იშხანში ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი 17 აპრილს ჩავა

იშხანში ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი 17 აპრილს ჩავა

იშხანში ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი 17 აპრილს ჩავა და სამუშაო პროცესში ექსპერტების სახით ჩაერთვება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კულტურის მინისტრის მოადგილე მარინა მიზანდარმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, იშხანში ქართველ ექსტერთა პირველი 10-კაციანი ჯგუფი ჩავა.

კულტურის მინისტრის მოადგილე ანკარაში მოლაპარაკებების შედეგებით კმაყოფილია.

"მთელ სარესტავრაციო პროცესში ჩართული იქნებიან ქართველი სპეციალისტები. ისინი შეისწავლიან არსებულ ვითარებას, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, რომელსაც თურქეთის მხარე გაითვალისწინებს. ეს სიტყვიერად 14 თებერვალს, ორი ქვეყნის პრემიერების შეხვედრისას ანკარაში იყო შეთანხმებული, მაგრამ შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა რაბათზე განსახორციელებელი ცვლილებების გამო ეს ხელშეკრულება გააჩერა. ამიტომ დავრჩით ყოველგვარი ლეგალური ფორმატის გარეშე. ამიტომაც სათუო იყო გუშინდელი შეთანხმება. თურქეთს რომ კეთილი ნება არ გამოეხატა, ჩვენ არანაირი იურიდიული საფუძველი, გარდა პრემიერების სიტყვიერი შეთანხმებისა არ გვქონდა", - აღნიშნა მარინა მიზანდარმა.

მისივე თქმით, ანკარაში გუშინ გამართული მოლაპარაკებების დროს ქართულმა მხარემ თურქულ მხარეს შესთავაზა, თუ ეს ცვლილებები დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, ქართული მხარე მას თავის თავზე აიღებდა. თუმცა თურქეთის მხარე თანახმაა, ყველა საჭირო ხარჯი თავად გაიღოს.