კახა ლომაია აგვისტოს ომის გამოძიებაზე ხელისუფლების ინიციატივას

კახა ლომაია აგვისტოს ომის გამოძიებაზე ხელისუფლების ინიციატივას "ანტისახელმწიფოებრივად" აფასებს

გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი და უშიშროების ყოფილი მდივანი კახა ლომაია 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების თაობაზე ხელისუფლების ინიციატივას და მისი გაჟღერების ფორმას "ანტისახელმწიფოებრივად" აფასებს . ლომაია ამაში ეგზისტენციურ საფრთხეს ხედავს და ამბობს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება.

"მე, როგორც გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საკმარისია, საქართველოს რომელიმე ოფიციალურმა უწყებამ შექმნას დასკვნა, რომელიც იმთავითვე სიცრუეზე იქნება აგებული და ოდნავ მაინც განსხვავებული იქნება არსებული სურათისგან, რომელიც ოდნავ მაინც ჩრდილს მიაყენებს საქართველოს, ჩვენი დეზინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახდება", - განაცხადა ლომაიამ გადაცემა "პოზიციაში".

გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი დარწმუნებულია, რომ "ხელისუფლება უშვებს შეცდომას, რომლის ფასიც საქართველოსთვის, ყველა წინა შეცდომისგან განსხვავებით, განუზომლად დიდი იქნება".

მისივე თქმით, უახლოეს ისტორიაში ნაკლებად მოიძებნება ისე დეტალურად გამოკვლეული შეიარაღებული კონფლიქტი, როგორიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომია. ამ კონტექსტში მან ყურაღდება გაამახვილა ევროკავშირის ეგიდით შექმნილ და პაიდი ტალიანივის ხელმძღვანელობით მოქმედ კომისიაზე და მის დასკვნაზე, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასა და მის მიერ დადებულ დოკუმენტზე. კახა ლომაიას განცხადებით, პროკურატურის მხრიდან შესწავლილია სამხედრო დანაშაულის ფაქტები და არსებობს ათეულობით ტომი. მან ასევე გაიხსენა აგვისტოს ომის თემაზე შექმნილი წიგნები "მცირე ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო" და "აგვისტოს თოფები". ამასთან, ლომაიას ინფორმაციით, არსებობს ომის სამხედრო ანალიზიც, რომელიც ქართველი და დასავლელი სპეციალისტების მონაწილებით გაკეთდა, არის კონფიდენციალური და მასზე ხელი მიუწვდება თავდაცვის მინისტრს და ყველა იმ პირს, ვისაც კანონი ამის ნებას აძლევს.

"ამ პირობებში საუბარი იმაზე, რომ ხელახლა უნდა გაიხსნას საქმე და დაიკითხონ პირები, თან როცა წინასწარ ცნობილია ბრალდებულები და ბრალი, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს", - განაცხადა კახა ლომაიამ.