ამოწურულია თუ არა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ამოწურულია თუ არა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

საქართველო-რუსეთის ურთიერთობები დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე არასახარბიელოდ განვითარდა. კავკასიის რეგიონში ბოლო 20 წლის განმავლობაში ძნელად თუ მოიძებნება რუსეთისადმი ისეთი ანტაგონისტური წარსულის მქონე ქვეყანა როგორიც საქართველოა. ორმხრივი ურთიერთობების უახლესი ისტორიის ანალიზი აჩვენებს, რომ ორ ქვეყანას შორის მთავარი პრობლემა პოლიტიკური მომავლის ხედვა და პოლიტიკური აზროვნებაა. ყოფილი მეტროპოლიისთვის ჯერჯერობით, კვლავ მიუღებელი რჩება რეალურად დამოუკიდებელი და ძლიერი საქართველოს არსებობა. ქართული მხარისთვის კი ობიექტურად არსებობს უნდობლობა მოსკოვის მიმართ, რაც რუსეთის ფედერაციის მიერ, საქართველოში ინსპირირებული კონფლიქტების, სამხედრო პროვოკაციებისა და საერთაშორისო არენაზე დისკრიმინაციული პოლიტიკური მიდგომებითაა განპირობებული. მხარეებს შორის ურთიერთობების მთავარ თემად თავიდანვე საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი გახდა. საქართველოს ტერიტორიაზე ინსპირირებულმა კონფლიქტებმა ექსპერტთა დიდი ნაწილისა და საზოგადოების მხრიდან ობიექტურად მიიღო შემდეგი შეფასება: რუსეთის ფედერაცია ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს რუსეთის ორბიტიდან ამოხტომას, როგორმე ჩაშალოს მისი ჩამოყალიბება ძლიერ სახელმწიფოდ და შეაჩეროს გზა, რომელიც მას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციამდე მიიყვანს. საქართველოს ხელისუფლებაში ედურად შევარდნაძის მოსვლა არ ყოფილა საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის მკვეთრი და დაუყოვნებლივი ცვლა დასავლეთისკენ. ედურად შევარდნაძის ინიციატივით, საქართველო გაწევრიანდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, რომელიც უამრავი ექსპერტისა და ანალიტიკოსის აზრით იყო რუსეთის მცდელობა რაიმე ფორმით შეენარჩუნებინა გავლენა პოსტ-საბჭოთა სივრცეზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთის ომის დასრულებიდან რამდენიმე თვეში ქართულმა მხარემ თანხმობა განაცხადა და აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსი მშვიდობისმყოფელები შეიყვანა, თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნულის საჭიროება იმ დროისთვის არ ყოფილა. საპასუხო ადექვატურ ნაბიჯებს ქართული მხარე რუსეთისგან უშედეგოდ ელოდა. მაგალითისთვის, არ ყოფილა წინსწვალა ისეთი სტრატეგიული პრობლემების მოგვარების გზაზე, როგორიცაა კონფლიქტები. სავარაუდოდ, საქართველოსადმი რუსეთის ასეთი დამოკიდებლობა გახდა მიზეზი იმისა, რომ ქართულმა მხარემ შეცვალა მიდგომები, დაიწყო საქართველოში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზების გაყვანაზე საუბარი, გადაიდგა მკვეთრი ნაბიჯები დასავლეთთან დაახლოებისა და ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.

2002-2003 წლებში წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაც დაიწყო. მალევე გამოიკვეთა რუსეთის უარყოფითი რეაქცია, ბორის ელცინმა შევარდნაძეს ნებართვა სთხოვა საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზები ჩეჩნეთზე შეტევისათვის გამოეყენებინა. მას აგრეთვე სურდა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე საქართველოს მხრიდან, რუსეთის სასაზღვრო ჯარები განეთავსებინა. ეს იყო საქართველოს ჩეჩნეთის ომში ჩათრევის მცდელობა, რასაც ქართულმა მხარემ უარით უპასუხა.

