აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ "მაგნიტსკის სია" გამოაქვეყნა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ საკუთარ ვებგვერდზე "მაგნიტსკის სია" გამოაქვეყნა. ამის შესახებ "ვაშინგტონ პოსტი" იუწყება. სიაში მოხვედრილი 18 მაღალჩინოსნიდან, 16 უშუალოდ არის დაკავშირებული რუსი იურისტის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილსა და რუსეთში ადამიანთა უფლებების დარღვევასთან.

ე.წ. მაგნიტსკის სიაში 18 პირს შორის არიან ის გამომძიებლები, რომლებიც სერგეი მაგნიტსკის საქმეს აწარმოებდნენ. გარდა გამომძიებლებისა, სიაში მოხვდნენ საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლები, მოსამართლეები, პროკურატურის თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, "ბუტირკისა" და "მატროსკაია ტიშინას" იზოლატორის ყოფილი დირექტორები.
სიაში აღმოჩნდნენ მოსკოვის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ბოგატიროვი, რომელსაც ბრალი ედება ავსტრიაში რამზან კადიროვის ყოფილი დაცვის წევრის მკვლელობაში და კაზბეკ დუკუზოვი, რომელსაც ბრალი ედება 2004 წელს მოსკოვში, ამერიკელი ჟურნალისტის, პოლ ხლებნიკოვის მკვლელობაში.

გავრცელებული ინფორმაციით, სიაში არ მოხვდნენ მაღალანაზღაურებადი რუსი ჩინოვნიკები.

ე.წ. "მაგნიტსკის სიის" პირველი ვერსია 2010 წელს გამოქვეყნდა და მასში 60 ადამიანი მოხვდა. სიის საბოლოო ვერსიაში მოხვედრილ ჩინოვნიკებს აშშ-მა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლაზე სანქციები დაუწესა.

ბრიტანული "ერმიტაჟ კაპიტალის" იურისტი 37 წლის სერგეი მაგნიტსკი, რომელმაც რუსეთის ბიუჯეტიდან 230 მილიონი დოლარის მოპარვის სქემა გახსნა, რუსეთის ციხეში 2009 წელს წამებით გარდაიცვალა.