მიხეილ სააკაშვილი - ჩვენი ხალხი ახლა კომუნიზმის საფრთხის წინაშე დგას

მიხეილ სააკაშვილი - ჩვენი ხალხი ახლა კომუნიზმის საფრთხის წინაშე დგას

ჩვენი ხალხი ახლა კომუნიზმის საფრთხის წინაშე დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონელ სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ახალი მთავრობა წინა ხელისუფლების მიერ აშენებულის "დანგრევის პროგრამით" მოვიდა, რასაც ის ხელს უშლის.

"ქვეყანამ, რომელიც ახლა აღტაცებას იწვევს თავისი დემოკრატიულობის გამო, ბევრი სირთულე განვლო. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩემს ქვეყანაში ყველაფერი შეიცვალა – შეიცვალა თაობა, შენობები, რომლებიც საუკეთესო არქიტექტურული ნიმუშებია. თუმცა ამის გამო ბევრი გვაკრიტიკებს და ვერ გვიტანს, მაგრამ არაუშავს. საოცარია, მაგრამ ახალი მთავრობა ამ ნაგებობების დანგრევის პროგრამით მოვიდა. ნელ-ნელა დაიწყეს კიდეც ამის კეთება, თუმცა მე შევაჩერე.

ჩვენი ხალხი ახლა კომუნიზმის საშიშროების წინაშე დგას. ჩვენ გვყავდა კანდიდატი, რომელმაც ხალხს უთხრა – თქვენ შეგიძლიათ ისხდეთ სახლში და არ იმუშაოთ, რა საჭიროა მუშაობა?! – ჩვენ შეგინახავთო. ჩვენ კი პირიქით, ხალხს ვეუბნებოდით, რომ მეტი და მეტი უნდა ვიმუშავოთ, უნდა განვვითარდეთ. სწორედ ამიტომ არ მოვწონდით მათ. სხვათა შორის, ბერლუსკონიმ იგივე გააკეთა იტალიაში, მაგრამ ახლა მე ჩემს ქვეყანას იტალიას არ ვადარებ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი პოლონელ სტუდენტებთან შეხვედრაზე აგვისტოს ომის საკითხის ხელახალი გამოძიების თაობაზე საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების სანაცვლოდ ხდება.

"ორი დღის წინ, მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჩვენს ხელისუფლებას უთხრა, გამოიძიეთ ვინ წამოიწყო ომი, რომლის დაწყებაშიც პასუხისმგებელი თქვენი ლიდერაო და სანაცვლოდ ტერიტორიებს კი არ დაგიბრუნებთ უკან, ვაჭრობას აღვადგენთ – თქვენს ღვინოს რუსეთში გავყიდით და წითელი არმიის სასიმღერო გუნდს გამოგიგზავნითო. პრობლემა ჩვენს შორის მხოლოდ ის არ არის, რომ პუტინს ჩემი ფიზიკური პარამეტრები არ მოსწონს, აქ უფრო ფუნდამენტური პრობლემაა, რომელსაც ერთმანეთის თვალებში ყურებით ვერ მოვაგვარებთ. მხოლოდ დემოკრატიის გზით გადავჭრით ჩვენს პრობლემებს, რადგან დემოკრატია გვაყალიბებს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.