უმრავლესობისთვის მიშა ყოველთვის მართალია

უმრავლესობისთვის მიშა ყოველთვის მართალია

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ივანიშვილის მიერ გაწეული ქველმოქმედებაზე ყოველთვის საუბრობდა. არადა, რეალურად საზოგადოებას ის ახსოვს, პრეზიდენტი თავის მთავრობასთან ერთად ამ ობიექტებს რა სიამაყით ხსნიდა და ამ ყველაფერს როგორ თვლიდა საკუთარ დამსახურებად.

რატომ მალავდა ამ ყველაფერს ხელისუფლება და არის თუ არა მზად, რომ იგივე არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებასთან დაკავშირებით მიიღოს ივანიშვილის წინადადება, ამ საკითხებთან დაკავშირებით presage.tv პავლე კუბლაშვილს ესაუბრა.

ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ის დააფინანსებს ბიომეტრიული პასპორტების მონაცემებით საარჩევნო სიების შედგენას. ხელისუფლება ამ შეთავაზებას მიიღებს?

- შეიძლება ვიღაცას აქვს წარმოდგენა, რომ ფულით შეიძლება ყველაფრის ყიდვა, მაგრამ არის რაღაცეები, რასაც ვერ შეძლებ, მიუხედავად დიდი ფინანსური შესაძლებლობისა.

როდესაც ამ საკითხზე ხელისუფლებამ უარი თქვა, ამის მიზეზად სათანადო თანხების არქონა არ დასახელდა.

- ძალიან მინდა, რომ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია. საუბარია იმაზე, რომ, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არის კარგი, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვათ და ეს ითქვა ვენეციის კომისიის წარმომადგენელთა მხრიდანაც, რომ ეს არ მოხერხდება მომდევნო არჩევნებისთვის.

არ მოხერხდება არა იმიტომ, რომ საკმარისი თანხა შეიძლება არ იყოს, არამედ იმიტომაც, რომ, შეიძლება, დროც არ გეყოს. ჩვენს ყველა მოქალაქეს არ ექნება იმის საშუალება, რომ აიღოს ბიომეტრიული პირადობის მოწმობა, რაც გამოიწვევს იმას, რომ ყველა უბანზე აღმოჩნდა 20-30 ადამიანი და მას ხმის მიცემის საშუალება არ ექნება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად. ისეთი არჩევნები, სადაც ადამიანებს არ ეძლევათ ხმის მიცემის საშუალება, ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება. ამიტომაც ჩვენ ამ არჩევნებს ასეთი რისკის ქვეშ ნამდვილად ვერ დავაყენებთ.

როდისთვის იქნება ამის განხორციელება შესაძლებელი?

- გრძელვადიან პერსპექტივაში ეს პროცესი დაწყებულია. ბიომეტრიული პირადობის მოწმობის გაცემა დაიწყო ივნისიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და ყველას ექნება საშუალება, ეს დოკუმენტი აიღოს, რაც მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს საარჩევნო პროცესს.

გამოქვეყნდა იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აშენებულა, მაგრამ ხელისუფლებამ ყველა მათგანი თავის დროზე, თავისი სახელით გახსნა. რატომ არ ხდებოდა თავის დროზე იმის თქმა, რომ ეს პროექტები ივანიშვილის დაფინანსებული იყო?

- მე ძალიან ბევრი პროექტი ვიცი, რომელიც მართლაც ბიძინა ივანიშვილის მიერ ფინანსდებოდა და მე ამას ყოველთვის ვუსვამ ხაზს, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, ივანიშვილი ამ სფეროში დარჩენილიყო და არ გამხდარიყო გარკვეულწილად რუსული პროექტის ნაწილი.

შესაბამისად, მისი მხრიდან პროექტების დაფინანსება იყო ის ქმედება, რომელიც მისასალმებელია ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქისთვის, მაგრამ როდესაც მის მიერ ხდება სხვა პროცესების დაფინანსება, რომელიც უკვე უკავშირდება რუსულ ინტერესებს ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეს უკვე სხვაგვარად უნდა შეფასდეს.

ამას არ გეკითხებით, არის თუ არა ივანიშვილის ქმედება რუსული პროექტი. ჩვენ გვაინტერესებს, რატომ იჩემებდა ხელისუფლება იმას, რასაც ერთი კონკრეტული ადამიანი საკუთარი სახსრებით აკეთებდა?

- მე რამდენადაც ვიცი, ამასთან დაკავშირებით ყოველთვის კეთდებოდა შესაბამისი განმარტება, რომ ესა თუ ის პროექტი ივანიშვილის დაფინანსება იყო.

კონკრეტულად როდის და რა პროექტზე გაკეთდა ხელისუფლებისმიერ ასეთი განმარტება?

- ...

პრეზიდენტის ინიციატივა, რომ ის მეწარმეები, რომლებიც 45-60 წლის ადამიანებს დაასაქმებენ, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით აღიარებული თანასწორობის პრინციპს. ამასთან, საშემოსავლოს იხდის დაქირავებული და არა დამქირავებელი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პრეზიდენტის ეს დაპირება როგორ უნდა შესრულდეს?

- რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებულია ბიუჯეტის თანხებთან და ჩვენ ვამბობთ, რომ გარკვეულწილად საბიუჯეტო შემოსავლები შეიძლება შემცირდეს, მაგრამ ეს არის ის პრიორიტეტი, რომლის გამოც ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ თავისუფლდება ამ გადასახადიდან, რა თქმა უნდა, მეწარმე იხდის საშემოსავლო გადასახადს და, თუ მას არ ექნება ეს გადასახდელი, მას ექნება საშუალება, რომ შესაბამისი რაოდენობით გაუზარდოს ხელფასი ამ დასაქმებულს. ამიტომაც ეს არის ზრუნვა ბიზნესის გაუმჯობესებაზე და დასაქმებულის პირობების გაუმჯობესებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ არის ძალიან ბევრი კითხვები ამის ტექნიკურ განხორციელებასთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასევე მსჯელობის საგანი იქნება და მოგვიანებით დავაზუსტებთ, თუ კონკრეტულად როდის და რა ფორმით შევა ეს ყველაფერი ძალაში. 

კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის ადამიანების კატეგორიებად დაყოფა?

- მე არ ვფიქრობ, რომ შეიძლება, აქ რაღაც წინააღმდეგობა იყოს. ასე შეიძლება სხვადასხვა გადასახადი გქონდეს სხვადასხვა საქმიანობისთვის, მაგრამ ეს არ არის კონსტიტუციის დარღვევა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა იმ ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც თავისი ასაკის გამო, შესაძლოა, ბოლომდე არ არიან ჩართულნი თავისი ქვეყნის შენების პროცესში, აუცილებელია.