გიორგი თარგამაძის კიდევ ერთი განწირული ტყუილი

გიორგი თარგამაძის კიდევ ერთი განწირული ტყუილი

„ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ მთავრობამ 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი მათი მოთხოვნის გამო გაიწვია უკან და იმაშიც დარწმუნებულია, ბიუჯეტის პროექტში მათი შენიშვნები გათვალისწინებული იქნება.

ამის შესახებ განცხადება თარგამაძემ გუშინ პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და ისიც უნდა ითქვას, რომ „ქრისტიან-დემოკრატები“ აქამდე ბრიფინგებს მუდმივად ფრაქციის მისაღებ ოთახში მართავდნენ. ეს ბრიფინგი კი თარგამაძე პარლამენტის საგანგებო ბრიფინგების ოთახში გამართა.

შესაძლოა, მათი ადგილის შეცვლასაც არ ჰქონდეს მნიშვნელობა, მაგრამ ეს კარგად მიუთითებს იმაზე, თუ ხელისუფლების ფავორიტი პარტია რამდენად არის აფორიაქებული. ეს აფორიაქება კი თარგამაძის განცხადებაშიც გამოჩნდა.

„დღეს გვექნება საუბარი ბიუჯეტზე, იმაზე, რაზეც შევთანმხდით და იმაზეც, რაზეც ვერ შევთანხმდით. მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნისა და მათ შორის ნაციონალური მოძრაობისა და ხელისუფლებისთვის ეს არის სიღარიბე, მაღალი ფასები, ადამიანების დაუსაქმებლობა, უმუშევრობა.

შესაბამისად, ბიუჯეტი, რომელიც შემოსული იყო საქართველოს პარლამენტში და ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად საქართველოს მთავრობამ უკან გაიწვია, რათა გადაამუშაოს და ახალი ვარიანტი წარმოადგინოს პარლამენტში განსახილველად და დასამტკიცებლად. ჩვენი აზრით, ბიუჯეტი, მთლიანობაში, არათუ ვერ პასუხობს, არამედ კიდევ უფრო აღრმავებს იმ პრობლემებს, რომელიც აქვს საქართველოს, ჩვენს საზოგადოებას უმუშევრობის, მონოპოლიზირებული ეკონომიკური სივრცეების, მაღალი ფასების და დაუსაქმებლობის ძალიან მაღალი მაჩვენებლის მიმართ,“ - განაცხადა თარგამაძემ.

ამის შემდეგ კი აღნიშნა, რომ მათი მოთხოვნით უკან გაწვეულ პროექტში ჩასწორებები სწორედ მათი მოთხოვნის შესაბამისად შევიდა.

„თქვენ მოგეხსენებათ და საზოგადოებაც დარწმუნდა იმაში, რომ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, ჩვენი პოლიტიკური გუნდი არ მიეკუთვნება იმ პოლიტიკური პარტიების რიცხვს, რომელთათვისაც „რაც უარესი, მით უკეთესი“ შეიძლება იყოს სახელმძღვანელო ფორმულა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მანამ, სანამ ჩვენ გვექნება განმსაზღვრელი გავლენა გადაწყვეტილების მიღებაზე საქართველოს პარლამენტში, მათ შორის, ბიუჯეტის პარამეტრების განსაზღვრასა და ფორმირებაზე, ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ნაციონალური მთავრობა დავარწმუნოთ, მთელი რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. ამის მაგალითი არის ის, რასაც ახლა შემოგთავაზებთ,“ - განაცხადა თარგამაძემ. 

მისი თქმით, მთავრობის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტში უკვე გათვალისწინებულია ქრისტიან-დემოკრატების რამოდენიმე მოთხოვნა, თუმცა, არსებობს კიდევ რამდენიმე მუხლი, რაზეც იმედოვნებენ, რომ ხელისუფლებასთან მიაღწევენ შეთანხმებას. 

მოძრაობის მიერ ჩამოყალიბებული პრიორიტეტები 5 პუნქტისაგან შედგება. კერძოდ, სტუდენტების დაზღვევა თანადაფინასების პრინციპით; ხუთი წლამდე ბავშვების დაზღვევა; სოფლის მეურნეობისათვის დაფინანსების გაზრდა; ძალოვანი სტრუქტურების პენსიონერების შესაბამის კანონში გადაანგარიშების მუხლის აღდგენა; ვეტერანების დაზღვევა. 

„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ბიუჯეტი ორიენტირებული იყოს დასაქმებაზე, რათა არსებობდეს მყარი და სტაბილური შემოსავალი და მოსახლეობა მუდმივად არ იყოს სახელმწოფოს დახმარების იმედად. ასევე, აუცილებელია ეკონომიკური სფეროების დემონოპოლიზაცია და აგრარული სექტორის დახმარება, რაც არის მთავარი გამოსავალი სიღარიბის დასაძლევად ქვეყანაში“, - დასძინა თარგამაძემ.

ის, რომ ნაციონალებმა რაღაცა ქრისტიან-დემოკრატების მოთხოვნით გაითვალისწინონ, ამაში, შესაძლოა, გასაკვირი არც არაფერი იყოს, რადგან ქრისტიან დემოკრატების ყველა ინიციატივა ისედაც ნაციონალებისგან მოდის. ამიტომაც აცხადებს ხელისუფლება, რომ ბიუჯეტში ცვლილებები საკუთარი პოლიტიკის შესაბამისად შედის.

„ჯერჯერობით, ვერაფერი ვერ იქნება გათვალისწინებული ერთი მარტივი მიზეზის გამო, - გადამუშავებული პროექტი ჯერ პარლამენტში არ შემოსულა“, - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი. 

თუმცა, სოციალურ ორინეტაციაზე რომ იქნება ორიენტირებული, ამას მელიქიშვილიც ადასტურებს და აცხადებს, რომ ეს ხელისუფლების გადაწყვეტილება და პოზიციაა და ამაში ქრისტიან-დემოკრატები არაფერ შუაში არ არიან.

მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ იმ პროცესს, რაც რეგლამენტში არის გაწერილი, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ცდილობს, საზოგადოებას საკუთარ დამსახურებად მიასაღოს.

პარლამენტის რეგლამენტში ნათქვამია, რომ ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში უნდა შევიდეს არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა. შემდეგ ამ პროექტს იხილავენ ფრაქციები და კომიტეტები და დასკვნასა და შენიშვნებს პარლამენტის თავმჯდომარეს უგზავნიან 20 ოქტომბრამდე. 22 ოქტომბრამდე კი პარლამენტი პროექტს თანდართული შენიშვნებითა და რეკომენდაციებით უგზავნის მთავრობას. გადამუშავებული ვარიანტი კი მთავრობამ პარლამენტს 5 ნოემბერს უნდა დაუბრუნოს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ პროექტი სწორედ რეგლამენტის დაცვით გაეგზავნა მთავრობას და მისთვის გაუგებარია, რა შუაშია აქ თარგამაძის მოთხოვნა.

„ბიჯეტის არანაირი უკან გაწვევა არ მომხდარა. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ ეს არის ბიუჯეტის განხილვის ჩვეულებრივი პროცედურა. ბიუჯეტის პროექტი გადაეგზავნა მთავრობას შემდგომი განხილვისთვის იმ რეკომენდაციებთან და იმ შენიშვნებთან ერთად, რომელიც გამოთქმული იქნა პარლამენტში. 5 ნოემბერს გადამუშავებული ვარიანტი შემოვა პარლამენტში“, - აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი.