პოლიტიკური შურისძიება (VIDEO)

პოლიტიკური შურისძიება (VIDEO)

ხელისუფლებამ ოპოზიციის წარმომადგენლები იმ ორი თანამდებობიდანაც კი გაათავისუფლა, რაც მათ თბილისის საკრებულოში ეკავათ. „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლების, ზურაბ აბაშიძისა და ვიქტორ დოლიძის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად კი უმრავლესობამ ის დაასახელა, რომ, თურმე, ისინი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ და ეს მათი მოვალეობა არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულო არის არჩევითი ორგანო და მისი ნებისმიერი წევრი ნებისმიერ თანამდებობაზე არის პოლიტიკური ფიგურა, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არასოდეს არ ეკრძალება.

მიუხედავად ამისა, სწორედ თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობიდან ზურაბ აბაშიძის და  საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეობიდან ვიქტორ დოლიძის გადაყენებას ერთხმად დაუჭირა მხარი.

საკრებულოს სხდომის გამართვამდე ოპოზიციას და უმრავლესობას შორის ურთიერთობა ბიუროს სხდომაზე დაიძაბა. მართალია, ბიუროს სხდომა დახურული ფორმატით გაიმართა, მაგრამ როგორც სხდომიდან გამოსული ოპოზიციის წევრები ამბობენ, საკრებულოს ბიუროს წევრმა, უმრავლესობის წარმომადგენელმა სოსო ეგუტიამ ვიქტორს დოლიძეს დედა შეაგინა.

ამ ფაქტმა კი ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია და მათ ბიუროს სხდომა დატოვეს. თუმცა, დაძაბული ვითარება უკვე საკრებულოს სხდომაზე გაგრძელდა. ზურაბ აბაშიძის და ვიქტორ დოლიძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში პირველ და მეორე საკითხებად იყო გათვალისწინებული. საკითხის განხილვამდე კი განცხადების გაკეთება ზურაბ აბაშიძემ მოითხოვა და მან ხელისუფლება პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა.

ზურაბ აბაშიძე: ჩვენ ვიყავით ბიუროს სხდომაზე, სადაც, სამწუხაროდ თქვენთვის და არა ჩვენთვის, თქვენი უმრავლესობის წევრები ძალიან უზრდელად და უხეშად იქცეოდნენ. ამაზე მერე ვისაუბროთ, თქვენ კარგად იცით, კამერების გამოყენება არ მჩვევია. ახლა მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ თქვენი გადაწყვეტილება ჩემი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით და ვიქტორ დოლიძის, როგორც სოციალური და ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარეობიდან გადაყენების თაობაზე, არის პოლიტიკური ანგარიშსწორება.

არგუმენტები, რომელიც ბიუროს სხდომაზე მოვისმინეთ, არის დაუსაბუთებელი და მიუღებელი. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ეს არის ბოლშევიზმის დამკვიდრება. ის, რასაც დღეს თქვენ აკეთებთ, არის ბოლშევიკური წყობა და ეს არის გასული საუკუნის დასაწყისის სტილის გადმოღება. პირდაპირ გეტყვით, ამას აკეთებდა კომუნისტური პარტია საბჭოთა კავშირის პერიოდში. ამას აკეთებდა ...

ამ დროს მას სიტყვა ნიკო ხაჩირიშვილმა გააწყვეტინა და მათ შორის ხმამაღალი კამათი გაიმართა.

ნიკო ხაჩირშვილი: სწორედ მანდ ვართ...

ზურაბ აბაშიძე: ერთი წამით, ნიკო, არ დამიმთავრებია. დავამთავრებ და მერე თქვი...

ნიკო ხაჩირშვილი: ამ სხდომაზე, ბიუროს სხდომაზე იყო გარკვეული...

ზურაბ აბაშიძე: ეს არის საბჭოთა კავშირის წყობილება. ბიუროს სხდომაზე თქვენ სწორედ ის გააკეთეთ, რასაც აკეთებდა საბჭოთა კავშირი და ეს მინდა საჯაროდ ვთქვა.

ხაჩირიშვილი მისთვის სიტყის გაწყვეტინებას ცდილობდა და ერთი და იგივე ფრაზას იმეორებდა, რომ „ბიუროს გადაწყვეტილება პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის“. (!!!)

ზურაბ აბაშიძე: პირდაპირ გეუბნებით, ეს არის საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილება. მე ეს არაფერს მაკლებს და როგორც გინდათ, ისე მიიღეთ ეს გადაწყვეტილება. მე პირდაპირ გეუბნებით, ჩვენ ათასობით მოქალაქე გვყავს მიღებული და გაერკვიეთ საკითხში. დაინტერესდი, ნიკო, რამდენი საქმე აქვს ვიქტორ დოლიძეს გაკეთებული საკრებულოში...

