იზო რიკაძე, დაჩი გრძელიშვილი, "კვირის პალიტრა"
ქართველი საზოგადოება კვლავაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო "ტრიალებს". ბიზნესმენმა ერთი თვის წინ პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა და კოლეგა პოლიტიკოსებს, ისევე როგორც მთელ საზოგადოებას, თამაშის სავსებით განსხვავებული წესები შესთავაზა:დაუვარცხნელი გულწრფელობა, თუნდაც ავტორს მთლად რაფინირებულ და პროფესიონალ ორატორად და პოლიტიკოსად ვერ აჩენდეს; სიმართლე, თუნდაც მისი მოსმენა ადრესატებისთვის უსიამოვნო და საწყენი იყოს... ივანიშვილს ნოვაციური "პატენტი" პიარკამპანიაშიც ეკუთვნის, - მას არა აქვს საკუთარი მედიასაშუალება, არ ხარჯავს ფულს აქციებზე, პირდაპირ თუ არაპირდაპირ რეკლამაზე, მაგრამ ყოველი მისი გამონათქვამი აუცილებლად ხდება ინტერნეტის, პრესის, რადიოს თუ ტელევიზიების მსჯელობის საგანი. ბოლო სიურპრიზი პოლიტტექნოლოგიებში კი საკმაოდ ეფექტური იყო, - ალბათ, ის ერთადერთი მილიარდერია, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა და ხალხისთვის ფულის დარიგების ნაცვლად, მოსახლეობა აქეთ აძლევს ფულს, - სოლიდარობის ნიშნად, მისი კუთვნილი ბანკის "ქართუს" წინ რიგები არ წყდება, ხალხი ანაბრებს ხსნის.
თავად ამბობს, რომ თავდაპირველი დაძაბულობის მიუხედავად, პოლიტიკაში ყოფნა უკვე მოსწონს და თავს ძალიან კარგადაც გრძნობს. "თუ ნებას მომცემთ, თქვენი დახმარებით, ჩემი პოლიტიკაში ყოფნის პირველ თვეს შევაჯამებ", - გვითხრა ბიძინა ივანიშვილმა საუბრის დაწყების წინ. "პალიტრა მედიას" პატივი ერგო, პოლიტიკაში მოსულ ბიზნესმენთან საკმაოდ ვრცელი, ექსკლუზიური მულტიმედიური ინტერვიუ ჩაეწერა. ვიდეო, აუდიო და ფოტომასალას მსურველი palitratv.ge-ზე, ინტერპრესნიუსსა და ambebi.ge-ზე ნახავს, რადიო "პალიტრაში" მოუსმენს და ცხადია, "კვირის პალიტრაში" წაიკითხავს.
საქმე ბევრი იყო და ცნობილ ბიზნესცენტრში "პალიტრამედია" "წარმომადგენლობითი დელეგაციით" მივიდა: "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორი გიორგი თევდორაშვილი, ჟურნალისტი იზო რიკაძე და თქვენი მონა-მორჩილი, დაჩი გრძელიშვილი. დაცვას დიდხანს არ გავუჩერებივართ. მეტიც, მეტალოდეტექტორზე გავლის გამო შენობამდე ბოდიშის მოხდით მიგვაცილეს. სიმართლე რომ ვთქვა, მილიარდერობის აქამდე ბურუსით მოცული იმიჯის გამო, ფეშენებელურ დარბაზში შეყვანასა და საპატიო რესპონდენტის ცერემონიით შემოსვლას ველოდით. იმედი გაგვიცრუვდა. გემოვნებით მოწყობილი მისაღებისა და დერეფნის გავლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ერთ-ერთ ნახევრად ღია ოთახში გადავაწყდით, მრჩევლებთან - ირაკლი სესიაშვილსა და ზაზა ფირალიშვილთან ერთად საუზმობდა. ჩვენს დანახვაზე წამოდგა, გულიანად მოგვესალმა და წინ გაგვიძღვა. ინტერვიუ თითქმის სამი საათი გაგრძელდა. ძალთა ბალანსი უთანასწორო იყო, მაგრამ ყოფილი ბიზნესმენი არ დაგვინდვია და ახალგამომცხვარი პოლიტიკოსიც გმირულად უძლებდა ჯვარედინ შეკითხვებს ყველასა და ყველაფრის შესახებ, - ნატოზე საუბარიც მოვასწარით, რუსეთსა და მისი კარიერის გარიჟრაჟზეც, როდესაც ჯერ კიდევ უქონელი ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი ქარხნის საზოგადოებრივ ტუალეტსაც კი ალაგებდა. მაშ ასე, დავიწყოთ...
- რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე პირველმა პრესკონფერენციამ?
- სანამ გიპასუხებდეთ, თავს უფლებას მივცემ, ჩემი ერთთვიანი მოღვაწეობა შევაჯამო. დღეს 5 ნოემბერია და ჩემი პირველი განცხადება 4 ოქტომბერს გავაკეთე. ამიტომაც დღეს სიმბოლური დღეა. სააკაშვილმა ჩემი მაგალითით ძალზე კარგად აჩვენა, როგორ ექცევა ის კანონს, როგორ იყენებს მედიას და როგორ ძალადობს ქართველ ხალხზე. ჩემი მაგალითი შეიძლება საუკეთესო იყოს ამ მხრივ, რადგან მან მხოლოდ და მხოლოდ უამრავი კანონდარღვევით და მყისიერად გადაწყვიტა, ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობა გაეუქმებინა. ჩემს შემთხვევაში თუ კითხვის დასმა შეიძლება, ჩემი მეუღლის შემთხვევაში კითხვაც არ უნდა დასმულიყო. სააკაშვილმა საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა და აჩვენა, როგორ ექცევა კანონს. მან ჩამოიხსნა ნიღაბი, რაც კარგი იყო როგორც ქართველი ხალხის, ისე ევროპისა და ამერიკისთვისაც. მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ დაინახა, როგორ ექცევა სააკაშვილი კანონს.
ასეთივე ძალადობას მიმართა სააკაშვილმა და გაუგებარი მიზეზით დააპატიმრებინა ბანკის საინკასაციო მანქანა, რომელიც ჩვეულებრივ ყოველდღიურ ოპერაციას ასრულებდა. ამის შემდეგ "ქართუში" რატომღაც საქართველოს ეროვნული ბანკი შედის და ნაცვლად იმისა, ეროვნულ ბანკს მხარი დაეჭირა კომერციულისთვის, კიდევ ერთხელ ვნახეთ, თუ როგორ იყენებს ის (სააკაშვილი) ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურას თავისი შეხედულებისამებრ.
ყველაზე პოზიტიური, რაც დავინახე ამ ერთი თვის განმავლობაში, იყო ის, რაც ხდებოდა რამდენიმე დღის წინ "ქართუ" ბანკის წინ. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასე მოხდებოდა.
ქართული სულის ჩაკვდომაზე რეკვიემის შესრულება, რასაც სააკაშვილი და მისი იდეოლოგები ცდილობენ, ნაადრევია. მე ვიცოდი ხალხის განწყობა და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგი მაგალითი აჩვენა ბევრ სკეპტიკოსს, დაანახა, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ვიღაცები ფიქრობენ და გეგმავენ. 30-საუკუნოვანი უწყვეტი კულტურის ხალხი, რომელსაც უდიდესი ომები გადაუტანია, როგორ შეიძლება სამმა კაცმა დააშინოს?! როგორც კი საშუალება მიეცა, მყისიერად გაერთიანდა მოსახლეობა. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი მათთვის, ვისაც ჰქონდა ილუზია, რომ ასე მარტივად შეიძლებოდა დაეჯერებინათ იმ უსუსური გეგმისა, რომელიც სააკაშვილს აქვს.
- რას ნიშნავდა თქვენთვის ხალხის ასეთი სოლიდარობა?
- ჩემთვის ეს იყო იმის განმტკიცება, რაშიც დარწმუნებული ვიყავი. ცოტას წავიტრაბახებ, 95%-ით ხორცი შეესხა იმ გეგმას, რომელიც ჩაფიქრებული მქონდა, ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ვაანალიზებდი. სწორად დავინახე ყველაფერი და ამან კიდევ მეტი სიმტკიცე და სითამამე შემმატა; დამავიწყდა, როგორ ვმერყეობდი გადაწყვეტილების მიღებისას.
