თენგიზ სიგუა: „მასზე პირველად 1995 წელს გავიგე...“

თენგიზ სიგუა: „მასზე პირველად 1995 წელს გავიგე...“

ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ დამყაყებულ პოლიტიკურ ბალანსს ბოლო მოუღო. გაძლიერებული ოპოზიციის მხრიდან სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, მმართველ ხელისუფლებას პოლიტიკურ საიქიოში გასტუმრებას უწინასწარმეტყველებენ. თუ ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ მისცემენ, არც იმას გამორიცხავენ, რომ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპრების მორიგი საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.

 

ყოფილ პრემიერს თენგიზ სიგუას ვესაუბრებით.

 

- პრაქტიკაში პირველი არ არის, როდესაც მილიარდერს ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი აქვს. პრეზიდენტობაზე კენჭისყრის ათზე მეტი შემთხვევა იყო; მათ შორის სამი შეერთებულ შტატებში, ორი რუსეთში და უკვე მეორე შემთხვევაა საქართველოში. თუმცა, აქამდე არცერთ შემთხვევაში მილიარდერს გამარჯვება არ მოუპოვებია.

 

ასე რატომ ხდებოდა?

– ბევრ შეცდომებს უშვებდნენ. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეს თითქმის უნდა გამოვრიცხოთ. რამდენადაც მის განვლილ გზას ვაკვირდები, ბიზნესში ძალიან სწრაფად და სწორად მოქმედებდა.

 

მასზე პირველად 1995 წელს გავიგე. საუბარი მქონდა პროფესიით ჩემს კოლეგებთან. იყო ასეთი პროფესორი - მიზინი, რომელიც თავის დროზე ტულა–ჩერმეტის საწარმოს გენერალურ დირექტორად მუშაობდა. მან მითხრა, რომ ტულა–ჩერმეტის ახალი დირექტორი ქართველი ბიზნესმენი ივანიშვილი გახდაო. 

 

გარდა ამისა, მას რუსეთშივე ორი ძალიან დიდი სამთო–გამამდიდრებელი კომბინატი ჰქონდა შესყიდული. ერთს „მიხაილოვსკი გოკ“, მეორეს, თუ არ ვცდები, „სმოლენსკი გოკ“ ერქვა.

 

ამის შემდეგ რუსეთში მოღვაწე იმ ქართველებს ვაკვირდებოდი, რომლებიც ძალიან მდიდრები გახდნენ. ბიძინას გარდა იყო დავით იაკობაშვილი, რომელსაც რუსეთში და შვედეთში დიდი ბიზნესი ჰქონდა; ქართველი ებრაელი მიხეილ მირილაშვილი, რომელსაც სანქტ–პეტერბურგში საკმაოდ დიდი ქონება გააჩნდა, მილიარდს უახლოვდებოდა.

 

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს... ჩემს კოლეგა მეცნიერებს ვეკითხებოდი, თუ როგორ ხელმძღვანელობდა ის სამთო–გამამდიდრებელ კომბინატებს და დიდ მეტალურგიულ წარმოებას ქალაქ ტულაში, მეტად საზრიანადო – მპასუხობდნენ, ძალიან გამჭრიახი გონების კაცია – მეუბნებოდნენ. პირადად არ შევხვედრივარ და არ ვიცნობ, მაგრამ ასეთ დადებით დახასიათებას აძლევდენ.

 

შემდგომში ეს წარმოებები გაყიდა. დღესდღეობით მისი, ხუთმილარდნახევრად შეფასებული ქონებიდან ერთი მესამედი რუსეთშია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მსხვილი ბანკი „როსიისკი კრედიტი“; სასოფლო–სამეურნეო დიდი კონცერნი „სტოილენსკაია ნივა“ და აფთიაქების ფართო ქსელი სახელწოდებით „დოქტორ სტოლეტოვ“.

 

ივანიშვილის სამამულო პოლიტიკაში მოსვლას რაც შეეხება...

– დღეს დასავლეთში თითქმის წესად არის მიღებული, რომ თვითონ მილიარდერები პრეზიდენტობაზე კენჭს არ იყრიან. ისინი დიდ ფულს ხარჯავენ - საკანონმდებლო ორგანოში თავიანთი წარმომადგენლები გაჰყავთ, ე.წ.ლობისტები და მათი საშუალებით გააქვთ საჭირბოროტო საკითხები.

 

ამაზე ივანიშვილმა ღიად განაცხადა, რომ 2008 წლის გაყალბების შემდეგ ოპოზიციას ვაფინანსებდი, მაგრამ უშედეგოდო.

– ბევრი ნაკლად უთვლის, რომ სააკაშვილის გუნდს აფინანსებდა. მე პირადად ამას მინუსად არ მივიჩნევ. მას სჯეროდა, ისევე როგორც მე, რომ ეს გუნდი ნამდვილ, ლიბერალურ–დემოკრატიულ სახელმწიფოს ააშენებდა. შეცდა ივანიშვილიც, როგორც ჩანს.

