უმრავლესობა თავს იმშვიდებს

უმრავლესობა თავს იმშვიდებს

უმრავლესობა ელოდა, რომ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია ჩაიშლებოდა და ასე რომ არ მოხდა, იძულებულნი გახდნენ, ისევ ის კომენტარები აკეთონ, რომ იგი რუსეთის ინტერესების გამტარებელია. ამასთან, თავს იმით იმშვიდებენ, რომ, როგორც უმრავლესობის წარმომადგენელი შოთა მალაშხია აცხადებს, „ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლის თეორიული შანსიც არ აქვს”.

სწორედ ასეთი შეფასებები გაკეთდა კონფერენციის დასრულების შემდეგ და ისიც უნდა ითქვას, რომ უმრავლესობა ისეთი დაბნეული იყო, რომ მხოლოდ თითო წინადადებით შემოიფარგლნენ.

მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მას ივანიშვილის პირველივე განცხადებებმა იმედი იმდენად გაუცრუა, რომ ბოლომდე არც კი მოუსმენია.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თავდაპირველად პრესკონფერენციას თვალყურს ადევნებდა, თუმცა, მისი მოსმენა აღარ გაუგრძელებია მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა თქვა, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

„ამის შემდეგ ნათელი იყო, რას იტყოდა ივანიშვილი და პრესკონფერენციისთვის თვალყური აღარ მიმიდევნებია. ადამიანი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ამ განცხადებით მოდის, ცხადია, რუსული პოლიტიკის გამტარებელია, დანარჩენი დასკვნების გაკეთება კი საზოგადოებისთვის მიმინდია“, - აცხადებს კუბლაშვილი და დასძენს, რომ „სხვათა შორის უკვე რუსი პოლიტიკოსებიც აღარ საუბრობენ ამაზე.  ცოტა გაუგებარია, კიდევ ვინმეს რამეზე კითხვა დარჩეს“.

თუმცა, საინტერესო ის არის, რომ ივანიშვილმა მხოლოდ ის თქვა, რაც ტალიავინის დასკვნაში წერია და შეგახსნებთ, რომ ამ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ამიტომაც გასაკვირია, როდესაც ხელისუფლება ახლა ამ საკითხზე ასეთ რეაქციას ამჟღავნებს.

ივანიშვილის მიერ მაგალითად ტალიავინის დასკვნის მოტანაზე კი კუბლაშვილი აცხადებს: „მან თქვა, ასე წერიაო, სინამდვილეში იქ სხვა რამ წერია. მან ისე თქვა, როგორც თვითონ უნდოდა“, - განმარტა კუბლაშვილმა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის გულწრფელობა პოლიტიკაში მხოლოდ ის არის, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო.

ისიც უნდა ითქვას, რომ უმრავლესობის ლიდერებიდან კომენტარი ჯერჯერობით მხოლოდ კუბლაშვილმა გააკეთა. თუმცა, შეფასების გაკეთება შედარებით შეუმჩნეველ დეპუტატებს არ დაზარებიათ. მათი მთავარი შეფასებაც, რა თქმა უნდა, ის იყო, რომ ივანიშვილი საქართველოს მტერია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვახტანგ ბალავაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის სახით „პუტინის მესიჯების ასე ღიად გამხმოვანებელი პირველად ნახა“.

მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას ბევრი პოლიტიკური ძალა ახსოვს, რომლებიც რუსულ ინტერესებს ემსახურებოდნენ, მაგრამ ასეთი ღია, არავინ უნახავს.

„მან არა მარტო ომში დაგვადანაშაულა, არამედ ემბარგოშიც. მე ვურჩევდი, დაელაპარაკოს იმ ადამიანებს, ვინც გამოყარეს რუსეთიდან მაშინ, როდესაც თავად იქ მშვიდად იყო და მილიონებს და მილიარდებს შოულობდა პუტინთან ერთად... ჩემთვის ნათელია, ვის ემსახურება ეს ადამიანი და მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ივანიშვილს, რომ ქართული საზოგადოება ფულზე, განსაკუთრებით რუსულ ფულზე არ იყიდება“, - განაცხადა ბალავაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი შოთა მალაშხია კი პირდაპირ აცხადებს, რომ იგი ბიძინა ივანიშვილში საქართველოს მტერს ხედავს.

როგორც მალაშხიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „იმის თქმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ეს სწორედ ქვეყნის მტრობას ნიშნავს“.

მისი თქმით, მხოლოდ საბჭოთა მენტალიტეტის ადამიანს შეუძლია თქვას, რომ საქართველომ დააწესა ემბარგო და რომ ხადარკოვსკთან დაკავშირებით საქმე არც ისეა, როგორც მსოფლიო ლაპარაკობს.

არაფერზე პასუხი არ აქვს. არ იცის, როგორი იქნება საგადასახადო სისტემა. არ იცის, როგორ მოხდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. არ იცის, ავღანეთში გაუშვებს თუ არა ჯარს, ნატოსთან როგორ ითანამშომლობს და ა.შ“, -განაცხადა მალაშხიამ.

რაც მთავარია, იგი საკუთარი თავის იმაში დარწმუნებას ცდილობს, რომ „ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლის თეორიული შანსიც არ აქვს“.

დაახლოებით ამ რიტორიკის გამგრძელებლი აღმოჩნდა კობა ხაბაზი და ლამის რუსეთი შეეცოდოს, თუკი ივანივშილზე მეტი დასაყრდენი არ აქვს.

როგორც იგი ამბობს, პრესკონფერეციიდან ახალი ვერაფერი გაიგო და უფრო დარწმუნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის პროექტია. თუმცა, კობა ხაბაზი პრესკონფერენციის მერე კმაყოფილი დარჩა, რადგან ნახა, თუ რა „საცოდავ დღეში ყოფილა რუსეთი, თუ ამ ადამიანის იმედზეა დარჩენილი“.

„მთელი მისი ინტერვიუ იყო იმაზე, რომ როგორმე ნამუსი მოეწმინდა პუტინისთვის“, - აცხადებს ხაბაზი.

მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ექსპერტებს სულ სხვა შთაბეჭდილება დარჩათ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ივანიშვილმა ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.

„მან ყველა პოლიტიკურ თუ აპოლიტიკურ საკითხთან, მათ შორის ბეღურების გადაფრენასთან დაკავშირებითაც კი ამომწურავად ისაუბრა. არ მრჩება მეხსიერებაში კითხვა, რომელზე პასუხსაც მან თავი აარიდა. მე პრესკონფერენციის ასეთი ფოიერვერკი ჯერ არ მინახავს. ვფიქრობ, დღევანდელი დღის მთავარი მესიჯი იყო ის, რომ ლეგენდა პოლიტიკაში ივანიშვილის ახალბედობისა და გამოუცდელობის შესახებ, ეჭქვეშ დადგა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.