ბედნიერი ვარ, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღე, სხვა გზა არც მქონდა. დღეს ვხედავ, რომ ამისთვის ვარ დაბადებული.
ჩემი საქმე ყოფილა, რომ ჩემს სამშობლოს, ჩემს ქვეყანას გავამარჯვებინო. ჩვენ ერთი კაცის პრობლემა გვაქვს.
სააკაშვილი კი არ უნდა დავამარცხოთ, ქვეყანას უნდა გავამარჯვებინოთ.
არ უნდა მივცეთ საშუალება, არათუ განახორციელოს, ფიქრადაც გაივლოს ის, რასაც ქვეყანას უპირებდა. პირველივე წერილში ვთქვი, რომ სააკაშვილი ქვეყნის მართვას ძალადობითა და სიცრუით ახერხებს და ამავეს აპირებს მომავალშიც. ძალზე საინტერესო რამ მოხდა: სიცრუის მანქანა თითქმის აღარ მუშაობს (ჩვენში რომ დარჩეს, ამისაც მჯეროდა), ხალხმა დაინახა, რომ სამ ეროვნულ ტელევიზიას, რომლებიც ძველებურ რეჟიმში მუშაობენ, გავლენა აღარ აქვს, მათი აღარავის სჯერა. სიცრუის მანქანამ ეფექტურობა დაკარგა და დარჩა მხოლოდ ძალადობის მანქანა, რის გამოყენებასაც სააკაშვილი თავგამოდებით ცდილობს. თაგვის შიშის მსგავსი სინდრომი დაგვრჩა კიდევ დასაძლევი და ყველაფერი კარგად იქნება.
ამ ერთ თვეში ბევრი კარგი რამ გაკეთდა. მე მყავს კარგი გუნდი და ჩვენ უკვე ქართველ ხალხთან ვართ. კიდევ ერთხელ მინდა თქვენს კოლეგებს მივმართო: მე შევამჩნიე და "ფეისბუკზეც" წავიკითხე, რომ ხალხისა და ჟურნალისტების გაუცხოება დაიწყო. ეს არ არის ჩემი მიზანი, არ მინდა, ჩემ გამო საზოგადოება გაიხლიჩოს და მისი ერთი წევრი მაინც უხერხულად გრძნობდეს თავს ჩვენს სახელმწიფოში.
კიდევ ერთხელ ვეტყვი თქვენს კოლეგებს, ნუ გაუუცხოვდებიან საზოგადოებას! ყველა ერთად უნდა დავდგეთ, მათ არ უნდა შერცხვეთ შვილებისთვის თვალებში შეხედვა. თავისუფლად უნდა გამოვიდნენ საზოგადოებაში და ქართველი ხალხისა არ უნდა ერიდებოდეთ.
კიდევ დარჩა დრო, დროულად გააკეთონ სწორი ანალიზი. აღარ მუშაობს სიცრუის მანქანა, ნუ ემსახურებიან ვიღაცის სიცრუეს და იყვნენ ობიექტურები. მე მხარდაჭერას კი არა, ობიექტურობას ვითხოვ. ისე ნუ იზამენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს გარიყულები აღმოჩნდნენ ქართველი საზოგადოებისგან.
ასევე მინდა მივმართო პატრულისა და პოლიციის თანამშრომლებს, ყველამ ყველაფერი ვიცით და საზოგადოებამაც აჩვენა, როგორი კონსოლიდაცია შეუძლია. ძალიან გთხოვთ, იყავით ობიექტურნი, უკანონობას კანონიერება დაუპირისპირეთ. ნუ ელოდებით, ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და ამით მოხდეს გარდატეხა. ამას არ დავუშვებთ! ჩვენ ქუჩის გარეშე, არჩევნებით, ცივილიზებული გზით უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაში. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს:
უკანონობას კანონიერება დაუპირისპირეთ, ყველამ თავის თავში მოახდინოს ევოლუცია. გადალახეთ შიში! თქვენს სამუშაო ადგილებზე აღუდექით წინ შიშს, სიცრუეს, სუბიექტივიზმს და მას კანონიერებით, ობიექტურობით უპასუხეთ. ამით გავიმარჯვებთ!
