საქალაქო სასამართლომ გიორგი ბარათაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა

საქალაქო სასამართლომ გიორგი ბარათაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ბარათაშვილის ადვოკატმა, საია-ს იურისტმა ნათია კაპანაძემ განუცხადა, მოსარჩელე მხარის მოსაზრებას, ბარათაშვილის უკანონოდ გათავისუფლების შესახებ, სასამართლო დაეთანხმა.

"მოსარჩელე მხარის საჩივარი, რომ გიორგი ბარათაშვილი აღდგენილი იყოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურ დირექტორად, ბათილად იყოს ცნობილი სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებული უნდობლობის აქტი და ბარათაშვილს აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური, სრულად დაკმაყოფილებულია", - განაცხადა ნათია კაპანაძემ.

მისივე ინფორმაციით, გადაწყვეტილების გასაჩივრება მეორე მხარეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებიდან 14 დღის ვადაში შეუძლია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება, განაჩენი კანონიერ ძალაში შევა და გიორგი ბარათაშვილი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურ დირექტორად დაბრუნდება.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭომ გიორგი ბარათაშვილი გენერალური დირექტორის თანამდებობიდან 4 მარტს გაათავისუფლა.