თომას ჰამარბერგი – საერთაშორისო სასამართლოებში გამოძიება მიდის ომის დროს ადამიანის უფლებებზე და არა იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი

თომას ჰამარბერგი – საერთაშორისო სასამართლოებში გამოძიება მიდის ომის დროს ადამიანის უფლებებზე და არა იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ შეცდომები ორივე მხარემ დაუშვა და კარგია, თუკი ამის შესწავლა მოხდება , - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, თომას ჰამერბერგმა სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"როგორც ჰააგის, ასევე სტრასბურგის სასამართლოებში შესულია არაერთი სარჩელი, რომელიც ეხება ომის დროს ადამიანის უფლებების დარღვევებს, ტყვეების უფლებების დარღვევას და სხვა სამხედრო დანაშაულებს. ამ საჩივრების საფუძველზე ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებმა გამოძიების პროცესი დაიწყო და ეს ეხება მხოლოდ ადამიანის უფლებებსა და ომის დანაშაულებს. აქ არ არის შესწავლის საგანი ის, თუ ვინ დაიწყო ომი და შესაძლებელი იყო თუ არა ამ ომის თავიდან აცილება", - აღნიშნა ჰამერბერგმა.

მისივე თქმით, ამ თემის გარშემო მედიაში ერთგვარი გაუგებრობაა შექმნილი. აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ჰამარბერგმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ეგიდით შექმნილ კომისიასა და ტალიავინის ხელმძღვანელობით დადებულ დოკუმენტზე.

"ჩემი რჩევა იქნება, რომ დავუბრუნდეთ ტალიავინის ანგარიშს და წაიკითხეთ ის სრულად. ამ ანგარიშში არის ასახული, თუ რა გაკეთდა ან არ გაკეთდა იმისთვის, რომ 2008 წლის ომი თავიდან ყოფილიყო აცილებული", - აღნიშნა თომას ჰამარბერგმა. მისივე ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა აპირებს პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომელიც გააჩნია ჰააგის სასამართლოს. ჰამარბერგის განცხადებით, მისი მონაცემებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესი მიდის თავდაცვის სამინისტროშიც.