ჩვენ უზარმაზარ ენერგიას არაფრისთვის ვხარჯავთ, ისედაც დასუსტებულია ჩვენი სახელმწიფო. ჩემი გუნდის სურვილია, რაც შეიძლება ნაკლები ძალისხმევით, ყოველგვარი არეულობის გარეშე და კანონიერად მოვიშოროთ ეს უბედურება, რაც დღეს ჩვენს სახელმწიფოს თავს დაატყდა. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მოახერხოს საკუთარ თავში გარდატეხა. უკანონობას მხოლოდ კანონიერებით უნდა ვუპასუხოთ, სუბიექტურობას კი ობიექტურობით. ამ სიტყვებით მინდოდა მიმემართა ჩემი საყვარელი ხალხისთვის. დადგა დრო, ცოტა სხვანაირად შევხედოთ რეალობას.
არ დამვიწყებია თქვენი შეკითხვა პრესკონფერენციის თაობაზე. გასაგებია, რომ ჟურნალისტების დიდი ნაწილი "მომზადებული" მოვიდა. ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ ჩვენ არანაირი იარაღი არ გვქონდა ამის საწინააღმდეგოდ. ასეთმა ჟურნალისტებმა საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილის მოტყუება მოახერხეს. შექმნეს ილუზია, თითქოს პრესკონფერენცია ცუდი მომზადებული იყო. მე ასე არ მიმაჩნია, მაგრამ, რადგან მასპინძლები ვიყავით, მეც შემიძლია შევუერთდე ირაკლი ტრიპოლსკის ბოდიშს. ალბათ, იყო რაღაც გაუგებრობა, მაგრამ ძალიან მადლობელი ვარ იმ გუნდის, რომელიც მეხმარებოდა. ცუდია, რომ პირველ არხზე არ გავიდა ის ხმაური, რაც პრესკონფერენციის დარბაზში იდგა. თითქმის არ მესმოდა ხმა, არ ვიცოდი, ვის ვპასუხობდი. ეს იმის გამო არ მომხდარა, რომ ქართველები უკულტურო ხალხი ვართ, უბრალოდ, ძალიან დიდი ინტერესი იყო და ბევრ ჟურნალისტს სურდა კითხვის დასმა.
ვითარებას ამწვავებდა ისიც, რომ ზოგიერთ ჟურნალისტს ურეკავდნენ და აიძულებდნენ, როგორმე პრესკონფერენციის დისკრედიტაცია მოეხდინათ. მათთვის საუკეთესო ვარიანტი პრესკონფერენციის ჩაშლა იყო, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, იმიტომ კი არა, რომ ჩვენი გუნდია ძლიერი, არამედ იმიტომ, რომ ჟურნალისტებში იყო დიდი მობილიზება. ნამდვილად არავის გაუჩხრეკია უბის წიგნაკები, რაც ტელეეთერში ითქვა. ჩვენ გვაქვს ვიდეოფირი, სადაც კარგად ჩანს, რომ დაცვის არც ერთ წევრს შეურაცხყოფა არ მიუყენებია ჟურნალისტებისთვის. მიმაჩნია, რომ პრესკონფერენციამ კარგად ჩაიარა. ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა აჩვენა ორგანიზებულობა და საკითხისადმი დიდი ინტერესი. თუმცა შეიძლებოდა უკეთესი პრესკონფერენციაც გამართულიყო და ეს ყველაფერი წინ გვაქვს.
- ბრძანეთ, პოლიტიკაში ჩემი მოსვლიდან ერთი თვე გავიდაო და საინტერესოა, 7 ოქტომბერს, ნიკოლა სარკოზის ვიზიტის დღეს, რატომ განაცხადეთ, რომ პოლიტიკაში აპირებდით მოსვლას, რატომ მოხდა ასეთი დამთხვევა? ითქვა, რომ სარკოზი, რომელსაც სააკაშვილი "ევროპის პრეზიდენტს" უწოდებს, საქართველოდან განაწყენებული წავიდა.
