მარია გრაჩიკი და პოლ ფლუკიგერი, "EurActiv"
საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის ერთგული რჩება, განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა EurActiv-ის პოლონეთის ბიუროსთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. საქართველოს ლიდერმა მოსკოვისადმი შემრიგებლური ტონით განაცხადა, რომ უფრო ახლო კავშირები მის ქვეყანასა და ევროკავშირს შორის ხელს შეუწყობს ასევე რუსეთის და ბლოკის 27 წევრი ქვეყნის დაახლოებას.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტია 2004 წლიდან. მისი პრეზიდენტობა რუსეთთან ურთიერთობების მკვეთრი დაძაბვით ხასიათდებოდა, მათ შორის, ამ ორ ქვეყანას შორის სამხრეთ ოსეთის გამოყოფილი რეგიონის გამო 2008 წლის აგვისტოში ხანმოკლე ომი გაჩაღდა.
როგორ გამოიყურება საქართველოს გზა ევროკავშირისკენ?
საქართველოც და მოლდოვაც ფაქტობრივად ყველამ აღიარა წამყვან რეფორმატორ ქვეყნებად. რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო წლებში ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმები უცხოეთში წარმატებადაა აღქმული.
მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და მუდმივი გარე საფრთხის პირობებში ვცხოვრობთ, ჩვენი ეკონომიკა წლების განმავლობაში იზრდება. წელს 7%-იან ზრდას ველოდებით. ეს შესაძლებელია, რადგან საქართველოში, მსოფლიო ბანკის თანახმად, ბიზნესის დასაწყებად საუკეთესო პირობებია სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში.
თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ დავადექით ჩვენს გზას ევროკავშირისკენ. რეფორმების განხორციელებით, ჩვენ გვინდა საქართველო წევრობისთვის უკეთესი კანდიდატი გახდეს. ჩვენ ჯერ არ გვაქვს ეს სტატუსი, მაგრამ, ეს აშკარად შესაძლებელია მომავალში. ეს სერიოზული წინსვლაა.
მოლდოვას მსგავსად, საქართველომ ჯერ ტერიტორიული პრობლემები არ უნდა მოაგვაროს?
ეს სამსაფეხურიანი პროცესია. პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ევროკავშირთან მეტი დაახლოვება. მეორეც, ჩვენ უფრო მიმზიდველნი უნდა გავხდეთ ოკუპირებული ტერიტორიებისთვის. მესამეც, რუსეთი უფრო ზომიერი უნდა გახდეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამაზე არაფერი მიუთითებს.
საუბარია გრძელვადიან პროცესზე. მაგრამ, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომ არასდროს არ უნდა გადაუხვიოს ევროპული ინტეგრაციის გზიდან. რაც უფრო დაუახლოვდება საქართველო ევროკავშირის ინსტიტუტებში ინტეგრაციას, მით უფრო გადახედავს რუსეთი მის პოლიტიკას საქართველოს მიმართ. და ბოლოს, რუსეთს ასევე უნდა, რომ ევროპას ეუთვნოდეს, თუნდაც განსხვავებულად ან განსხვავებულ ინსტიტუციონალურ დონეებზე. ერთ მშვენიერ დღეს, რუსეთი ევროპის გზას დაადგება.
რა უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში: გადავწყვიტოთ ტერიტორიული პრობლემები თუ შევუერთდეთ ევროკავშირს? ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა და ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპაში, ის ქვეყნები რომელთა ტერიტორიული საკითხები ღიად რჩება, ხდებიან ამ კავშირის წევრები. იმავდროულად, ჩვენ არ გვინდა ევროკავშირში ჩვენი შიდა პრობლემების ექსპორტი.
კვიპროსს გულისხმობთ?
