"შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გადის

"შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი მიმდინარე კვირას პირველი მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გადის. იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული საკანონმდებლო ინიციტივა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის სერიოზული დებატების საგანს წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით ერთმანეთთან დებატობს უმრავლესობა და მთავრობაც.

პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა მნიშვნელოვნად ზრდის დასაქმებულის უფლებებს და იცავს მის შრომით ინტერესებს. კანონპროექტით ახლებურად რეგულირდება შრომითი ხელშეკრულების ფორმასთან, ვადასთან, სამუშაო დროის ხანგრძლივობასთან, ზეგანაკვეთური სამუშაოს განსაზღვრასა და მის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები; კანონპროექტითვე განისაზღვრება, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობად, ასევე, რა შემთხვევაში ჩაითვლება დასაქმებულთათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მასობრივ დათხოვნად. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებების საქმიანობაში ჩაურევლობას, დასაქმებულის დისკრიმინაციის დაუშვებლობას ამ გაერთიანების წევრობის გამო და მთელ რიგ სხვა საკითხებს.

პროექტის ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა თავად უმრავლესობაში და გარკვეული პრეტენზიები აქვს ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტს.

"პროექტში მთავრომ კარგად გაწერა პირობები, რომელთა საფუძველზეც შეიძლება კონტრაქტი შეწყდეს. დაქირავებული უსაფუძველო გათავისუფლებისგან დაცულია, მაგრამ ამავე ჩამონათვალში მითითებულია "სხვა ობიექტური გარემოებები". ეს ძალიან ზოგადი ჩანაწერია და კაცი ვერ გაიგებს, რა შეიძლება იგულისხმოს დამქირავებელმა "სხვა ობიექტურ გარემოებებში". აქ დამქირავებელს ზედმეტ თავისუფლებას ვაძლევთ. თოვლის მოსვლაც ობიექტური გარემოებაა, მაგრამ ადამიანი ამის გამო სამსახურიდან არ უნდა გათავისუფლდეს. საკომიტეტო განხილვის დროს აღნიშნული პუნქტის დაზუსტება მოვითხოვე, რადგან კანონში ასეთი ჩანაწერის არსებობა ჩემთვის მიუღებელია. თუკი ის არ შეიცვლება, კომიტეტი მხარს არ დაუჭერს. გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია დამქირავებელი და დამქირავებელთა გაერთიანება და არ არის გაქირავებულთა გაერთიანება ანუ ვექტორი დამქირავებლისკენ იხრება. ასევე არ მომწონს მუდმივი კონტრაქტის ფორმა და ვფიქრობ, რომ ეს საკითხი გარკვეულ კორექტირებას მოითხოვს. არ შეიძლება მხოლოდ დაქირავებულისკენ გადავიხაროთ, უნდა ავიღოთ ოქროს შუალედი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტში ინიცირებულია და პირველი მოსმენით მიღებულია "შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების კიდევ ერთი პროექტი, რომელიც მთავრობის პროექტამდე თავად ჯანდაცვის კომიტეტმა მოამზადა და განსახილველად პარლამენტს წარუდგინა. როგორც ხუნდაძე ამასთან დაკავშირებით განმარტავს, მაშინ იჩქარეს, რადგან მიმდინარეობდა ექიმების მასობრივი გათავისუფლების პროცესი და საჭირო იყო უპირობო გათავისუფლებების შეჩერება.

"ჯერ კანონპროექტი უკან გაწვეული არ არის. რა თქმა უნდა, მას უკან გავიტანთ, თუკი მთავარობის პროექტი პარლამენტის მხარდაჭერას დაიმსახურებს", - აღნიშნა ხუნდაძემ.