- ეს მართლაც საინტერესოა, მაგრამ ამაზე მე ნუ მალაპარაკებთ, ალბათ, თქვენ უკეთ იცით და ანალიზსაც გააკეთებთ. მე თავს ავარიდებ ამის კომენტირებას. რაც შეეხება ჩემი განცხადების გაკეთებას სარკოზის ვიზიტის დღეს, ეს აბსოლუტურად შემთხვევით მოხდა. 7 ოქტომბერი არაფერ შუაშია და მე მერიდება იმის გახსენება, რომ ვყოყმანობდი. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. სანამ პოლიტიკაში მოსვლას გამოვაცხადებდი, ოჯახის წევრებთან მქონდა მსჯელობა და მათგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. პირველ განცხადებას რომ ვწერდი, ჩემი მეუღლე, ეკა ბეჭდავდა. როდესაც ეს გადავწყვიტე, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სულ არ იყო საინტერესო, საქართველოში ვინ ჩამოდიოდა, მყისიერად მივმართე საქართველოს მოსახლეობასა და ქართველ ხალხს.
- სანამ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებას მიიღებდით და ყოყმანობდით, კონსულტაცია ხომ არ გაგივლიათ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან?
- არანაირი შეთანხმება არ მქონია უწმინდესთან. მე და ჩემი მეუღლე, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქე, ბოლო ორი წელი ჩურჩულით ვლაპარაკობდით სახლში და როდესაც გადაწყვეტილება მივიღე, ჩურჩულიც კი შევწყვიტეთ, ვეძებდით ადგილს, რომ ეს კარგად გაგვეანალიზებინა, მაგრამ არ იყო ამის დრო და საშუალება.
მე კარგად ვაცნობიერებდი ხიფათს. მაგათ დროზე ადრე რომ გაეგოთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, შეიძლება გამოუსწორებელი რამ მომხდარიყო.
განცხადების გაკეთების შემდეგ გარკვეულ ეტაპზე არ იყო პატრიარქთან შეხვედრის აუცილებლობა, მაგრამ უახლოეს დღეებში ვაპირებ, ვესტუმრო მის უწმინდესობას. ვფიქრობ, თანხმობას მივიღებ შეხვედრაზე.
კათოლიკოს-პატრიარქთან სასაუბრო ბევრი მაქვს. მინდა რჩევები მივიღო ამ ბრძენი ადამიანისაგან. გარდა იმისა, რომ ის არის მართლმადიდებელი მოსახლეობის სულიერი მამა, ამავე დროს ბრძენიც არის. მას რამდენჯერმე შევხვედრივარ და ყოველთვის სიხარულით ვიხსენებ იმ წუთებსა და რჩევებს, რაც მიმიღია.
- რა არის თქვენი ის პიროვნული თვისება, რომლითაც აპირებთ წარმატების მიღწევას?
- მე მრავალმხრივი და მრავალფუნქციური ბიზნესი მქონდა, მათ შორის - წამყვანი საბანკო ბიზნესი. საბანკო საქმე დიდ ნდობას ემყარება. თუ გინდა, საბანკო სისტემაში წარმატებას მიაღწიო, ღირებულებების სწორად შერჩევა უნდა შეგეძლოს. ასევე უნდა მოახერხო რისკების გაკონტროლება. ეს ყველაფერი კარგად მაქვს გავლილი და გამოცდილი. საქართველოს მოსახლეობის ძირითადი ღირებულება ჩვენი სამშობლოს და თავისუფლების სიყვარულია. ქართველი ხალხის ამ მთავარ ღირებულებას კარგად გამოვიყენებ. მე კადრების მომზადებისა და შერჩევის ოსტატიც ვარ. როდესაც საბანკო ბიზნესი დავიწყე, რუსეთში თვეში 100 ბანკი მაინც იხსნებოდა. იყო სახელმწიფო ბანკებიდან კადრების გადაბირება-გადმობირება და სპეკულაცია. მე ამ პროცესში არ ჩავბმულვარ. პირველმა გავხსენი კოლეჯი და "კადრების მჭედელს" მეძახდნენ, რადგან ბევრი სპეციალისტი აღვზარდე, ლექციებსაც ვკითხულობდი.
ერთგვარად მეუხერხულება კიდეც, რომ კარგი ქართული არ ვიცი და შეცდომებს ვუშვებ.