ნიკო ხაჩირილი: ჩვენ ბიუროს სხდომაზე... ერთი წუთით, რაა... ნუ ცდილობთ ამ საკითხის პოლიტიზირებას...

ზურაბ აბაშიძე: ათასობით მოქალაქეს შევხედით და იმას ვაკეთებდით, რასაც თქვენ არ აკეთებდით...

ნიკო ხაჩირშვილი: ეს კიდევ ცალკე საკითხია.

ზურაბ აბაშიძე: ეს არის რეალობა... ეს არის პოლიტიკური დევნა

ნიკო ხაჩირიშვილი: ბოდიშს ვიხდი და ეს ბიუროს სხდომაზეც ითქვა...

ზურაბ აბაშიძე: თქვენ ხართ კომუნისტური პარტია და ამაში მთელი საზოგადოება ძალიან მალე დარწმუნდება...

ნიკო ხაჩირიშვილი: ძალიან კარგად გესმით, რაზეც ვლაპარაკობთ...

ზურაბ აბაშიძე: ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის არის მიუღებელი...

ნიკო ხაჩირშვილი: ბოდიშს ვიხდი, რაა... ჩვენ არასოდეს...რომელი დროშის ჩამოხსნას აპირებთ, აგვიხსენით...

ვიქტორ დოლიძე: აცადეთ ადამიანს...

ნიკო ხაჩირშვილი: ერთი წუთით რაა...

ვიქტრო დოლიძე: უგულავამ შეასრულა პირობები, რასაც მოსახლეობას აძლევდა? რატომ არ სთხოვთ პასუხს?

ნიკო ხაჩირშვილი: რა შუაშია უგულავა... თქვენ ამ თანამდებობებს პოლიტიკური მიზნით იყენებთ და არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ საეჭვო საქმისთვის გამოყენოთ...

ზურაბ აბაშიძე: რა არის საეჭვო?..

ვიქტორ დოლიძე: ეს შეურაცხყოფაა..

ამ დროს ვითარება საკმაოდ დაიძაბა და იმის გარჩევა, თუ ვინ რას ამბობდა, შეუძლებელი გახდა. თუმცა, ოპოზიციის მხრიდან ისმოდა, რომ ეს იყო პოლიტიკური დევნა. ხაჩირაშვილი კი დაჟინებით იმეორებდა, „აქ პოლიტიკა რა შუაშია, ამ თანამდებობის საეჭვო საქმისთვის გამოყენების საშუალებას არ მოგცემთო“.

საკრებულოს პრესამსახურმა კი ჟურნალისტების ოთახიდან გაყვანა მოითხოვა.

ზურაბ აბაშიძე: კარგად ბრძანდებოდეთ, თქვენ ხართ დამარცხებული პოლიტიკური ძალა... თქვენ მართლა საცოდავები ხართ...

ნიკო ხაჩირიშვილი: კარგად ბრძანდებოდეთ, ცალკე დავილაპარაკებთ...

ნათელა მაჭავარიანი: რისთვის გაათავისუფლეთ, მაინც ვერ გავიგეთ...

გათავისუფლების მიზეზებზე კი საკრებულოს უმრავლესობამ უკვე ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარებში ისაუბრეს და უნდა ითქვას, რომ მათი მხრიდან მხოლოდ ის არგუმენტი დასახელდა, რომ ისინი საკუთარი მოვალეობას ვერ ასრულებდნენ.

„მიგვაჩნია, რომ თბილისის საკრებულოში ნებისმიერი თანამდებობა თბილისელების პრობლემების გადაწყვეტას უნდა ემსახურებოდეს და არა რაღაც ბუნდოვანი, გაურკვეველი პოლიტიკური მიზნების განხორციელებას. თუმცა, ეს არის მათი არჩევანი და ღმერთმა ხელი მოუმართოთ“, - განაცხადა ნიკო ხაჩირაშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ რაში გამოიხატება მათ მიერ მოვალეობის არშესრულება, ძირითადად ზურაბ აბაშიძის იმ აქციას ასახელებდნენ, როდესაც მან ნაგვის გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადზე მიბმა იმით გააპროტესტა, რომ დასუფთავების სამსახურის ტანსაცმელი ჩაიცვა და ნაგავი მერიის წინ მიიტანა.

„აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს არის ერთი რიგითი საკითხი. ჩვენ გაცილებით ადრე ვაპირებდით ამ განცხადების გაკეთებას, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს დღევანდელ სხდომაზე გამოვიტანეთ განსახილველად. მიგვაჩნია, რომ თბილისის საკრებულოში ნებისმიერი თანამდებობა თბილისელების პრობლემების გადაწყვეტას უნდა ემსახურებოდეს და არა რაღაც ბუნდოვანი, გაურკვეველი პოლიტიკური მიზნების განხორციელებას. თუმცა, ეს არის მათი არჩევანი და ღმერთმა ხელი მოუმართოთ.

ეს იყო ჩვენი, უმრავლესობის ნება, რომ მათთვის მიგვეცა ეს თანამდებობები და ახლა არ ხდება მოხსნა. ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტული გადაადგილება, რადგან ამ ადამიანებმა მათზე დაკისრებული მოვალეობები ვერ შეასრულეს. თბილისის პრობლემატიკას აბსოლუტურად იქნენ მოწყვეტილნი და შეიქმნეს ის პლატფორმა, რომ ეკეთებინათ განცხადებები პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად.

ჩვენ კოლეგებს ხშირად სჩვევიათ ნებისმიერი თემის პოლიტიზირება, პოლიტიკური სპეკულაცია და ხშირ შემთხვევაში ჭიანჭველას სპილოდ ხდიან. ვფიქრობ, რომ აქ მსგავსი არაფერი არ ხდება და უბრალოდ, ჩვენი თანამშრომლობა ვერ შედგა. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ კოლეგიალობის ფარგლებში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ შედგება, მაგრამ არა ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში.

ეს არის წმინდა წყლის საქმიანი დამოკიდებულება უმრავლესობის მხრიდან და არაფერი პირადული. ახლა ამას როგორ განავრცობენ, ეს მათი პრობლემაა. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ იმას, რომ ჩვენ ორიენტირებულნი ვართ პრობლემების მოგვარებაზე და თბილისის საკრებულოს თანამდებობები ჩვენ არ გვჭირდება პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად“, - განაცხადა ნიკო ხაჩირიშვილმა.

მამუკა ახვლედიანმა კი მის ნათქვამს მხოლოდ ის დაუმატა, რომ „მათი მხრიდან მხოლოდ გაურკვეველი პოლიტიკური მიმართულების ამბიციურ ნაბიჯებს ვხედავთო“.

კოკი იონათამიშვილმა კი ამ ყველაფერს დასძინა, „ჩვენ ახლა გავარკვიეთ, რომ ის საკრებულოს თავმჯდომარის ოთახშიც კი არ არის ნამყოფიო“.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ნამდვილად ვერ დავინახეთ ის, რომ რაიმე ქმედითი წინადედება, თუნდაც კრიტიკული, მათი მხრიდან ყოფილიყო და მხოლოდ და მხოლოდ, ეს არის ამ გადაწყვეტილების საფუძველი. მათი მოხსნა კანონის და კონსტიტუციის დარღვევა არ არის. მათ ჩვენი კეთილი ნების გამო ეკავათ ეს თანამდებობები. ნახეთ, ჩვენი რიგითი წევრები ყოველგვარი თანამდებობის გარეშე რას აკეთებენ. მათ ყველა ტრიბუნა ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ მათი ქმედითი ნაბიჯები ვერ დავინახეთ. საკრებლოს წევრის მთავარი ამოცანა უნდა იყოს თბილისის კეთილმოწყობა და ასეთი გაურკვეველი ქმედებები,” - აცხადებს კოკი იონათამიშვილი.

სწორედ ამიტომ, რომ ისინი ამ „გაურკვეველ ქმედებებს“ ვერ აკონკრეტებენ, ოპოზიცია ამ ყველაფერს პოლიტიკურ დევნად აფასებს. აბაშიძისა და დოლიძის პროტესტს კი დანარჩენი ოპოზიციაც შეურთდა და პროტესტის ნიშნად სხდომა ყველა მათგანმა დატოვა.

სხდომიდან პირველი „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი დავით საგანელიძე გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ უმრავლესობისგან და კონკრეტულად სოსო ეგუტიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„საკრებულო ორგანო არის ის ორგანო, სადაც საზოგადოებისგან არჩეულ ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისი პოზიცია გამოხატოს. სხვა საკითხია, როდესაც ორი ადამიანი აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზებით თანამდებობიდან გაათავისუფლეს და, სამწუხაროდ, ჩვენ არგუმენტები ვერ მოვისმენთ. მე ვხვდები, რომ ერთადერთი, ამის მიზეზი რაც შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ეს ერთი თემაა, რომელიც ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ განსჯას საჭიროებს და ამის საშუალება, ალბათ, უფრო მშვიდ გონებაზე გვექნება.

