მიხეილ სააკაშვილი - ქართული ენის დასაცავად ბრძოლა არასდროს უნდა შეჩერდეს

მიხეილ სააკაშვილი - ქართული ენის დასაცავად ბრძოლა არასდროს უნდა შეჩერდეს

ქართული ენის დასაცავად ბრძოლა არასდროს უნდა შეჩერდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი დედაენის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს. მიხეილ სააკაშვილი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს იხსენებს და მადლობას უხდის იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროგრამაში - "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის".
"1978 წლის 14 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან ამ დღეს ქართველი ხალხი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. ჩვენმა ერმა ერთობით შეძლო კომუნისტური რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა და ერთიანი ძალებით შევინარჩუნეთ ქართული ენა.

ამ მოვლენების შემდეგ რამდენიმე ათეული წელი გავიდა და მიმაჩნია, რომ ქართული ენის დასაცავად ბრძოლა არასდროს არ უნდა შეჩერდეს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ახალგაზრდას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პროგრამაში "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის". მათ ყველაფერი მიატოვეს და იმ ადამიანების დასახმარებლად გადადეს თავი, რომელთათვისაც ქართული ენის შესწავლა მომავალი კეთილდღეობის საწინდარი იყო. ამ ახალგაზრდებმა საკუთარ ინტერესებზე მაღლა სამშობლოს ინტერესები დააყენეს და ეთნიკურად არაქართულ რეგიონებში წავიდნენ ამ მისიის შესასრულებლად. მეამაყება, რომ ამ პროგრამის ინიციატორი ვიყავი და ჩემს გუნდთან ერთად მისი განხორციელება შევძელი. ასევე მინდა დედაენის დღე ამ ადამიანების მოსწაველეებს მივულოცო", - აცხადებს პრეზიდენტი.

ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება რეგიონული ან ეთნიკური უმცირესობის ენების შესახებ ქარტიის რატიფიცირების ფორსირებას.
"ეს ყოვლად დაუშვებელია, რადგან საქართველო ერთნაირად ეკუთვნის ყველას და ის, ვისაც სურს ჩვენი ქვეყანა ეთნიკურად ქართველებად და არაქართველებად დაყოს, პირდაპირ ემსახურება საქართველოს მტერს. ქართული ენა დღეს უკვე არის ქართული სახელმწიფოებრიობის დამკვიდრების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი - იმის დამკვიდრების, რომ ყველანი თანასწორი ვართ და ცხოვრებაში თანაბარი შესაძლებლობები გვაქვს", - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.