ერთი სიტყვაც არ ვიცოდი რუსული, როდესაც თბილისში ჩამოვედი, 20 წლისამ დავიწყე რუსულის სწავლა. უფრო გვიან, როდესაც ბიზნესი დავიწყე, სასწრაფოდ, სამ თვეში ვისწავლე ინგლისური ენა, ამის შემდგომ საფრანგეთში წავედი და ფრანგულმა მეხსიერებიდან ამომიგდო სწრაფად ნასწავლი ინგლისური, მერე ისევ დავუბრუნდი ინგლისურს და საბოლოოდ არც ერთი ენა არა მაქვს ბოლომდე დახვეწილი, რასაც ძალიან განვიცდი.
ძალიან მომწონს და რიდი და პატივისცემა მაქვს კარგი ქართულით მოსაუბრე ადამიანებისადმი. ისეთი რიტმით ვცხოვრობდი, რომ დრო არ მქონდა და ვერ მოვახერხე რომელიმე ენის ბოლომდე დახვეწა. საჩხერის აქცენტით ჩამოვედი თბილისში, მაგრამ მოვახერხე და ოდნავ უკეთესი ქართული ვისწავლე.
მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. რაღაცები უნდა მაპატიოთ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ამას გაგებით შეხვდება.
- არა, პირიქით, საინტერესოდ ლაპარაკობთ.
- მიუხედავად ჩემი აქცენტისა?
- დიახ. ბრძანეთ, რომ წარმატების საფუძველი ღირებულებების სწორად შერჩევა, ნდობა და კადრებია. რას იტყვით თქვენს ნაკლზე?
- შეიძლება ეს ნაკლი კი არა, ჩემი კოზირიც იყოს. სიტყვის კაცი ვარ. ჩემგან ვერ გაიგონებთ ტყუილს. პოლიტიკოსისთვის შესაძლოა ეს გარკვეულწილად სისუსტედაც მივიჩნიოთ. გამოცდილ პოლიტიკოსებსაც ხშირად უწევთ უარის თქმა საკუთარ ნათქვამზე, კურსის შეცვლა. ჩემი ცხოვრების ეს წესი დამაბრკოლებელი იყო პოლიტიკაში მოსვლისთვის, რადგან პოლიტიკოსს მანევრირება უნდა შეეძლოს. თუმცა, მე არ ვაპირებ პოლიტიკაში ლავირებას. ვნახოთ, როგორ გამომივა.
- კი მაგრამ, მილიარდერს არ სჭირდება ლავირება?
- ლავირება არა, მაგრამ ბიზნესმენს მანევრირება უნდა შეეძლოს, ისე წარმატებას ვერ მიაღწევს. არ უნდა იცრუო, თუ დაჰპირდი, ამაზე პასუხი უნდა აგო. სანამ დაჰპირდები, დარწმუნებული უნდა იყო, რომ დაპირებულს გააკეთებ. ძალიან ფრთხილად ვიძლევი დაპირებებს. არ მახსოვს, ვინმეს რამეს დავპირებოდე და არ გამეკეთებინოს.
პოლიტიკა ცოტა სხვა სფეროა, აქ ხშირია ხალხით მანიპულირება. ამას არ ვიკადრებ, ვფიქრობ, მე და ჩემი გუნდი ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც დავპირდით საქართველოს მოსახლეობას.
- თქვენი მეგობარი თემურ ჭკუასელი თქვენს ყველაზე დიდ ნაკლად ეჭვიანობას მიიჩნევს.
- ჩემთვის ეს არ უთქვამს. მიმაჩნია, რომ ზომიერად ეჭვიანი ვარ.
- კიდევ, თქვა, ისეთი გაბრაზება იცის, ვერ გაეკარებიო.
- (იცინის) ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვართ, მაგრამ არ ვეთანხმები მის ამ შეფასებას. ზომიერი ადამიანი ვარ. პირში მთქმელიც და "ჭოტიკასთვის" ისეთი რამ მაქვს ნათქვამი, საკუთარ მეუღლეს რომ არ უთქვამს ალბათ მისთვის. არ ვიცი, საკუთარ თავზე როგორ იგრძნო "ჭოტიკამ" (თემურ ჭკუასელი, "ქართული ხმების" წევრი) ჩემი გაბრაზება, მაგრამ შეცდომებზე ყოველთვის ვრეაგირებ, ოღონდ მშვიდად. ასეთი შემთხვევა იყო, თუმც მე და "ჭოტიკას" ამის გამო ერთმანეთი არ დაგვიკარგავს. რაღაც გაუგებრობა იყო, არ ვაპატიე, მაგრამ ჩვენ მეგობრებად დავრჩით.