მაგრამ მეორე საკითხია ის, რაც ბიუროზე მოხდა. ის ამაზრზენი ფაქტი, როდესაც ბიუროს წევრმა სოსო ეგუტიამ ქართველი კაცისთვის და ზოგადად ადამიანისთვის ყველაზე მიუღებელ ფორმას - დედის გინებას მიმართა და ჩვენი ფრაქციის წევრი შეურაცხყო, ყოველ ზღვარს სცილდება და მიმაჩნია, რომ ამის მერე ასეთ სხდომებზე დასწრებას აზრი არა აქვს... თუ ამაზე თვალები იქნა დახუჭული, რომ შეიძლება საკრებულოს წევრმა დედის გინებით და მუშტების ბრახუნით გამოხატოს თავისი პოზიცია, მაშინ ასეთ საკრებულოში მონაწილეობას აზრი არა აქვს“, - აცხადებს საგანელიძე და დასძენს, რომ „ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს მათი პოლიტიკური ძალის აქტიურობა პოლიტიკურ სივრცეში და ჩემი აზრით ეს არის ამ ადამიანების მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება”.

ასეთივე შეფასებები გაკეთდა დანარჩენი ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდანაც.

„ქრისტიან-დემოკრატებმა“ სოლიდარობის ნიშნად დავტოვეთ სხდომა, რადგან მიგვაჩნია, რომ 21-ე საუკუნეში პოლიტიკური ოპოზიციას ამ მეთოდებით არ უნდა უსწორდებოდე. მიუხედავადა იმისა, რომ ჩვენს შორის უამრავ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ჩვენ ვართ სოლიდარულნი და მიგვაჩნია, რომ ნაცმოძრაობა არღვევს ყველანაირ შეთანხმებას. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ უმრავლესობამ და ბატონმა სოსო ეგუტიამ ბოდიში მოიხადოს იმ გინებისა და უშვერი სიტყვების გამო“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

რესპუბლიკელების წარმომადგენელი, თინა ხიდაშელიც აცხადებს, რომ „ამ შემთხვევაში სრულიად ნათლად სახეზეა პოლიტიკური ანგარიშსწორება იმიტომ, რომ ეს ადამიანები ყოველთვის იყვნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და ჩემთვის გაუგებარია ის არგუმენტი, რასაც დღეს ამბობს ხელისუფლება, რომ რაღაცას არ ელოდებოდნენ, რაც მოხდა. ოპოზიციის ფუნქცია ის არის, რომ მუდმივად კრიტიკის რეჟიმში იყოს და მუდმივად მიუთითებდეს იმას, რაზეც შეგნებულად თვალს ხუჭავენ მმართველი ძალის წარმომადგენლები.

იმის თქმა, რომ ზურა აბაშიძეს ყვითელი ფორმა ჩაიცვა და სადღას აქცია გამართა და ეს არის მოვალეობის არშესრულება, ძალიან არადამაჯერებელია და ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს მეტი დამაჯერებლობა სჭირდება. ბატონმა ზაალმა ძალიან საინტერესო ფრაზა თქვა, - ამას სამი თვის წინაც ვფიქრობდით, მაგრამ თავი შევიკავეთო. სწორია, ალბათ, მართლაც ფიქრობდნენ, რადგან მაშინ საფრთხე „რვიანისგან“ ემუქრებოდათ. დღეს კი ეს პოლიტიკური ძალა სხვა კონტექსტში აღმოჩნდა და ახლა სხვა ტიპის ანგარიშსწორება აღმოჩნდა საჭირო და, ალბათ, ამ გადაწყვეტილებას ამიტომ იღებენ“, - მიაჩნია ხიდაშელს.

თავად აბაშიძე და დოლიძე კი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა.

„დღეს საკრებულოს თავზე ფრიალებს წითელი დროშა და კიდევ ერთხელ მინდა შევპირდე ქართულ საზოგადოებას, რომ ჩვენ გაათმაგებული ძალისხმევით გავაგრძელებთ იმის კეთებას, რასაც აქამდე ვაკეთებდით და ერთი წლის თავზე ეს ბოლშევიკური დროშა, რომელიც საკრებულოს თავზე ფრიალებს, ჩამოიხსნება და მისი პირველი ინიციატორები იქნებიან ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე და სხვა ჩვენი თანამოაზრეები.

ნამდვილად აგონიაში არიან. მათი უმთავრესი მიზანი ხალხის პრობლემების გათვალისწინება და მოგვარება კი არ იყო, არამედ ხელისუფლების გახანგრძლივება იყო და დღევანდელი დღე კარგად აჩვენებს ამას და მე დარწმუნებული ვარ, ეს იქნება დასაწყისი იმ დასასრულისა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დადგება ამქვეყანაში“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.