რუსეთს ოკუპაციის შენარჩუნების არანაირი შანსი არ აქვს, თუ ამას ქართველების ხელით არ გააკეთებს, - ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ვარშავაში, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების თემაზე პოზიციის კიდევ ერთხელ დაფიქსირებისას განაცხადა.
"სწორედ აქ მარხია ძაღლის თავი. მთელი ეს წლებია, რუსები ამ ომზე გამოძიების დაწყებას და საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობის - ჩემი და სხვების პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ნახევარი მილიონი ჩვენი თანამოქალაქე საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდება. მინდა ვიკითხო, როცა მთელმა მსოფლიომ ყველაფერი დაადგინა, დეკლარაციები და რეზოლუციები მიიღო, როცა აღიარებების პროცესი რუსეთს ბოლომდე გავუჭედეთ, რა ფუნქციას ემსახურება გამოძიების დაწყება, რასაც მხოლოდ ერთი სუბიექტი - რუსეთის ფედერაცია ითხოვდა. ამის შედეგი იქნება მხოლოდ ერთი - რუსეთის საქმე გაკეთდება. ის, რაც მათ 2008 წელს საკუთარი ხელით ვერ გააკეთეს, უნდათ ქართველების ხელით გააკეთონ. ვისაც საქართველო უყვარს, ამას სათოფეზე არ გაეკარება და ვინც ამას გააკეთებს, მომავალში პასუხს აგებს", - განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველო გადარჩება, გაძლიერდება, შეძლებს საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციას, საბოლოოდ გათავისუფლდება და ყველას თავის ადგილს მიუჩენს.
"საქართველოს ვერავინ ჩამოწერს და გაწევს მსოფლიო რუქიდან. ჩვენ ბოლო წლებში იმდენი ვიმუშავეთ, რომ მსოფლიო რუქაზე დავმკვიდრდით. მთავრობები მიდიან და მოდიან, შეუძლიათ ბევრი რამ დააშაონ, მაგრამ ხელები შორს მთავარი საკითხებიდან - თავისუფლება, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ამ თემაზე ჩვენი ბრძოლა სრულიად შეურიგებელი და უკომპრომისო იქნება. ჩემი სოცოცხლე საქართველოს ეკუთვნის და ნამდვილად არ ვაპირებ, პუტინმა გამარჯვება მოიპოვოს საქართველოში, რომელიც შეჩერდა, მათ შორის 2008 წელს დაღუპული ბიჭების სისხლის ფასად", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.