- ერთ ცნობილ მილიარდერს აქვს ნათქვამი, ნუ მკითხავთ, როგორ ვიშოვე პირველი მილიონი, დანარჩენზე კი რამდენიც გინდათ, მკითხეთო. თქვენ როგორ იშოვეთ პირველი მილიონი?
- არ მრცხვენია არც პირველად ნაშოვნი მილიონისა და არც ბოლოსი. არასდროს სინდისისთვის არ მიღალატია და ჩემს შვილებსაც ასე ვზრდი.
სხვის უბედურებაზე ერთი კაპიკიც არ გამიკეთებია. ასე აღმზარდეს ჩემმა მშობლებმა. შვილებსაც სულ ვეუბნები, არ შეიძლება სხვის უბედურებაზე ფულის გაკეთება-მეთქი.
ბედნიერი ვარ, რომ სუფთა წარსული მაქვს და გარწმუნებთ, ხელისუფლების იდეოლოგებს თავიანთი მცდელობანი სიკეთეს ვერ მოუტანს. მუდმივად ისეთ გვარებს ატრიალებენ, რომელიც ცნობილი არაა საქართველოს მოსახლეობისთვის. მუდმივად ცდილობენ, ხალხს ეჭვი გაუჩინონ ჩემზე.
ერთადერთ ინტერვიუში, რომელიც გაზეთ "ვედომოსტს" მივეცი, ყველა ეს გვარია დასახელებული და პასუხებიც იქვეა გაცემული. ეს ამბავი კარგა ხანია, წარსულს ჩაჰბარდა. ჟურნალისტებმა მაშინ ვერც ერთი შავი ხაზი ვერ მიპოვეს. ერთი თვე არ ბეჭდავდნენ ჩემს ინტერვიუს. ვერ წარმოედგინათ, რომ რუსეთში შეიძლებოდა ასეთი კაცი ყოფილიყო, თანაც ქართული გვარით. როგორც აქ არ ვჩნდებოდი, უფრო მეტად არ ვჩანდი რუსეთში. დიდხანს ელოდნენ ჩემს გამოჩენას, ამის შემდგომ ყველა საინფორმაციო საშუალებამ გააშუქა ეს ინტერვიუ. გრამი ეჭვიც კი არავის შეუტანია ჩემს ნათქვამში, რადგან ინტერვიუში იმდენად გულწრფელად მაქვს პასუხები გაცემული, ეჭვის ნატამალიც კი არ რჩებოდა. ახლა იღებენ ამ ინტერვიუებიდან მარტო კითხვებს და პასუხები თავიდანაც რომ გასცე, როგორ უნდა გაიგოს საქართველოს მოსახლეობამ, ვინ იყვნენ ძმები ჩორნები ან ბიკოვი? ახლა ასახელებენ მალკინსაც.
2008 წელს, როდესაც სააკაშვილს დავემშვიდობე, ერთ-ერთი მედიაჰოლდინგი, რომლითაც სააკაშვილმა დარტყმა მომაყენა, ჩემს საქმიანობაში რუსულ კვალს ეძებდა. ერთადერთი, ვისი გვარიც არ გამოუყენებიათ ჩემს წინააღმდეგ, მალკინი იყო. მისი გვარი არ უხსენებიათ, ეტყობა, 2008 წელს კანადას ჯერ უარი არ ჰქონდა ნათქვამი მალკინისთვის მოქალაქეობაზე. მაგრამ 2005 წლიდან მალკინი ჩემი პარტნიორი აღარ არის. ახალი ბრალდებები, რასაც ახლა მალკინს უყენებენ (მას კანადაში მოქალაქეობა არ მისცეს და ეჭვი აქვთ, რომ "შავი" ბიზნესით არის დაკავებული), არარეალურია. ჩემი აზრით, მალკინი არ არის იმის მკადრებელი კაცი, რასაც მასზე ეჭვობენ. მალკინი ისრაელის მოქალაქეა, თვე არ გავა, ამერიკას არ ესტუმროს, ხშირად დადის ევროპაშიც, სადაც არანაირი ეჭვი და არც რაიმე ბრალეულობის მტკიცებულება არ არის მასზე.
