საარჩევნო შეთანხმების ვადებიც ირღვევა

საარჩევნო შეთანხმების ვადებიც ირღვევა

ამ კვირაში საქართველოში ვენეციის კომისიის დელეგაცია ჩამოდის და მათი სტუმრობის მიზანი ახალი „საარჩევნო კოდექსის“ პროექტთან დაკავშირებით შეხვედრების გამართვაა, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

აღსანიშნავია, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი და არსებითი შენიშვნა გააჩნია, როგორც ოპოზიციას, ასევე არასამთავრობო სექტორს და იმედი აქვთ, რომ მათი შენიშვნები თანხვედრაში იქნება ვენეციის კომისიის შენიშვნებსა და რეკომენდაციებთან.

თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ შეხვედრაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ გაჟღერდება და მათი ვიზიტი მხოლოდ საკითხების დაზუსტებას ისახავს მიზნად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროექტის განხილვის ვადები იწევს. არადა, ხელისუფლებას და ოპოზიციის ნაწილს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად ახალი „საარჩევნო კოდექსის“ მიღება უნდა მომხდარიყო ორი პირობის დაცვით. ეს არის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება და პროექტის ოქტომბრის ბოლომდე მიღება.

იმოქმედებს თუ არა პირობის დარღვევა საარჩევნო პროცესზე და შეიცვლება თუ არა საერთოდ არჩევნების ჩატარების ვადები, ამ საკითხებთან დაკავშირებით presage.tv საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, პარლამენტის პირველ ვიცესპიკერს მიხეილ მაჭავარიანს ესაუბრა.

მიხეილ მაჭავარიანი: ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ, რომ „საარჩევნო კოდექსის“ პროექტი გაგზავნილია ვენეციის კომისიისთვის და ახლა მათი ვიზიტი არის შუალედური, რათა მოხდეს საკითხების დაზუსტება. ვენეციის კომისიის საბოლოო შედეგი კი იქნება, ალბათ, დეკემბერში.

ვენეციის კომისიის სხდომა წელიწადში ოთხჯერ იმართება, სადაც ხდება საბოლოო დასკვნების შემუშავება. წინა სხდომა იყო ოქტომბერში, შემდეგი იქნება დეკემბერში და ამ შეხვედრაზე მოხდება დასკვნის მიღება.

ამიტომაც მათი მუშაობა ორი კომპონენტისგან შედგება. ახლა ჩამოდიან არსებული კითხვების დასაზუსტებლად. ანუ, ეტყობა, არის საკითხები, რაზეც მათ სჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია, სწორად გაიგეს თუ - არა. შემდეგ კი იქნება უკვე რეკომენდაციების გახმოვანება. ჯერჯერობით, ისინი ვერანაირ რეკომენდაციებს ვერ დაგვიტოვებენ. ისინი მიიღებენ ჩვენგან პასუხებს და რაღაც საკითხებზე, ალბათ, იქნება შემოთავაზებები. 

მუშაობა გაგრძელდება ნოემბერში და ეს პროცესი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. სადღაც 10-12 დეკემბრისთვის კი ვენეციის კომისიამ საბოლოო დასკვნა უნდა გამოაქვეყნოს და ამ დროისთვის მათი შენიშვნებიც გვეცოდინება და რეკომენდაციებიც. მანამდე ამ თემაზე საუბარი მხოლოდ ვარაუდების დონეზე იქნება.

ანუ, მინიმუმ, 12 დეკემბრამდე არ მოხდება საარჩევნო კოდექსის მიღება?

- ჩემი პოზიცია არის, რომ სჯობს, დავიწყოთ განხილვის პროცედურა, მაგრამ ფრაქციის შიგნით არის მოსაზრება, რომ უნდა დაველოდოთ საბოლოო დასკვნას. მე ვამბობ, რომ პირველი მოსმენით რომ მივიღოთ პრინციპების დონეზე, ეს ხელს არაფერს არ შეუშლის.

ვენეციის კომისიის დასკვნის დალოდება ხომ მათი რეკომენდაციაა?

- ვენეციის კომისიას, რა თქმა უნდა, ურჩევნია, რომ ეს დოკუმენტი მიღებული იყოს მათი სხდომის შემდეგ. მაგრამ ეს პრაქტიკა ძლიან ბევრ ქვეყანაში არის, რომ იწყებენ მუშაობას და მუშაობის პროცესში ეწევათ დასკვნა. ზოგ ქვეყანაში საერთოდ კანონს იღებენ და შემდეგ შეაქვთ ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე.

