14 აპრილს საქართველოს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება

14 აპრილს საქართველოს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება

სამების ახალგაზრდულ ცენტრში 14 აპრილს საქართველოს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება, სახელწოდებით ,,სახელმწიფო ენა _ ქვეყნის ღირსების საზომი".

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამების ახალგაზრდული ცენტრიდან აცნობეს, კონფერენციის მიზანია ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაძლიერება და მასთან დაკავშირებით დღეს არსებული პრობლემატიკის წარმოჩენა.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.

კონფერენციაზე წაკითხულ მოხსენებებში განხილული იქნება ქართული და აფხაზური ენების პრობლემები; კერძოდ, ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა; ქართული ენის ტექნოლოგიებისთვის საჭირო გადაუდებელი ამოცანები; აფხაზური ენა, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ენა და საქართველოს მოვალეობები; ნორმირებული მეტყველება და თანამედროვე მასმედიის ენა; მშობლიური ენის მასწავლებელთა მომზადებისა და გადამზადების საკითხები; თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები - პრობლემები და მათი გადაჭრის გზები; სახელმწიფო ენის დაცვა - ევროპული გამოცდილება; ევროპული ქარტია რეგიონული და უმცირესობის ენის შესახებ და საქართველო და სხვ საკითხები.

მოხსენებებს წაიკითხავენ მეცნიერები: თეიმურაზ გვანცელაძე, ტარიელ ფუტკარაძე, შუქია აფრიდონიძე, მერაბ გვაზავა, ალექსი ჟორდანია, მანანა ტაბიძე.