მრჩევლები, რომლებსაც ვირჩევთ

მრჩევლები, რომლებსაც ვირჩევთ

თითქმის ორი კვირაა საქართველოში პოლიტიკური პროცესები თავდაყირა დადგა. ხელისუფლების პიარ-აქციებმა, ხალხის მოსყიდვის და დაშინების მცდელობამაც კი აზრი დაკარგა. არ შეცვლილა მხოლოდ ერთი რამ - საზოგადოების პოლარიზაცია. ოღონდ, თუ აქამდე ოპოზიციის უთავბოლობით განაწყენებული ხალხის დიდი ნაწილი ისევ მმართველი ელიტის ირგვლივ იკრებებოდა, ახლა უპირატესობა ბიძინა ივანიშვილის მხარესაა.

ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებიდან ივანიშვილის, და არა მხოლოდ მის წინააღმდეგ, სიბინძურის იმ ოდენობის ნიაღვარი მოედინება, რომ ყველა ჭკუათმყოფელს, რაც უნდა დიდი მიშისტი იყოს (ისე, ჭკუათმყოფელი რატომ უნდა იყოს „მიშისტი“ - ეს ცალკე თემაა, მაგრამ გემოვნებაზე არ დავობენ), ხელისუფლების სირეგვენეს აღიარებინებს.

მეორე მხრივ, ფორუმებს თუ თვალს გადავავლებთ, თვალში გეცემათ უიმედო ხალხის დიდი ნაწილის ბიძინა ივანიშვილისთვის აღვლენილი „ოსანა“. ალბათ, ეს უფრო შემაშფოთებელი ტენდენციაა, ვიდრე „მიშისტობა“. „მიშისტობა“ უკვე დრომოჭმული და გამარგინალებურია, ახლა კი, იქმნება შთაბეჭდილება, რომ, შესაძლოა „ბიძინისტების“ ახალ მოძრაობას ჩაეყაროს საფუძველი, რაც თავად ბიძინა ივანიშვილისთვის და, რაც მთავარია, ქვეყნისთვის იქნება დამღუპველი - „ისტი“, როგორც წესი, საკუთარი შეხედულებების გარდა, არაფერს აღიარებს.  

ამ შემთხვევაში, თავისუფალ მედიას უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, რომ ქვეყნის განვითარების, ამ ეტაპზე, ერთადერთი შანსი, იმავე ქვეყნისთვის საფრთხედ არ იქცეს. მაგრამ, მედია, რომელიც ყველაზე მეტად უნდა იყოს ინფორმირებული, ყველაზე არაინფორმირებულ ვითარებაში აღმოჩნდა.

ორი კვრის განმავლობაში, უამრავი თხოვნის მიუხედავად, მედიას არ მიეცა საშუალება თავად დაესვა ივანიშვილისთვის ყველა ის კითხვა, რომელიც კონკრეტულად მას აინტერესებს და არა, ვთქვათ, მხოლოდ ია ანთაძეს და ნინო ჟიჟილაშვილს.

მაგრამ, რა გაეწყობა - მრჩეველთა საბჭო იმის მრჩეველთა საბჭოა, რომ რჩევები არიგოს. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, მრჩევლებმაც ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ივანიშვილს ურჩიეს, რომ სჯობს საზოგადოებას დაკვეთილი რეკლამა მიაწოდონ, ვიდრე არამკითხე ჟურნალისტის ნამუშევარი მასალა. ამიტომ, ისევე როგორც ჩვენ და სხვა უამრავ ჟურნალისტს, უარი ეთქვა ნანა ლეჟავასაც და ბიძინა ივანიშვიზე ფილმის მომზადება „ჯიპას“ ლექტორს, ნინო ჟიჟილაშვილს დაუკვეთეს.

ჟიჟილაშვილი სატელევიზიო ინტერვიუში ირწმუნებოდა, რომ თავად ითხოვა ივანიშვილთან ინტერვიუს ჩაწერა, რაზედაც თანხმობა მიიღო, მაგრამ ის კი არ განუცხადებია, თუ ვისი კამერითა და ოპერატორით აპირებს ფილმის გადაღებას და სად გავა ფილმი.

