ზურაბ აბაშიძე - რუსეთის მიმართულებით ზედმეტმა გარჯამ შეიძლება, დაწყებული რთული დიალოგი მნიშვნელოვნად დააზიანოს

ზურაბ აბაშიძე - რუსეთის მიმართულებით ზედმეტმა გარჯამ შეიძლება, დაწყებული რთული დიალოგი მნიშვნელოვნად დააზიანოს

რუსეთის მიმართულებით ზედმეტმა გარჯამ შეიძლება, მნიშვნელოვნად დააზიანოს რუსეთთან დაწყებული რთული დიალოგი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

"საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით გადადგმულმა პირველმა ნაბიჯებმა ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენში ზედმეტი ილუზიები და ემოციურობა გამოიწვია. მედიიდან ვიღებ ინფორმაციას იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც რუსეთში კერძო პირებისა და დამოუკიდებელი ჯგუფების მიერ იგეგმება და ტარდება. ჩვენ ვერავის ვერ ავუკრძალავთ კერძო ინიციატივით რუსეთში წასვლას, ამა თუ იმ კონცერტის, თუ ბიზნესფორუმის მოწყობას. ამასთანავე, ამ მიმართულებით ჰიპერაქტიურმა და ზედმეტმა გარჯამ შეიძლება, მნიშვნელოვნად დააზიანოს რუსეთთან დაწყებული რთული დიალოგი",-აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, ჩვენ ჯერ მხოლოდ ჩიხიდან გამოსვლას ვცდილობთ, ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით სენსიტიურ თემებთან დაკავშირებით.

"ზომიერებას, გონიერებას კანონითა და დეკრეტით ვერ დაამკვიდრებ, ეს ყოველმა ჩვენგანმა შინაგანად, მოქალაქეობრივი მიდგომითა და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით უნდა გამოიმუშაო",-მიიჩნევს ზურაბ აბაშიძე.