წალკის სოფლებში ჩასახლებულ ეკომიგრანტებს საცხოვრებელი სახლებიდან ასახლებენ

წალკის სოფლებში ჩასახლებულ ეკომიგრანტებს საცხოვრებელი სახლებიდან ასახლებენ

წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩასახლებულ ეკომიგრანტებს საცხოვრებელი სახლებიდან ასახლებენ. დღეს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოში მცხოვრები ეკომიგრანტები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარება მოითხოვეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლებამ ოჯახებით ისინი აჭარიდან 1998 წლიდან ჩამოასახლა და საცხოვრებელი სახლების შესყიდვას დაპირდა, თუმცა დაპირება არ შეასრულა. მათივე თქმით, სოფელ ავრანლოში დღემდე მხოლოდ ოცდათხუთმეტი სახლის შესყიდვა მოხდა. საბერძნეთიდან დაბრუნებული ემიგრანტები კი წალკაში ბრუნდებიან და ეკომიგრანტებს საცხოვრებელ სახლებს აცლევინებენ.

სამოცამდე ოჯახი ამ დროისთვის უკვე გამოსახლებულია, ათს კი სახლიდან გამოსვლის ვადა აპრილის ბოლომდე მისცეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან გამოსახლების საფრთხე 2400-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს ემუქრება, ვინაიდან, მათ სახლები საკუთრებაში გადაცემული არ ჰქონდათ და დროებით ჰქონდათ დაკავებული.