"ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას ყოველგვარი ეიფორიის და ენის მოჩლექვის გარეშე უნდა მივუდგეთ"

ბიძინა ივანიშვილი თავისი გუნდით პარლამენტში უმრავლესობით მოსვლას გეგმავს. ალასანიას და რესპუბლიკელების გარდა, როგორც ჩანს, მასთან სხვა პოლიტიკური ძალები და ფიგურებიც წარმოდგენილნი იქნებიან. ერთ–ერთი მთავარი სამოქმედო მიმართულება, რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორებაა. 

 

ამის შანსებზე ქართული პოლიტიკის ვეტერან ნოდარ ნათაძეს ვესაუბრებით.

 

- ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას ყოველგვარი ეიფორიის და ენის მოჩლექვის გარეშე უნდა მივუდგეთ. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ 2012 წლის არჩევნებზე ივანიშვილი მმართველ ხროვას საპარლამენტო ადგილების დაახლოებით ორმოც პროცენტს წაართმევს. მეტი - კარგი იქნება, მაგრამ ამას მაინც მიაღწევს.

 

შედეგად რას მივიღებთ?

– მმართველი ხროვა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია განურჩევლად იმისგან, თუ როგორი ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული ეს 40 პროცენტი.

 

რას გულისხმობთ?

- კონკრეტულად რესპუბლიკელებს რაც შეეხება, ამ პარტიას ერთადერთი სპეციალობა აქვს – ქართული გვარების და პარტიული ბეჭდების გაქირავება ანტიქართული დოკუმენტების ხელმოსაწერად. ისინი ახლანდელ მმართელებზე უკეთეს გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ. მაინც პლიუსია, რადგან ერთსულოვან ორას მტერთან საქმე აღარ გვექნება.

 

თავად ივანიშვილი უმრავლესობით მოსვლაზე საუბრობს; თქვენ ამას შეუძლებლად თვლით?

– ორმოც პროცენტს, მინიმუმს გეუბნებით. ამის იმედი თითქმის უყოყმანოდ მაქვს. თუმცა, მირჩევნია მეტი იყოს.

 

გამოდის, რომ უმრავლესობა კვლავ ხელისუფლების ხელში იქნება...

– ალბათობა გამორიცხული არ არის. რაც შეეხება ხელისუფლების აღებას, ანუ საჭის მოტრიალების უნარიანობის მოპოვებას, აქ ძალიან დიდი შიში მაქვს.

 

მაინც რა გაშინებთ?

– დღეს კრემლის შემოტევის გენერალურ ხაზს ვხედავთ. რუსეთი როგორც სახელმწიფო ჩიხში იმყოფება. ჩვენი ტერიტორიების ცნობამ და მსოფლიოს მიერ ამის უარყოფამ რუსეთი, პრინციპში, გაამაიმუნა. ეს თავად პუტინს საკუთარ ქვეყანაში დიდ პრობლემებს უქმნის. რუსეთი ყველა მინუსის და დიქტატურის ფონზე მისგან გამარჯვებას მოითხოვს. თუ ამას ვერ მოიპოვებს, პუტინს უბრალოდ ჩამოახრჩობენ.

 

ამიტომ რუსეთი ყველაფერზე წავა, რომ საქართველოს ხელისუფლება აფხაზებთან და ოსებთან კონფედერაციაზე დაითანხმოს. ანუ სახელშეკრულებო, დაშლად სახელმწიფოზე, რომელიც დამოუკიდებელი ერთეულებისგან შედგება, რაც პერსპექტივაში ქვეყნის სიკვდილს ნიშნავს. ვშიშობ, ამის უკან დასავლეთის ერთგვარი თანხმობა არ იმალებოდეს. 

 

აქედან მორალი...

– როგორც ქვეყნის მოქალაქე, კატეგორიულად მოვითხოვ ბიძინა ივანიშვილისგან აბსოლუტურად ცალსახა და ნათელი განცხადება გააკეთოს, რომ სულის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე წინააღმდეგი იქნება საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს ნაცვლად კონფედერაციის შექმნაზე. ამას თუ არ იტყვის, მაშინ მხარს ვერ დავუჭერ.

 

მისი პირველი გამოსვლებიდან ამ საკითხში გამოხატული პოზიცია ვერ დაინახეთ?

– ამ ნომერ პირველ თემას ის არ ეხება. უფრო მეტიც, ფრაზა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებას გამართავს, შეცდომაა. ეს არაფრისმთქმელი განცხადებაა. ურთიერთობის კონტექსტში ნათქვამი უნდა იყოს – არავითარი მოლაპარაკება რუსეთთან წინასწარი პირობის გარეშე. მოსკოვმა თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან და მის მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის ცნობის დეზავუირება უნდა მოხდეს.

 

ამის გარეშე ივანიშვილს, როგორც ქართველს, არ აქვს რუსეთთან ლაპარაკის უფლება.

 

ისე, ივანიშვილს რამდენად დიდი შანსი აქვს ამ ურთიერთობების დარეგულირების საქმეში?

– ნებისმიერმა ქართველმა პოლიტიკოსმა უნდა იცოდეს, რომ ქართული მიწაწყლის დაბრუნება ქვეყნის შემადგენლობაში, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის,  როგორც იმპერიული ძალისა ჩვენს რეგიონში, გეოპოლიტიკურ დამარცხებაზე გაივლის.

 

ეს აუცილებლად სროლით არ უნდა მოხდეს. ამისთვის ყველაზე პრაქტიკული გზა ზეწოლაა, დღევანდელი ძალთა შეფარდების პირობებში. მაგრამ ეს უნდა მოხდეს რუსეთის იმპერიული ნების წინააღმდეგ. პოლიტიკოსმა ეს უნდა იცოდეს და აღნიშნული პოზიცია ღიად უნდა გამოხატოს ხელმოწერით და ბეჭდის დარტყმით.

 

ივანიშვილის გუნდს რომ დავუბრუნდეთ, რესპუბლიკელების გარდა მასში  ალასანიაც შედის; შესაძლოა სხვებიც შეუერთდნენ. რამდენა პერსპექტიული იქნება ეს პოლიტიკური გაერთიანება?

– ალასანია ყველაფრით კარგი ახალგაზრდა ჩანს, მაგრამ აგერ უკვე ორი წელი პოლიტიკაშია და მასში ვერანაირი კონსტრუქციულობა ვერ დავინახე. პროგრამა არ აქვს და ვერც ექნება. ძლიერ პროგრამას მუხტი და ინტენსიური შინაგანი პროცესი სჭირდება, რომელიც მასთან არ ჩანს. ამიტომ დიდ პერსპექტივას ვერ ვხედავ.

 

ალასანიას უპირატესობაა კარგი ურთიერთობა ამერიკელებთან. იქ ცხოვრობდა და საჭირო ურთიერთობები დაამყარა. ეს მისასალმებელია, მაგრამ საკმარისი არ არის.

 

მრჩეველთა გუნდზე რას იტყვით?

– ეს უკვე საცირკო დასს ჰგავს. ზოგი ლილიპუტია, ზოგი სპილო. რამდენიმე ადამიანი ჩემს თვალში სიმპათიურად გამოიყურება; მაგრამ იმ გუნდში მათი მუშაობა ძნელად წარმომიდგენია.