მიხეილ სააკაშვილი არაკონსტიტუციურ დაპირებებს იძლევა

მიხეილ სააკაშვილი არაკონსტიტუციურ დაპირებებს იძლევა

საგანგებოდ პრეზიდენტ სააკაშვილისთვის! – კონსტიტუცია არის ქვეყნის მთავარი კანონი და მისი დაცვა აუცილებელია(!) ყველასთვის და, მათ შორის, – პრეზიდენტისთვს. უფრო მეტიც, პირველ რიგში, პრეზიდენტია ვალდებული, რომ ქვეყნის კანონმდებლობას პატივი სცეს და დაიცვას.

კონსტიტუციაში კი, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ისიც სწერია, თუ როდის შეიძლება ქუთაისში პარლამენტის სხდომის გამართვა.  

კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მესამე თავი ეძღვნება საქართველოს პარლამენტის ფუნქციონირების წესებს, მის უფლებამოსილებებს და ვალდებულებებს. ამ თავში სწერია, რომ „საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი“ და იქვე მითითებულია, რომ „ამოქმედდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მომდევნო საერთო საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან“.

ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე არის თბილისი და სხდომის სხვაგან ჩატარება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ბოლო პერიოდში  კი სააკაშვილს ამოჩემებული აქვს, რომ 2012 წლის 26 მაისს პარლამენტის სხდომა მაინც და მაინც ქუთაისში უნდა ჩატარდეს.

ასეთი განცხადება პირველად მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს გააკეთა და მაშინვე ითქვა, რომ ამ პირობის შესასრულებლად კონსტიტუციის ან, შეცვლა იყო საჭირო, ან დარღვევა. მაგრამ მაშინ სააკაშვილის ამ ნათქვამის გამოსწორება საპარლამენტო უმრავლესობამ იმით სცადა, რომ, თითქოს, მან ქუთაისის პარლამენტის საზეიმო გახსნა იგულისხმა და არა სხდომის ჩატარება.

„რაც შეეხება 2012 წლის 26 მაისს, ამ დროისთვის პარლამენტის შენობა დასრულებული იქნება და მე ვფიქრობ, ამ მოწვევის პარლამენტმა ნამდვილად დაიმსახურა, რომ ახალი პარლამენტის პრეზენტაცია მოხდეს სწორედ ამ მოწვევის პარლამენტის პირობებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტი იქ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, ან სხდომას ჩაატარებს, ან კენჭისყრა გაიმართება. ეს იქნება პრეზენტაცია, გახსნის ცერემონია. ოფიციალურ  ფუნქციონირებას კი ახალი პარლამენტი 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაიწყებს“, - განაცხადა მაშინ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა.

ამ განმარტების მიუხედავად, პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა, რომ ქუთაისის პარლამენტში პირველის სხდომა სწორედ 2012 წლის 26 მაისს გაიმართება და არა კონსტიტუციით განსაზღვრულ დროს. რაც მთავარია, თავისი უმრავლესობის გასაგებად ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარია სხდომის ჩატარებაზე და არა ლენტის გაჭრაზე. ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

„ჩვენ ყველა ერთად შევთანხმდით, რომ პარლამენტის პირველი სხდომა 26 მაისს ჩატარდება ქუთაისში. არა მარტო ერთი სხდომა, არამედ, პარლამენტი მზად იქნება, რომ ატაროს სხდომები ქუთაისში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ფაქტია, რომ სააკაშვილი ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს, მისმა უმრავლესობამ რა ინტერპრეტირებაც უნდა მოახდინოს.

სწორედ ამიტომ, ორგანიზაცია „კანონი ხალხისთვის“ ხელმძღვანელი, კონსტიტუციონალისტი, ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტის ამ განცხადებას გაუგებარს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს კონსტიტუციის დარღვევის გარეშე ვერ მოხერხდება.

„პარლამენტის სხდომის გამართვის ადგილი არის კანონით გაწერილი და ეს არის ქვეყნის ძირითადი კანონი - კონსტიტუცია და  პარლამენტის რეგლამენტი. თუმცა, სიტყვა „პარლამენტის“ ქვეშ ხშირად მოიაზრებენ მის სტრუქტურულ ერთეულებსაც, იგივე პარლამენტის ბიუროს, კომიტეტებს და მართავენ ხოლმე ბიუროს ან კომიტეტის გასვლით სხდომებს. მაგრამ პარლამენტის სხდომის ადგილის შეცვლა, საომარი და საგანგებო მდგომარეობის გარდა, არის კონსტიტუციის და რეგლამენტის საწინააღმდეგო“, - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

სააკაშვილის ამ პირობის შესრულება კი რომელი გზით მოხდება, კონსტიტუციის შეცვლით თუ მისი დარღვევით, ჯერჯერობით უცნობია, რადგან ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არანაირ განმარტებებს არ აკეთებენ.