„პარადოქსია, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში ივანიშვილის ჩათრევას თავად ხელისუფლება ცდილობს“

„პარადოქსია, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში ივანიშვილის ჩათრევას თავად ხელისუფლება ცდილობს“

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა, ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა, კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ და სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი“ დააფუძნეს. მათი შეფასებით,  

ქვეყანა დღემდე „ფასადური დემოკრატიის და ნომენკლატურული კაპიტალიზმის“ პირობებში ცხოვრობს.

 

„ორ ათეულ წელზე მეტია, ქვეყანა ერთსა და იმავე მანკიერ წრეზე ტრიალებს და თანამედროვე საზოგადოების ისეთი მარტივი ტესტიც კი ვერ ჩააბარა, რასაც არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება ჰქვია. პირველი, ვინც ამ ინიციატივას გამოეხმაურა, გახლავთ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა“ – აცხადებენ ანალიტიკოსები.

 

კვლევითი ინსტიტუტის ერთ–ერთ დამფუძნებელ გია ხუხაშვილს ვესაუბრებით.

 

გია ხუხაშვილი: ჩვენი რჩევები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. სამუშაო თემები, საინტერესო რეკომენდაციები, კვლევის შედეგები საჯაროდ გახმოვანდება. ყველაფერი საიტზე გამოქვეყნდება. პოტენციური მომხმარებლები იქნებიან როგორც პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, ასევე რიგითი მოქალაქეები. ვისაც აწუხებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და ამით დაინტერესებულია. ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები და ა.შ.

 

ეს არ არის კომერციული პროექტი, რომ ვინმე შემკვეთზე ვიმუშაოთ. ჩვენი დამკვეთი არის ქართული სახელმწიფო, თავისი მთელი ინფრასტრუქტურით.

 

ოთხი ექსპერტი თავიდან რა პრინციპით გაერთიანდით?

– ჩვენ დავაფუძნეთ, თორემ ინსტიტუტში ძალიან ბევრი, თქვენთვის ნაცნობი ადამიანი იმუშავებს. რაც შეეხება გაერთიანების პრინციპს, პროექტი ერთ დღეში სპონტანურად არ დაგვიწყია. ხშირად ერთმანეთს სხვადასხვა ფორმატში ვხვდებოდით. ვსაუბრობდით ქვეყნის წინაშე მდგარ საჭირბოროტო საკითხებზე.

 

ჩვენ ვსვამდით მთავარ კითხვას – რატომ ვერ ახერხებს ქვეყანა, ამ საბჭოური გადმონაშთის მდგომარეობიდან ამოსვლას. რეალურად იმ ფასეულობათა სისტემის დანერგვას, რაზეც საუბრები მუდმივად მიმდინარეობს. აქედენ განომდინარე, ეს იდეა უკვე რამდენიმე წელია ტრიალებს.

 

დღეს უკვე გადავწყვიტეთ, რომ ძალისხმევის კონსოლიდაცია მოვახდინოთ და საქმეს შევუდგეთ. აქ იქნება სიმბიოზი საზოგადოებრივი და აკადემიური საქმიანობისა. ჩვენ ამ ორივე მიმართულებას წარმოვადგენთ.

 

ახსენეთ, რომ ყველა ხელისუფლება ერთ ფასადურ წრეზე ტრიალებდა და რეალური ფასეულობების და ღირებულებების დანერგვა არ ხებოდა; ამის მიზეზებზე რა შეიძლება ითქვას მოკლედ?

– საუბარია მიზეზთა მთელ წყებაზე; არასწორად გატარებულ რეფორმებზე, ადმინისტრირებაზე, ხშირ შემთხვევაში უხეშ შეცდომებზე. არ ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ხელისუფლება მოსვლისთანავე მანკიერ მიდრეკილებებს წინასწარ გეგმავდა.  მარტო ისინი კი არა, მთელი საზოგადოება ამ პროცესში შეცდომებს უშვებდა. საბოლოო ჯამში, ჩვენ უკან, საბჭოთა კავშირში ვბრუნდებოდით.

 

პირველ რიგში, განვლილი შეცდომები უნდა შევისწავლოთ, რომ იგივე არ გავიმეოროთ; ვისწავლოთ თუნდაც საკუთარ შეცდომებზე სწავლა. მიმდინარე რეფორმების ანალიზი უნდა გავაკეთოთ. დაშვებული შეცდომების ანალიზის საფუძველზე, საბოლოო ჯამში მივიღოთ ის გეგმა–რეკომენდაციები, რაც ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

 

თქვენ საუბარობთ ერთგვარ პრევენციაზე, რათა სამომავლოდ უხეში შეცდომებისგან დაზღვეულები ვიყოთ...

– სხვის შეცდომებზე სწავლის იმედი, მაინცდამაინც არ მაქვს. საკუთარ შეცდომებზე სწავლას მაინც თუ მივაღწიეთ, დამერწმუნეთ, ესეც ძალიან სერიოზული შედეგი იქნება.

 

განცხადებაში საუბრობთ ქართველი კაცის დამოკიდებულებაზე ზოგადად შრომის, სიმდიდრე–სიღარიბის, მდიდარი ადამიანის მიმართ; რამდენად აქტუალურია ეს საკითხები დღევანდელი ქართული საზოგადოებისთვის?

– ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის წინაშე არსებული ერთ–ერთი მთავარი საფრთხე, ძალიან ღრმა სოციალური რისკებია. ფართო მასებში ანტაგონისტური დამოკიდებულების ფორმირება ხდება მდიდარი, შეძლებული ადამიანის მიმართ. ქვეყანაში არ არსებობს საშუალო ფენა, რაც ამ დაპირისპირებას აძლიერებს.

