მიხეილ სააკაშვილი - პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოიტანა განაჩენი, რომ ომი ჩემმა მთავრობამ წამოიწყო

მიხეილ სააკაშვილი - პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოიტანა განაჩენი, რომ ომი ჩემმა მთავრობამ წამოიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოიტანა განაჩენი, რომ ომი ჩემმა მთავრობამ წამოიწყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტის დროს , ევროპის კოლეჯის სტუდენტებთან შეხვდრისას ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ორი დღის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებას დაიწყებს, თუმცა მან უკვე გამოიტანა განაჩენი, რომ ომი ჩემმა მთავრობამ წამოიწყო.

სტუდენტებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების საკითხს შეეხო.

"წარმოიდგინეთ, 1939 წელს სექტემბერში გერმანიის ინტერვენციის შემდეგ, ვინმე რიგითმა პოლონელმა პოლიტიკოსმა კი არა, პოლონეთის ხელისუფლების თავკაცმა განაცხადოს, რომ ჩვენ ვიყავით დამნაშავე საბჭოთა კავშირის შემოჭრაში, ჩვენ მოვახდინეთ მათი პროვოცირებაო. ასეთი განცხადება, რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელია, თუმცა არა ჩემთვის, რადგან ეს ჩემს ქვეყანაში ხდება.

პირადად მეც უნდა დამკითხონ, თუმცა ახლა საკითხი მე არ მეხება. როცა ასეთი განცხადება კეთდება, ეს არ შეიცავს დემოკრატიული კოჰაბიტაციის ნიშნებს. თუმცა, ამაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ როცა ქვეყნის ლიდერი, რომლის ტერიტორიებიც დაპყრობილია, იმავეს აცხადებს, რასაც - დამპყრობელი, იმეორებს ოკუპანტის პროპაგანდას და აცხადებს, რომ ის, ვინც წინააღმდეგობა გაუწია დამპყრობელს, დამნაშავეა და საბოლოოდ უნდა გასამართლდეს. ალბათ ხვდებით, რომ საბჭოეთის გადმონაშთია", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.