გიგი უგულავა აგვისტოს ომის გამოძიების გადაწყვეტილებას ბრიყვულს უწოდებს

გიგი უგულავა აგვისტოს ომის გამოძიების გადაწყვეტილებას ბრიყვულს უწოდებს

თბილისის მერი გიგი უგულავა აგვისტოს ომის გამოძიების თაობაზე გადაწყვეტილებას ბრიყვულს უწოდებს. როგორც უგულავამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ამ გამოძიების ჩატარება საქართველოს რეპუტაციას ავნებს. "ჯერ არ მიუღია, მაგრამ როგორც ჩანს აპირებს საქართველოს მთავრობა და ეს იქნება ყველაზე ბრიყვული გადაწყვეტილება. არავითარ საერთაშორისო ვალდებულებას ეს არ წარმოადგენს. საერთაშორისო საზოგადოებამ ობიექტური გამოძიების შედეგები უკვე თავის დროზე დადო, ვგულისხმობ ტალიავინის კომისიის დასკვნას. არავის არ სჯერა, რომ კბილაშვილს, რომელიც ომის დროს თავის "მასკოვსკაია კვარტირაში" იჯდა, შეუძლია რაიმე ობიექტური გამოძიების ჩატარება. არავის არ სჯერა, რომ ლაშა ნაცვლიშვილს, რომელიც თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში პირდაპირ რუსეთის მეკავშირე იყო, რაიმე ობიექტური გამოძიების ჩატარება შეუძლია. ივანიშვილი ურეკში, გასაქცევად გამზადებული იყო და სარფში კორიდორს ითხოვდა სწრაფად გასვლისთვის. არავის არ სჯერა, რომ ამ ხალხს რაიმე ობიექტური გამოძიების უნარი აქვს. ასე რომ, სჯობს ეკონომიკურ პრობლემებს მივხედოთ, რომლებიც ქვეყანაში სამწუხაროდ ობიექტურად დაგროვდა. ვერანაირი ინსინუაციებით, გამოძიების და საერთაშორისო სასამართლოს მოშველიებით ამ პრობლემებს ვერ გადაფარავ. ეს საქართველოს რეპუტაციას ავნებს", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, ამ გამოძიების ჩატარება ნიშნავს, რომ საქართველოს აღარ ეყოლება ქმედითი ჯარი. "ეს ნიშნავს იმას, რომ აღარასდროს ჩვენ არ გვეყოლება ქმედითი ჯარი, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვეღარასდროს შევძლებთ იმას, რომ მტერს გავუმკლავდეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საერთოდ ქვეყანა არ გვექნება და ვერავინ ქვეყანას ვეღარ უხელმძღვანელებს, ვერც ერთი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მათ შორის, თუ საჭირო გახდება საომარ მოქმედებებში. ამიტომ ეს ხალხი უნდა დაფიქრდეს, რას აკეთებს. ეს არ არის ჩვეულებრივი გამოძიება, რაღაცეებს, რომ ატარებენ, თუნდაც ჩემს წინააღმდეგ და ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ... ასევე მინდა კონკრეტული გამომძიებლების მისამართით ვთქვა, რომლებიც თუ დაიწყო, მონაწილეობას მიიღებენ ამ გამოძიებაში, რომ ეს არ არის "რა ვქნა, დამავალეს". ამ შემთხვევაში ნებისმიერი გამომძიებელი მიიღებს ღალატში მონაწილეობას და, შესაბამისად, დაისჯება, როდესაც ამის დრო დადგება", - აღნიშნა მერმა.