 

მდიდრების დამოკიდებულება ფართო ფენებისადმი საკმაოდ ცინიკურია. ჩვენ ამას ვხედავთ. ისინი ფართო მასებს როგორც ბრბოს ისე უყურებენ და პრინციპში მათ პრობლემებს არ ითვალისწინებენ.

 

ყველაფერი საფუძვლიანად უნდა შევისწავლოთ. უნდა შევეცადოთ გავიგოთ, რა ეტაპზე ვიმყოფებით ამ მიმართულებით და ორივე მხარეს თანამედროვე საზოგადოების სწორი გაგება ჩამოვუყალიბოთ. ისე რომ, არსებული ანტაგონიზმი რეალურ თანამშრომლობაში გადავიყვანოთ.

 

ჯერ ერთი, რომ ერთმანეთის ესმოდეთ და სტკიოდეთ და მეორეც – მდიდრებს სტიმული მივცეთ, მათი შესაძლებლობების გარკვეული გადანაწილება მოხდეს.  იქნება ეს სამუშაო ადგილების შექმნით თუ სხვადასხვა ფორმებით.

 

ღარიბების ცნობიერებაშიც გავაღვივოთ ის, რომ მათი კეთილდღეობა დამოკიდებულია ე.წ. მდიდრების წარმატებაზეც. ისინი ქმნიან ქვეყანაში სამუშაო ადგილებს, ახდენენ ბიუჯეტის ფორმირებას, საიდანაც სოციალურად დაუცველები უნდა ფინანსდებოდნენ და ა.შ. ეს კომუნიკაცია უნდა ავაწყოთ.

 

ამ პროცესში, რა თქმა უნდა,  აუცილებელია საშუალო ფენის შექმნა. ეს ცალკე საზრუნავია და ამის კვლევასაც ვაპირებთ.

 

ბიძინა ივანიშვილმა თქვენი ინსტიტუტის დაფინანსებაზე და თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვა; უკვე დღეს რას ურჩევდით მეცენტს იმ ნაბიჯების ფონზე, რასაც ხელისუფლება მის წინააღმდეგ დგამს?

– ბატონ ბიძინას ერთადერთ რამეს ვურჩევდი, რომ ამ ნერვების თამაშში ნერვებმა არ უმტყუნოს; ხელისუფლებას არ აყვეს თამაშში, რასაც ის ცდილობს. პარადოქსია, მაგრამ დღეს თვითონ ხელისუფლება ცდილობს ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩაითრიოს ბიძინა ივანიშვილი; გაიყვანოს კონსტიტუციის გარეთ, სრული უკანონობის ველზე.

 

ამისთვის ხელისუფლება ძალიან ბევრ უკანონობას სჩადის. ყოველდღე ახალ–ახალ ნაბიჯებს ვაკვირდებით; შენობის ჩამორთვევას, საინკასაციოს დაყაჩაღებას, დაჭერებს; ცდილობენ ივანიშვილი მდგომარეობიდან გამოიყვანონ და შეცდომები დააშვებინონ.

 

ამიტომ, ივანიშვილს ნერვების დაოკებას ვურჩევდი. მისი მთავარი ამოცანა ის არის, რომ ქვეყანა მშვიდობიანად მივიდეს არჩევნებამდე. ხელისუფლებას არჩევნებზე მასთან ძალიან მიზერული შანსები აქვს.

 

მაგრამ თუ ის ძალისმიერი დაპირისპირების ველზე გამოიტყუეს, ამ შემთხვევაში მათ ბევრად მეტი შანსი აქვთ, ვიდრე ნებისმიერ სხვას. ივანიშვილი ხელისუფლებას განუკითხაობის თამაშში არ უნდა ჩაყვეს. თუ ეს მოახერხა, წარმატების ძალიან დიდი შანსი აქვს.

 

მოქალაქეების უმეტესობა მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ ივანიშვილს მოქალაქეობა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცეს...

– ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ისეთი უსამართლობაა, არ შეიძლება ყველაზე ღრმა სოფელშიც ეს არ ესმოდეთ. ადამიანმა ფული სხვაგან იშოვა და დაახლოებით მილიარდნახევარი ქველმოქმედებაში ჩადო; ქონების ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი. ასეთ ადამიანს ქვეყნის მოქალაქეობას რომ ართმევ, ამაზე მეტი უცნაურობა რა შეიძლება იყოს?

 

ამ ფონზე, ხელისუფლებას რა რჩევას მისცემთ?

– ხელისუფლებას ვურჩევდი, თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები სახელმწიფოზე მაღლა არ დააყენოს. რა თქმა უნდა, დაუბრუნოს ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა და პროცესები ნორმალური, ცივილიზებული პოლიტიკური თამაშის ფარგლებში დააბრუნოს. ქვეყანაში პოლიტიკური კონკურენცია შედგეს და ღირსეულმა გაიმარჯვოს.

 

ეს ერთადერთი რჩევაა ქართული სახელმწიფოს სახელით. ამ შემთხვევაში, მარტო ჩემი სახელით არ ვსაუბრობ. კიდევ ახალი რისკები და თამაშები, რომლებიც არაერთხლ გავიარეთ, საბოლოო ჯამში ქართულ სახელმწიფოს და ყველა მის მოქალაქეს აზარალებს.

 

ეს ქვეყანა თუ არ ეჯავრებათ, ასე უნდა გააკეთონ. სხვა შემთხვევაში, ჩვენ სრული უფლება გვექნება ჩავთვალოთ, რომ ერთი სკამი ურჩევნიათ მთელ ქვეყანას. მოქმედებენ პრინციპით – ჩემს შემდეგ ქვა ქვაზე არ დარჩენილაო. ასეთ დამოკიდებულებას კი ძალიან მძიმე შედეგები ექნება.