისძირში მომხდარის გამო, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სენაკის სამხედრო პოლიციის უფროსი და რამდენიმე სამხედრო პირი სამსახურიდან დაითხოვა. როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ციხისძირში სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა სამხედრო მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედება ჩაიდინეს. რის გამოც, ინციდენტში მონაწილე სამი სამხედრო პოლიციელი, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილია. სენაკის სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსი, რომელმაც ვერ უზრუნველყო მის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო პოლიციელების დისციპლინა, გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან.