ციხისძირში სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ციხისძირში სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მცხოვრებ რამდენიმე ადამიანს წუხელ სენაკის სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის პროკურორის მოადგილე ზაზა მეტონიძემ განუცხადა, გამოძება დაიწყო 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, ფიზიკური დაზიანების ფაქტზე.

მეტონიძემ განმარტა, რომ სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა ციხისძირში მცხოვრებ რამდენიმე ადამიანს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც სამეგრელოს მიმართულებით წავიდნენ.
"გამოძიება ჩვენ დავიწყეთ ფიზიკური დაზიანების ფაქტზე, 118-ე მუხლი პირველი ნაწილით. სენაკის სამხედრო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ციხისძირში ერთ-ერთი თანამშრომლის ნათესავის სახლში, სადაც რამდენიმე წუთი გაჩერდნენ და წამოვიდნენ. მანქანაში იმ სოფლის მკვიდრი ორი მოქალაქე ეჯდათ, რომლებმაც სახლი მიასწავლეს. სამხედროებმა გზაში გააჩერეს მანქანა, ამ პირებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გასროლებიც მოხდა. ამ ინციდენტის შემდეგ, გზაში მეუღლესთან ერთად მომავალ ადამიანს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ასევე, შეურაცხყოფა რელიგიური კუთხით. გარდა ამისა, გაჩხრიკეს ერთ-ერთ მოქალაქის მანქანა და წავიდნენ სამეგრელოს მიმართულებით", - აღნიშნა ზაზა მეტონიძემ.

ზაზა მეტონიძის თქმით, სამხედრო პოლიციის თანამშრომლები არიან იდენტიფიცირებულები.

"რაც შეეხება რელიგიური მოტივით შეურაცხყოფას, ინფორმაციას ვაზუსტებთ და საგამოძიებო ნაწილს გადავცემთ", - აღნიშნა ბათუმის პროკურორის მოადგილემ.