არა მხოლოდ. გერმანია გაყოფილი ქვეყნის კარგი მაგალითია, რომელმაც შეძლო ევროკავშირის სტრუქტურებთან მიერთება. თუმცა, მე კვლავ იმის ხაზგასმა მსურს, რომ ჩვენ ჩვენი პრობლემების ექსპორტირება არ გვინდა. მაგრამ თუკი საქართველო ინტერგაციის გზას გაჰყვება, რუსეთისთვისაც ამის გაკეთება უფრო იოლი გახდება.
როგორ ერევა რუსეთი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროპულ ამბიციებში?
ვლადიმერ პუტინმა ღიად განაცხადა, რომ მას საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს. ის არა მხოლოდ საუბრობს, არამედ ამ მხრივ ნაბიჯებსაც დგამს. მან საქართველოს ნაწილი წაიღო. მან ასევე განაცხადა, სამხრეთ ოსეთის და ბელორუსის შერწყმის შესაძლებლობაზე. ის ამ ყველაფერზე აბსოლუტურად ღიად საუბრობს. იგი ამბობს იმას, რასაც ფიქრობს.
ეს რთული სიტუაციაა. რუსეთი ზეწოლას ახორციელებს უკრაინაზე და ჩვენზეც. მოლდოვაზე ზეწოლა მხოლოდ ოდნავ შესუსტდა. მიუხედავად ამისა, ეს პოლიტიკა მუდმივად ვერ გაგრძელდება. ეს არის ის, რისი იმედიც მე მაქვს. რუსეთს არ აქვს არც საკმარისი რესურსები და არც ინტელექტუალთა ფართო ფენა იმისთვის, რომ ეს პოლიტიკა განაგრძოს.
როგორც ჩანს, ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმ მომენტისთვის, როდესაც რუსი ხალხი გააცნობიერებს იმას, რომ ამ პოლიტიკის გამოყენება აღარ შეიძლება. როდესაც ეს მოხდება, ან როდესაც რუსეთის ხელმძღვანელობა შეიცვლება, ჩვენ ჩვენი ძალისხმევა უნდა გავაქტიუროთ. მაგრამ, მე ვშიშობ, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, ვიდრე გაუმჯობესდება. ერთი მხრივ ჩვენ ვემზადებით უარესი სცენარისთვის, მაგრამ მეორე მხრივ ცვლილებებს და რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვას ვიმედოვნებთ.
ემუქრება თუ არა საქართველოს გაზის გადაკეტვა?
რაც შეეხება ენერგეტიკას, ჩვენ მთლიანად დამოუკიდებლები ვართ. შესაბამისად, ჩვენთან ამ მხრივ საუკეთესო სიტუაციაა სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით. ჩვენ ვაწარმოებთ საკუთარ ელექტროენერგიას და მის ექსპორტსაც კი ვეწევით რუსეთში. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ჩვენ მივიღეთ სატრანზიტო შეღავათები რუსეთიდან იმპორტირებულ მცირე რაოდენობის გაზზე, რადგან მისი ტრანსპორტირება ხდებოდა ჩვენი სამხრეთელი მეზობლის, სომხეთისკენ. ჩვენ გაზის და ნავთობის იმპორტს აზერბაიჯანისგან ვეწევით და საწიროების შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ მას თურქმენეთიდან.
ის, რასაც რუსეთმა ემბარგოს, შანტაჟისა და ზეწოლის გზით მიაღწია, არის ის, რომ საქართველო ის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის რუსეთზე დამოკიდებული. თუმცა, რთულ სიტუაციაში ვართ იმ მხრივ, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და ამ რეგიონებიდან გვყავს დევნილები.
მართალია, რომ 2013 წელს, თქვენი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, აპირებთ გახდეთ პრემიერ-მინისტრი?
ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს მისაღები პარლამენტის მხრიდან 2013 წლისთვის. ჩვენი ახალი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი მნიშვნელოვან ძალაუფლებას ინარჩუნებს და პრემიერ-მინისტრიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მთლიანად პარლამენტზეა დამოკიდებული. არცთუ საინტერესო პოზიციაა იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს პრეზიდენტია.
foreignpress.ge
659
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85