ზურაბ აბაშიძე - აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ

ზურაბ აბაშიძე - აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ

აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

"მე არ მესმის მათი, ვინც ამტკიცებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ხელისუფლების ქმედების ადეკვატურობის გამოკვლევა ან გამოძიება საქართველოს ზიანს მოუტანს. საუბარი არ არის აგვისტოს ომში მტყუან-მართლის დადგენაზე. ეს უკვე კვალიფიციურად გააკეთა ევროკავშირის მიერ შექმნილმა ე.წ. ტალიავინის კომისიამ, რომლის დასკვნა 2009 წელს გამოქვეყნდა",-აღნიშნა აბაშიძემ.

საქრთველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის განმარტებით, ამ შემთხვევაში საუბარია იმის გარკვევაზე, თუ რა შეგვეშალა ჩვენ, რათა გავაანალიზოთ ეს პროცესები და არასდროს არ გავიმეოროთ ისინი.

"რატომ უნდა დავადოთ ტაბუ იმ თემას, რომელიც ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულ პერიოდთან არის დაკავშირებული? ან რამდენი მოიძებნება საქართველოში, ვინც იტყვის, რომ ჩვენი ხელისუფლების მოქმედება იმ პერიოდში იდეალური იყო. საუბარია საკუთარი შეცდომების გაანალიზებაზე, რაც ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების მოთხოვნა უნდა იყოს. რაც შეეხება რუსეთის აგრესიას, იგი უკვე შესაბამისად შეაფასა საერთაშორისო თანამეგობრობამ",-აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.