დასავლურ სამყაროში ინტეგრაციის სურვილი სხვადასხვა აქტივობებშიც გამოიხატა. მაგალითისთის, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო საუბარი საქართველოს დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ალტერნატიული ენერგეტიკული დერეფნის ფუნქციაზე, რამაც უკვე დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან კიდევ უფრო გაამწვავა. რუსეთის ადმინისტრაციისთვის ალტერნატიული ენერგოდერეფანი სამხრეთ-კავკასიაში დამატებითი თავისტკივილი იყო. იმდენად, რამდენაც ეს ინიციატივა ანგრევდა მის მთავარ გეგმას ევროპისთვის ყოფილიყო ენერგორესურსების ერთადერთი და უალტერნატივო მიმწიდოდებელი. ასეთ პირობებში უნდა ვივარაუდოთ, რომ რაიმე ცივილური არგუმენტის დაპირისპირება დამოუკიდებელი ქვეყნის ინიციატივაზე გახდეს დასავლური ოჯახის სრულფასოვანი წევრი საკმაოდ რთული აღმოჩნდა რუსეთისთვის. შესაბამისად სამხედრო პროვოკაცია ამ გზეზე საუკეთესო და უალტერნატივო საშუალებად რჩებოდა. ამ რეალობამ კულმინაციას 2008 წლის აგვისტოში მიაღწია. ფაქტმა სავარაუდოდ ობიექტურად გააჩინა კითხვა – ამოწურულია თუ არა რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივა? მიუხედავად შეერთებული შტატების მიერ საქართველოს მიმართ ხმამაღლა დეკლარირებული მხარდაჭერისა, რუსეთმა მაინც მოახერხა საქართველოზე სამხედრო აგრესიის განხორციელება. სწორედ ეს ფაქტი საქართველოს ხელისუფლებას, დამოუკიდებელ ანალიტიკოსებს, ექსპერტებსა და საერთოდ, საზოგადოებას აძლევს საფუძვლეს იფიქრონ იმაზე თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკა, რომელიც უნდა გატარდეს რუსეთის ხელისუფლების მიმართ.

მაშინ როდესაც ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივა თითქმის აღარ არსებობს, შეინიშნება სახალხო დიპლომატიის გააქტიურება, რომელშიც ჩართულია საზოგადოებრივი მოღვაწეების, ორგანიზაციებისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია. ქართული საზოგადოების მხრიდან სრული გაუცხოების ფონზე, რომელიც სავარაუდოდ დამსახურებულად მიიღო რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული აქტივობების მართებულობა დღეს ექსპერტა განხილვის საგანია.

რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთის ხელისუფლებასთან იმ ახალი რეალობების აღიარების ტოლფასია, რომელიც ასე ძალია სურს რუსეთს. ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებების პირობებში დიპლომატიური ურთიერთობების აღიარებაზე ფიქრიც კი სავარაუდოდ საფუძველშივე წამგებიანი იქნება ქართული მხარისთვის. 2008 წლის ომმა კიდევ უფრო გაზარდა იმ პოლიტიკური მიზნის მნიშვნელობა, რომელსაც რუსეთისგან სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვება ჰქვია. სავარაუდოდ, სეპარატისტული რეგიონების აღიარებით საბოლოოდ გაწყდა ის ძაფი, რომელიც წარმოადგენდა პოლიტიკური კავშირის საფუძველს რუსულ-ქართული ურთიერთობების დარეგულირების საკითხში. რუსეთის ადმინისტრაციისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან გაკეთებული პოპულისტური განცხადებები, თითქოს, რუსეთს არ მოსწონს საქართველოს არსებული ხელისუფლება და გააჩნია დიდი სიმპატიები ქართველი ხალხის მიმართ, შესაძლებელია ჩაითვალოს რუსეთის მცდელობად როგორმე დაიბრუნოს გავლენა საქართველოში. სიტუაციის ზედაპირული ანალიზიც კი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივა თითქმის ამოწურულია, ხოლო ასეთ დროს, ქართული მხარის მიერ გასატარებელი ღონისძიებები შესაძლებელია სულ უფრო უწყობდეს ხელს გათიშულობასა და გაუცხოებას.

მაგრამ კითხვაზე - არსებობს თუ არა სხვა პოლიტიკა, რომელიც უნდა გატარდეს ოკუპანტი ქვეყნის მიმართ, პასუხი თავად მკითხველმა გასცეს.

განმარტება:

ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარე მასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნული თემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსის წახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია და უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისმხარდაჭერით მომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არ წარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს.“