გიუნტერ ბეხლერი - ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს განვითარების და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას

გიუნტერ ბეხლერი - ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს განვითარების და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას

ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს განვითარების და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას, - ამის შესახებ შვეიცარიის ელჩმა საქართველოში გიუნტერ ბეხლერმა ბათუმში , ბიომრავალფეროვნებისადმი მიძღვნილი კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

აღნიშნული განცხადება შვეიცარიის ელჩმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მას ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისადმი 15 მარტს გაგზავნილ ღია წერილთან დაკავშირებით.

"ჩვენ აქ საერთაშორისო კონფერენციაში - "ბიომრავალფეროვნება ევროპაში" მონაწილეობის მისაღებად ვართ და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, როგორ აღწევს ახალი მთავრობა პროგრესს ბევრ სფეროში, მათ შორის გარემოს დაცვაში და ამ მიმართულებით სტრატეგიის შემუშავებაში. მე ასევე მოხარული ვარ, რომ ახალი მთავრობა, წინა მთავრობის მსგავსად, ქვეყნის აღმშენებლობას აგრძელებს. ჩვენ ეს გვიხარია და ვაგრძელებთ არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების, არამედ საქართველოს განვითარების მხარდაჭერას", - აღნიშნა გიუნტერ ბეხლერმა.
შვეიცარიის ელჩმა ღია წერილით ბიძინა ივანიშვილს 15 მარტს მიმართა. როგორც ელჩი ღია წერილში განმარტავს, მიმართვისკენ ცალკეული "შეცდომაში შეყვენილი ევროპარლამენტარების ზედაპირულმა შეფასებებმა" უბიძგა.

მისი შეფასებით, "ევროპის სახალხო პარტიის" ზოგიერთმა წევრმა "საინტერესოდ აითვისა საბჭოთა სტილის პროპაგანდისტული მეთოდები, რომლებსაც საჯაროდ უარყოფენ".
"ახლო მომავალში სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება დემოკრატიული ღირებულებების დანერგვას საქართველოს ყველა მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ მისცა ხმა ხალხის დიდმა უმრავლესობამ თქვენს კოალიციას და სწორედ ამიტომ გენდობიან ისინი თქვენ, როგორც პრემიერ-მინისტრს.

მოსახლეობის უმრავლესობამ გადაწყვიტა, ხმა მიეცა "ვარდების რევოლუციონერთა" წინააღმდეგ, რადგანაც მათ დემოკრატიის გზას გადაუხვიეს და მოინდომეს, შეექმნათ საკმაოდ ავტორიტარული მოდერნიზებული რეჟიმი. თქვენი ხელისუფლება, რომელმაც ესოდენ დიდი დემოკრატიული მხარდაჭერა მიიღო, ახლა ე.წ. ელიტური კორუფციის აღმოფხვრის დიდი და რთული ამოცანის წინაშე დგას, გადასახადების გადამხდელთა სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისა და უცხოეთში ფინანსური რესურსების გადაქაჩვის ჩათვლით. მე თქვენში ვხედავ ძლიერ პოლიტიკურ ნებას, იხელმძღვანელოთ კანონითა და საერთაშორისო სტანდარტებით. ის, რომ თქვენ რჩევისათვის მიმართეთ სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, რომლებიც ნდობას იმსახურებენ (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) და ისეთ პატივცემულ და მაღალკვალიფიციურ საერთაშორისო ექსპერტებს, როგორიცაა, მაგალითად, თომას ჰამერბერგი, მიუთითებს იმას, რომ თქვენ სერიოზულად ეკიდებით არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ მიცემულ დაპირებებს", - ნათქვამია ელჩის ღია წერილში.

დიპლომატი დადებითად აფასებს სამინისტროებში მიმდინარე რეფორმებს, ხაზს უსვამს სოფლის მეურნეობის მინისტრის კვალიფიკაციას და აქებს ფინანსთა, ეკონომიკის, რეგიონული განვითარების, გარემოს დაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს.

"ამ მოკლე დროში თქვენ მოახერხეთ საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის საუბრის ტონის შეცვლა. თქვენი ხელისუფლება ასევე შეძლებს ურთიერთობების გაუმჯობესებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელმძღვანელობებთან, რათა გამოინახოს საერთო ენა ხალხისთვის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს. შვეიცარია ყოველთვის თქვენს სამსახურშია, როდესაც საქმე ეხება თანამშრომლობას მშვიდობიანი სამხრეთ კავკასიის რეგიონის უზრუნველსაყოფად", - აღნიშნავს ელჩი და მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს "იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც იგი დემოკრატიული პროცესებისა და საქართველოს მოქალქეებისათვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად" იჩენს.