დიმიტრი შაშკინი სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგებას გამომცემლების

დიმიტრი შაშკინი სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგებას გამომცემლების "გაკულაკებად" აფასებს

განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების პროგრამას გამომცემლების "გაკულაკებად" აფასებს.

როგორც შაშკინმა "ბიზნესკურიერთან" საუბარში განაცხადა, პროგრამამ შესაძლოა სახელმძღვანელოების ბაზარი "გააქროს", ბიუჯეტმა კი აღნიშნული ბაზრიდან 15 მილიონიანი გადასახადი დაკარგოს.
"თუ გახსოვთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის საარჩევნო პროგრამა იყო 1000 ლარიანი ვაუჩერი, რომლითაც ყველა მშობელს შეეძლო სახელმძღვანელოს შეძენა ბავშვებისთვის.

გარდა ამისა, ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, რომლითაც სახელმძღვანელოებს ვყიდულობდით სოციალურად დაუცველებისთვის, მრავალშვილიანებისთვის და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის. არავინ დაობს, რომ კარგია, თუკი ბავშვი სახელმძღვანელოს უფასოდ მიიღებს, მაგრამ აქ საუბარია ბაზარზე _ წიგნების ბაზარი დაახლოებით 60 მილიონიანია და ამ პროექტით დიდი საშიშროებაა, რომ ეს ბაზარი გაქრეს. გაქრება ის 15 მილიონიანი გადასახადიც, რომელიც ბიუჯეტში ამ ბაზრიდან შედიოდა. დიდი ალბათობით ბევრი საგამომცემლო სახლი გაკოტრდება. ასე რომ, ჩვენ შეიძლება პურიც დავარიგოთ უფასოდ თუ ამას გავაკეთებთ გაკულაკებით _ წავართვათ ფქვილი შემომტანს, გავაკეთოთ საცხობი, ჩვენ გამოვაცხოთ და ხალხს ასე მივცეთ. ჩემი მინისტრობის დროსაც შეიძლებოდა სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგება, თუმცა მხოლოდ გაკულაკებითა და ექსპროპრიაციით", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

მისივე განმარტებით, ბავშვების განათლება მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელოებზე არ არის დამოკიდებული.

"მე არ ვარ გამომცემლების დამცველი, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ბავშვის განათლება არ არის დამოკიდებული მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელოებზე. თუ ქვეყანაში მოკვდა წიგნების ბიზნესი და არ დაიბეჭდა მხატვრული ლიტერატურა, ბავშვები სათანადო განათლების მიღებას ვერ შეძლებენ", - აღნიშნა განათლების ყოფილმა მინისტრმა.