ახლა კი, ერთ ამბავს გიამბობთ, რომელიც ნანა ლეჟავას ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში  გადახდა თავს:

ნანა ლეჟავა: „ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს ჩაწერა, ან მასზე და მის ოჯახზე, „ფიუჩერსის“ გაკეთება მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მისი მრჩეველებისგან თუ პიარ-ჯგუფისგან უარი მივიღე. მიზეზი ის იყო, რომ მათ უნდოდათ „აბსოლუტურად დამოუკიდებელ ადამიანს“ გაეკეთებინა ფილმი - ისეთს, რომელიც არცერთ ინტერნეტ-გამოცემასთან და ტელევიზიასთან არ ასოცირდებოდა. ანუ, რეალურად, მათ ჭირდებოდათ რეკლამის გადამღები ჯგუფი.

მე დამრჩა ისეთი შდაბეჭდილება, მათ უბრალოდ სურდათ საკუთარი ხედვით გაეკეთებინათ ეს ყველაფერი.

ჩემთვის ეს გასაკვირი იყო, რადგან, როდესაც ჟურნალისტი მიდის ასეთი წინადადებით, ალბათ, ყველა მათგანი განიხილავს იმას, ვინ არის და რას აკეთებს ეს ჟურნალისტი. თავიდან მითხრეს, რომ ჩემი გადაცემის ფორმატში არ ჯდებოდა ამ ფილმის გადაღება, რადგან ჩემი გადაცემა საგამოძიებო ფორმატის იყო. არადა, ჩემი გადაცემა არის საკვირაო გადაცემა, სადაც არის საგამოძიებო რეპორტაჟები, არის ინტერვიუები და, აქედან გამომდინარე, მათი პასუხი ჩემთვის გასაკვირი იყო. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილის პიარ-ჯგუფი საერთოდ არ უყურებს ჩემს გადაცემას და არ იციან რა არის.

ეს უარი იყო პირადად ამ პიარ-ჯგუფის გადაწყვეტილება და ეს ზუსტად ვიცი. მსგავსი საქციელით ისინი, ალბათ, ცოტა ხანში, შედეგს თავად დაინახავენ. როდესაც მე, ჟურნალისტი,  ვთავაზობ ინტერვიუს ჩაწერას, ეს ჩემს ინტერესებში შედის, რადგან მე მჭირდება ექსკლუზივი, მაგრამ როდესაც მათ დასჭირდებათ მსგავსი გადაცემის მომზადება და ეს ჩემთვის საჭირო აღარ იქნება, არ გავაკეთებ.

საერთოდ, რაც იქ დავინახე, იყო აბსოლუტურად გაუგებარი რამ. მე ვცდილობდი, მათთვის ამეხსნა, რომ თუ ამ ფილს არც ერთი მედიასაშუალება არ აკეთებს, ვიღაცის გაკეთებულ ფილმს არცერთი ტელევიზია ბადეში არ ჩასვამს, თუ ფულს არ გადაიხდით და სარეკლამო დროს არ იყიდით-თქო. მათ მიპასუხეს - იმდენად დიდი ინტერესია ამის მიმართ, აუცილებლად გაუშვებენო. ტელევიზიაში ნამუშევარი ვარ, ახლაც ვმუშაობ და ვიცი, რა როგორ არის - ასე არ ხდება.

გარდა ამისა, როდესაც იქ მივედი, ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა საუბარი - ბიგვავასთან, ბესელიასთან, სესიაშვილთან, ჯანიკაშვილთან და რომელი ერთი ჩამოგითვალოთ... ორი საათის განმავლობაში ხდებოდა ჩემი გადამისამართება ხან ერთ ადამიანთან და ხან მეორესთან. ძალიან გაურკვეველი სიტუაცია იყო, მაგრამ კიდევ გაგებით მოვეკიდე ამას - ახალი ჩამოყალიბებულები არიან და კომპეტენციების განსაზღვრა ალბათ ჯერ კიდევ უჭირთ. იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე ეს მოგვარდება, რადგან არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ. ჩვენ იმიტომ გვქვია დამოუკიდებელი, თავისუფალი ჟურნალისტები, რომ არ ვაკეთებთ იმას, რასაც ხელისუფლება გვკარნახობს და არც იმას გავაკეთებ, რასაც ნებისმიერი პარტიის შტაბი შემომთავაზებს. მე მაქვს ჩემი ხედვა. მე მინდა, რომ ობიექტურად გავაკეთო ეს ყველაფერი და თუკი ეს ბარიერი იქნება, საერთოდ უარს ვიტყვი მის გაშუქებაზე, ან გავაშუქებ ისე, როგორც მე ჩავთვლი საჭიროდ“, - ასე დასრულდა რეზიდენციაში სტუმრობა ნანა ლეჟავასთვის, რაც იმედია არ განმეორდება.

