ირაკლი ჩიქოვანმა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეობა დატოვა

ირაკლი ჩიქოვანმა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეობა დატოვა

ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა , ხატია ყურაშვილმა განუცხადა, ჩიქოვანის განცხადება თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ კომისიაში დღეს შევიდა. 

მისივე განმარტებით, ირაკლი ჩიქოვანი განცხადებაში მხოლოდ თავმჯდომარის უფლებამოსილებისგან ჩამოშორებას ითხოვს, თუმცა კომისიის წევრად, სავარაუდოდ, დარჩება. შესაბამისად, როგორც ხატია ყურაშვილმა განმარტა, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ვაკანტური ადგილი არ არის.

რაც შეეხება ახალი თავმჯდომარის არჩევის წესს, ამ მოვალეობას კომისიის დანარჩენი ოთხი წევრიდან ერთ-ერთს საქართველოს პრეზიდენტი აკისრებს.

დღეის მდგომარეობით, ირაკლი ჩიქოვანის გარდა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები არიან სოფიო ბრიტანჩუკი, აკაკი სიხარულიძე, ირაკლი მოსეშვილი და კარლო კვიტაიშვილი.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით 6 წლის ვადით დანიშნული ხუთი წევრისაგან შედგება, საქმიანობა 2000 წლის 1-ელ ივლისს დაიწყო.