 

ახლა, საკითხის მეორე მხარესაც შევხედოთ. ბოლო მაგალითი ავიღოთ შეერთებული შტატებიდან. ცნობილი მილიარდერი დონალდ ტრამპი კენჭისყრას აპირებდა პრეზიდენტის პოსტზე. ორ თვეში განზრახვაზე უარი თქვა. რუსეთს თუ განვიხილავთ, წინა წლებში იყო ასეთი მილიარდერი ბრინცალოვი; პრეზიდენტობას აპირებდა, მაგრამ დამარცხდა. სულ ახლახანს მილიარდერი პროხოროვი უშედეგოდ გეგმავდა პოლიტიკურ ასპარეზზე პრეზიდენტის რანგში გამოსვლას.

 

ჩვენთან პატარკაციშვილის ცნობილი ისტორია გვაქვს. ამიტომ, არც ერთ მსგავს მცდელობას არ გაუმართლებია.

 

ამ პოლიტიკურ წარუმატებლობებში რაიმე საერთო კანონზომიერება თუ არსებობს?

– ყველგან ერთი და იგივეა – შეცდომების დაშვება. ეს წინასაარჩევნო კამპანიისას ხდებოდა და ამით რეიტინგს კარგავდნენ. ისევ ჩვენი მაგალითი ავიღოთ – პატარკაციშვილმა ხომ ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომები დაუშვა, როდესაც შსს–ს მაღალჩინოსნების გადმობირებას შეეცადა.

 

ამ კონტექსტში, ივანიშვილის პირველ პოლიტიკურ ნაბიჯებზე და განცხადებებზე რას იტყვით?

– ერთი შეცდომა მან უკვე დაუშვა. ხელისუფლებამ არ იცოდა, რომ მას მესამე ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდა. რუსეთის მოქალაქე იყო და განცხადების საფუძველზე 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა. ეს სავსებით გამართლებული და კანონზომიერი ნაბიჯი იყო. მერე საფრანგეთის მოქალაქეობა მიუღია, რაც უკვე ჩვენი კანონების დარღვევაა. განცხადების გაკეთებამდე საფრანგეთის ქვეშევრდომობა უნდა გაეუქმებინა. ეს არ გააკეთა. მეორეს მხრივ, ეს აბსოლუტურად არასწორი და არაკანონიერი ქმედებაა მისი მეუღლის მიმართ.

 

განცხადება კიდევ ერთი ორი კვირა არ უნდა გაეკეთებინა, რათა საბუთები შეეგროვებინა და გაეუქმებინა საფრანგეთის ქვეშევრდომობა. ამის შემდეგ უნდა დაეწყო აქტიური პოლიტიკური მოვაწეობა. რატომღაც ეს შეცდომა დაუშვა.

 

მეორე ისაა, რომ პირველივე განცხადებაში ძალიან მიუღებელი ფორმით მედიას დაეჯახა. თუ ისტორიას გადავხედავთ, პრესასთან ომში ხელისუფლება, ზოგადად - პოლიტიკოსები, ყოველთვის მარცხდებიან.

 

მთლიანობაში, რას მოუტანს ქვეყანას ივანიშვილის მიერ ოპოზიციურ ფრონტზე ძლიერი ნიშის დაკავება?

– მისი ცხოვრების შესახებ რაც ვიცი, ბიზნესს ძალიან სუფთად და წესიერად ეწეოდა. მეორე, რაც ქველმოქმედებას შეეხება, მოდით გადავხედოთ, ვინ გვყავდა ასეთი გამოჩენილი ქველმოქმედები – სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, ხოშტარია, მიტროფანე ლაღიძე, ბოლოს - აწგარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილი. მაგრამ ვერცერთი ახლოსაც ვერ მივა ბიძინა ივანიშვილთან. ავიღოთ ეკლესიების მშენებლობა. რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრები მისი გადარჩენილია. გზების, სახლების მშენებლობაზე აღარაფერს ვამბობ.

 

ჩემი შეფასებით, ასეთი მაღალი დონის ქველმოქმედი საქართველოს არ ჰყოლია. რამდენადაც ვიცი, დაახლოებით 1500 კაცი დღესაც მის მიერ დანიშნულ სტიპენდიას იღებს. ესენი არიან მეცნიერები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები – მსახიობები, რეჟისორები, მწერლები, პოეტები და ა.შ.

 

თუ ხელისუფლება ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ მისცემს, არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს; რას ფიქრობთ ამის თაობაზე?

– საზოგადოება აშკარად გამოფხიზლებულია. ივანიშვილის გამოჩენამდე ქვეყანაში ოპოზიციის ფაქტორი ნულის დონეზე იყო დასული. მთლიანად საზოგადოება მიძინებულ მდგომარეობაში ცხოვრობდა. დაიწყო მნიშვნელოვანი გამოცოცხლება. 

 

კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს მიაქცევდით ყურადღებას. დიპლომატიური კორპუსი მას რეზიდენციაში ეწვია. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. ჯერ ერთი, დიპლომატი ასეთი ნაბიჯის გადადგმას თავისი ინიციატივით ვერ გაბედავდა. თავიანთი მთავრობების ხელმძღვანელობასთან ჰქონდათ შეთანხმებული. აქ უკვე ძალიან მნიშვნელოვან ძვრებს აქვს ადგილი.

 

შეუიარაღებელი თვალითაც უკვე ჩანს, რომ ხელისუფლება შეშფოთებულია.  ივანიშვილის გამოჩენამ ისინი ძალიან ააწრიალა. შეცდომებსაც უშვებენ.