ბიძინა ივანიშვილის პირველი განცხადება საკმაოდ მკვეთრი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა უფრო მნიშვნელოვნი რამ გამოიკვეთა - „კავკასიისა“ და „მაესტროსგან“ განსხვავებით, ივანიშვილმა ნაციონალური არხები მხოლოდ ერთხელ მოიხსენია და - არც თუ სასიამოვნო კონტექსტში, რაც ბუნებრივია - მათი როლი ყველასთვის გასაგებია. ისიც გასაგებია, რომ აღნიშნული არხები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მაუწყებლობენ, მაგრამ ახლა რა გამოვიდა? ორი კვირის განმავლობაში, ივანიშვილის პრესკონფერენციის ჩატარება-არჩატარება მხოლოდ ამ არხების კეთილ ნებაზე ყოფილა დამოკიდებული! ნიშნავს თუ არა, რომ ივანიშვილის პოლიტიკური ბრძოლაც ასე გაგრძელდება? იმედია - არა.

რა დააშავეს ბეჭდურმა მედიამ და ინტერნეტ-გამოცემებმა და რატომ არ ანდეს მათ ინფორმაციის გავრცელება? ან, რატომ არ იქნა განხილული პრესკონფერენციის ჩასატარებლად სოციალური ქსელების გამოყენების ვარიანტი, რომელსაც გაცილებით მეტი ეფექტი ექნებოდა, ვიდრე „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ ან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაცემულ პრესკონფერენციას? დარწმუნებით შეიძლება ითქვს, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა ინფორმაციის გავრცელების ეს საშუალებები თავისუფლად ჩაანაცვლებდენ ნაციონალურ არხებს და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დაარწმუნებდა, რომ მედიის ტერორის მათი ყოველი მცდელობა ფუჭია.

მაგრამ, რატომღაც, ყველაზე წამგებიანი პოზიცია იქნა შერჩეული და ბიძინა ივანიშვილის მიერ რუდუნებით შერჩეული „მრჩეველთა საბჭო“ გადაულახავ ბარიერად აღიმართა მასსა და მედიას შორის.

ბატონო მრჩევლებო, გიფიქრიათ თუ არა იმაზე, რომ უკვე გააჩინეთ მცირეოდენი ბზარი ივანიშვილსა და ქართულ მედიას შორის? თქვენი, კიდევ ერთი, მსგავსი რჩევა და, დარწმუნებული იყავით, რომ სრულად დაკარგავთ თავისუფალი მედიის ნდობას, რაც მთლიანად თქვენი დამსახურება იქნება.

არსებულ ვითარებაში, დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდით, გვეთქვა თუ არა სათქმელი ხმამაღლა, მაგრამ ყველა ის ტენდენცია, რაც ბოლო დროს შეინიშნება ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ, დუმილის უფლებას არ გვიტოვებს. კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის სახელმწიფოებრიობის გადარჩენისთვის ჩვენი, ყველას ბრძოლა. ამიტომ ვერ მივცემთ თავს უფლებას, გავჩუმდეთ, რადგან ახლა, ივანიშვილის წინააღმდეგ კრიტიკის თქმა არაპოპულარული და წამგებიანია.  

დღეს ხშიად ავლებენ პარალელებს ბადრი პატარკაციშვილის დროინდელ მოვლენებსა და დღევანდელ ვითარებას შორის. კარგად გვახსოვს, რომ მახშვების დაყენებული სახეების მქონე, უამრავი „ბრძენი“ მრჩევლის გარემოცვაში მოქცეული პატარკაციშვილი, ბოლოს სრულიად მარტო დარჩა და იმედია, ეს შეუმჩნეველი არც ბიძინა ივანიშვილს დარჩენია.

უკვე ღიმილისმომგვრელია ივანიშვილის წყალობის მომლოდინე ადამიანების რიგები მის კართან, მაგრამ ღიმილს ნამდვილად არ იწვევს, როცა ეს ადამიანები მრჩევლების სტატუსს, მათი წარსულის, აწმყოსა თუ კვალიფიკაცის მიუხედავად უპრობლემოდ იღებენ.

რა თქმა უნდა, ყველას ერთ რანგში არ განვიხილავთ და იმედს ვიტოვებთ, რომ „კასტინგი“ ჯერ არ დასრულებულა, ჯერ მხოლოდ შესარჩევი ტური მიმდინარებს და „დაფნის გვრგვინი“ ჯერ კიდევ ელოდება გამარჯვებულებს.