- ბატონო ბიძინა, გვსმენია, რომ ბიზნესის დაწყებამდე დამლაგებლად მუშაობდით, ხომ არ გვეშლება?!
- ჩვენი სოფელი ღარიბი იყო. გლეხები შემოდგომაზე ყიდდნენ მოსავალს, რომ საოჯახო ნივთები და ტანსაცმელი ეყიდათ. დედაჩემმა მეზობლებში ისესხა 50 მანეთი და თბილისში ასე ჩამოვედი. აქ ჩაწერილი არ ვიყავი და რაიმე უბრალო სამსახურში თუღა მოვეწყობოდი. კამოს სახელობის მექანიკური ქარხნის სახარატო საამქროში დამლაგებელი არ ჰყავდათ. საამქრო ძალიან ძნელი დასალაგებელი იყო, იქ რკინა იჭრება და ბურბუშელა ყრია გარშემო, მაგრამ დავთანხმდი ამ მძიმე სამუშაოზე. 17 წლის ამაყი ბიჭი ვიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი გადავიტანე. პირველ წელს ინსტიტუტში ჩაბარება არც მიცდია.
სკოლაში რამდენიმე ოთხიანი გამომყვა, მაგრამ ჩემი მათემატიკის მასწავლებელი თავის შვილს სხვასთან ამზადებდა და მე ისე როგორ მასწავლიდა, ინსტიტუტში ჩამებარებინა. ვემზადებოდი, ვმუშაობდი და თან ხარატობას ვსწავლობდი.
ამით დღეს ვამაყობ. არა მარტო სახარატო საამქროს ვალაგებდი, ზოგჯერ ეზოსაც. იქ ერთი ქურთი მუშაობდა, ჯიმო, რომელსაც ვეძებ და დღემდე ვერსად მივაკვლიე. იქნებ ამ ინტერვიუს მერე მაინც გამოჩნდეს. გამოცდებს რომ ვაბარებდი, ხშირად ჯიმო მენაცვლებოდა, მერე კი მე ვალაგებდი მის მაგივრად. ქურთები ძალიან მიყვარს. ჩემი შვილის ნათლია, როზა, ქურთია და ჩვენი ოჯახის წევრად მიგვაჩნია... სხვათა შორის, ქარხნის საზოგადოებრივ ტუალეტსაც ვალაგებდი და ეს არ მეთაკილება.
ქარხანაში მუშაობის პერიოდით ვამაყობ. ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. იქ ვისწავლე, რომ სხვა ადამიანის შრომას პატივი უნდა სცე, რასაც სააკაშვილი ვერ ახერხებს.
სააკაშვილი თავისი რეფორმებით მძიმე სტრესს აყენებს საქართველოს მოსახლეობას. ელემენტარულ სიყვარულს ვერ ვხედავ ხალხისადმი, ელემენტარული სიბრალული მაინც უნდა გაგაჩნდეს ადამიანებისა. არც ერთი რეფორმა არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის ტკივილის ფასად.
ეს ყველაფერი რაღაც ბოლშევიკური მეთოდებით კეთდება. სააკაშვილს ის რომ გაეკეთებინა, რასაც მე სოფელში 4 წლიდან მოყოლებული ვაკეთებდი, ასე არ მოიქცეოდა. როდესაც ღარიბი ოჯახი გაქვს, ბავშვმა, რასაც შეძლებს, უნდა აკეთოს. 5 წლის უკვე მწყემსად მივდიოდი ჩემზე ასაკით უფროს მეორე მწყემსთან ერთად. სოფელსა და ღარიბ ოჯახებში დადებითი ის არის, რომ ბავშვი შრომის სიყვარულს სწავლობ, კარგად იცი მისი ფასი. თუ არ გიშრომია, ძნელია სხვისი შრომის შეფასება და ეს არის სააკაშვილის პრობლემა. თავისი ხელით ძალიან ცოტა რამ გაუკეთებია და, ჩვენდა საუბედუროდ, ძალიან იოლად მოატყუა ქართველი ხალხი და მათ შორის - მეც, თავის დროზე.
739
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85