ჩვენ ორივე პრაქტიკა გვქონია. კონსტიტუციაზე ჩვენ დაველოდეთ, სხვა კანონებთან დაკავშირებით მივიღეთ და მერე ჩავასწორეთ, ამიტომ არც ერთი პრობლემას არ წარმოადგენს.

საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ითქვა, რომ პროექტის მიღება მოხდება არაუგვიანეს ოქტომბრისა...

- ოქტომბერს გადაცდება, რადგან მხოლოდ ვენეციის კომისიასთან რომ ვმუშაობდეთ, ეს მოესწრებოდა. მაგრამ ვენეციის კომისიასთან ერთად ჩამოდიან ეუთოს ექსპერტებიც. ანუ, ჩვენს პროექტზე ახლა ერთდროულად მუშაობს ვენეციის კომისია და ეუთო, ამიტომ ვენეციის კომისიის თხოვნა იყო, რომ ეუთოს დასკვნასაც დავლოდებოდით.

რეალურად გამოდის, რომსაარჩევნო კოდექსისმიღების დათქმული ვადები შეიცვალა, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებაში იყო ჩაწერილი?

- შეიცვალა, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ პარლამენტს არ უნდა დაეწყო მოსმენა. მაგრამ, ალბათ, ესეც პოლიტიკური შეთანხმების ნაწილია, რომ საპარლამენტო განხილვა მოხდეს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დასკვნების შემუშავების შემდეგ.

ეს საარჩევნო პროცესს არ შეაფერხებს?

- არა, რატომ უნდა შეაფერხოს? ჩვენ ვთქვით, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე გვინდოდა კოდექსის მიღება, რათა მისი იმპლიმენტაცია დროულად მომხდარიყო და ორი თვით გვიან დაბრკოლება არ იქნება.

ერთი წლით ადრე მიღება იმიტომ გვინდა, რომ მოხდეს მისი სათანადო იმპლიმენტაცია, არასამთავრობოებმა და ყველა მოთამაშე სუბიექტმა კარგად შეისწავლონ კოდექსი, ეს არის და ეს. ამიტომაც არა მგონია, რომ ამისთვის ორი თვე რამეს ცვლიდეს.

არჩევნები ნამდვილად ოქტომბერში იქნება?

- არჩევნები ოქტომბერში რომ დაინიშნება, ეს კონსტიტუციაში სწერია.

კონსტიტუციის შეცვლა არ არის მოსალოდნელი?

- კონსტიტუციის შეცვლა ამ საკითხთან დაკავშირებით მოსალოდნელი არ არის. წერია, რომ მომდევნო არჩევნები ჩატარდება 2012 წლის ოქტომბერში და ასევე არის განსაზღვრული პარლამენტის ოთხწლიანი ციკლი, რომელიც მიიღო ჯერ კიდევ წინა პარლამენტმა და არა ამ მოწვევის პარლამენტმა.

ხელისუფლებას როდის უფრო ურჩევნია არჩევნების ჩატარება პარტიული ინტერესის გათვალისწინებით?

- ჩვენ ყოველთვის მზად ვართ. მე ერთხელ ვთქვი, რომ საარჩევნო კამპანიას არჩევნების მეორე დღეს ვიწყებთ-მეთქი და ამას თქვენ მუდმივად აშუქებთ, რომ ჩვენ საარჩევნო კამპანიაში ვართ. არ შეიძლება მოსახლეობას ერთ დღეს დაპირდე და მერე უთხრა, ოთხი ან ხუთი წლის მერე გამოვივლიო. მუდმივად უნდა იყოს ის თემები, თუ რა აწუხებს ჩვენს მოსახდეობას. ზოგისთვის ეს საარჩევო ციკლია, მაგრამ ეს ჩვენთვის მუშა პროცესია, მაგრამ არ მინდა, ეს სიტყვები ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს ჩვენ არჩევნების თარიღის გადმოწევას ვგეგმავთ. მოსალოდნელი არჩევნები დაგეგმილია 2012 წლის ოქტომბერში. ამიტომაც არ ავჩქარდით ამ საარჩევნო კოდექზე, რომ ვიღაცას არ ჰქონდეს ისეთი განცდა, რომ თითქოს ვადამდე ვაპირებთ არჩევნების ჩატარებას.

ხელისუფლებას როდის აწყობს არჩევნების ჩატარება?

- ამას ვერ გეტყვით.