„ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მიმავალ გზას ხელისუფლების შეგზავნილებიც დაადგებიან“

„ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მიმავალ გზას ხელისუფლების შეგზავნილებიც დაადგებიან“

„საქართველოში იმდენი მოღალატე და „ნასედკაა“, არ გამოვრიცხავ, ბიძინა ივანიშვილთან მისულებს შორის ათ კაცში ხუთი შეგზავნილი იყოს“, - აცხადებს მსახიობი გია ბურჯანაძე Presage. Tv-სთან საუბარში და დარწმუნებულია, რომ ამის მიუხედავად, სიმართლე მაინც გაიმარჯვებს.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის ფაქტს როგორ შეაფასებთ?

- დღევანდელი ხელისუფლების ფონზე, ყველას აქვს უფლება, მიიღოს პოლიტიკაში მონაწილეობა.

როგორ გესახებათ მისი გზა ქართულ პოლიტიკაში?

- მარტო ივანიშვილის საქმე კი არა, მთლიანობაში, საქართველოს საქმე ძალიან ცუდად იქნება, თუ ეს ხელისუფლება კიდევ გვეყოლება. თუკი ეს ხელისუფლება ბიძინას ან სხვისი თაოსნობით მოშორდება, საქართველოსაც ეშველება.

ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან თანამშრომლობაზე საუბრობს. მიგაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე ეს განაცხადი მისგან გამართლებულია, როცა ხელისუფლებას შეუძლია, მას ყოველ ნაბიჯზე წამოაძახოს, რომ რუსეთის კაცია?

- ყველას, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ თუნდაც დაახველებს ან ჩაიცინებს, შეიძლება, წამოაძახონ რუსეთის აგენტობა. ამ დროს ეს ხელისუფლება თვითონ არის რუსეთის საქმის გამკეთებელი.

თქვენი ადგილი თქვენ თუ გესახებათ ბიძინა ივანიშვილის გვერდით?

- მე საქართველოს გვერდით ვარ და საქართველოს რაც წაადგება, ყოველთვის იქ ვდგავარ.

როგორ გგონიათ, ბიძინა ივანიშვილი ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობას დააპირებს? ყოველ შემთხვევაში, აქამდე არაფერი თქმულა ამ თანამშრომლობის შესახებ.

- სხვათაშორის, „სახალხო კრების“ აზრი და იდეა იყო, რომ ყველამ ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლოს, ოღონდ ამაში საზოგადოების ფართო ფენები უნდა ჩაერთოს და არა მარტო - პარტიები.

ითანამშრომლებს ბიზნესმენი ნინო ბურჯანაძესთან ან სახალხო კრებასთან?

- ეს ივანიშვილისა და ნინო ბურჯანაძის პარტიის გადასაწყვეტია. თორემ სახალხო კრება პარტია არ არის და ის ადამიანები, როლებიც ყოველთვის საქართველოს სიკეთის გვერდში იდგნენ და თავს დებდნენ შრომაშიც, ბრძოლაშიც და ხელოვნებაშიც, ყოველთვის იქნებიან იქ, სადაც საქართველოს დასჭირდება და, სადაც საქართველოს სიკეთე იქნება.

რა განწყობაა თეატრალებში? აქამდე თეატრალები, რომლებიც მეცენატისგან ქველმოქმედების სახით 2300 ლარს იღებდნენ, მის დასაცავად ხმის ამოღებას ვერ რისკავდნენ.

- მოდით ასე ვთქვათ, თეატრალებზე მე ვერ გაგცემთ პასუხს, რადგან უფლებამოსილი არ ვარ, თეატრალების სახელით ვილაპარაკო. მე ჩემს თავზე შემიძლია ვილაპარაკო. სანამ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდოდა, მანამდეც, 1978 წლიდან, როდესაც ივანიშვილი ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, საქართველოს სიკეთის სადარაჯოზე ვიდექი. არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ არც მაშინ. ყველა უბედურებაში, რაც საქართველოს დამართეს, ჩრდილოეთიდან იქნებოდა, დასავლეთიდან, სამხრეთიდან თუ აღმოსავლეთიდან, ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, საქართველოს გვერდით ვიდექი. ჩემთვის მტერი მტერი არის, იქნება ეს ჩრდილოეთიდან მოსული თუ - დასავლეთიდან.

18 დიპლომატის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში სტუმრობა თქვენთვის რას ნიშავდა?

- ეს იმას ნიშნავს, რომ ის ხალხი პატივს სცემს ივანიშვილს იმიტომ, რომ, ეტყობა, იმ კაცმა ისე იცხოვრა და ისეთი რეპუტაცია აქვს მთელ მსოფლიოში, რომ ელჩებიც პატივისცემის ნიშნად ეახლნენ. ყველა ელჩი ეახლა სახლში.

როგორც წესი, ასეთი ხალხის წინაშე ხელისუფლება უკან არ იხევს ხოლმე. რისი გამკეთებელია ხელისუფლება, თუ დასავლეთმა არ შეაჩერა?

- ხელისუფლებამ რაც უნდა გააკეთოს, რაც უფრო მეტს გაფართხალდება, როგორც ამ დღეებში დაამთავრა თავისი ფართხალი კადაფმა, სწორედ ასე დაამთავრებს. დროზე მოეგონ ჭკუაზე და დაუთმონ საქართველო ქართველებს და იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოს სიკეთე უნდათ და არა ჭამა და გაუბედურება, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს. ესენი ჭამენ და ანადგურებენ ქართულ ტერიტორიებს, ქართულ სულს და ქართული სახელმწიფოებრიობის მომავალს.

ივანიშვილის სახლისკენ მიმავალ გზას არაერთი ადამიანი დაადგა, რომლებშიც, ალბათ, ანგარებით დამუხტულებიც იქნებიან.

- მარტო ანგარებით არა. შეგზავნილებიც იქნებიან ვანოს მხრიდან. სამწუხაროდ, საქართველოში იმდენი მოღალატე და იმდენი „ნასედკა“ არსებობს, რომ არ გამოვრიცხავ, ათ კაცში ხუთი შეგზავნილი იყოს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს და არაფერს გადაწყვეტს. სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს, ამის დიდი იმედი მაქვს.

თქვენი ადგილი რატომ არ ღმოჩნდა ამ ეტაპზე ივანიშვილთან? მისგან უნდა წამოვიდეს შემოთავაზება?

- არა, უბრალოდ მე ისედაც ვდგავარ საქართველოს სადარაჯოზე და რა მნიშვნელობა აქვს, ბიძინა დამიძახებს თუ არ დამიძახებს. თუ სიკეთეს გააკეთებს ბიძინა და მისი ბრძოლა სამართლიანი და სიკეთისკენ მიმართული იქნება, რა თქმა უნდა, მეც იქ ვიქნები ისედაც. რა მნიშვნელობა აქვს, ბიძინა იქნება თუ სხვა ვინმე, ყოველთვის საქართველოსთან ვიდექი და ახლაც ასე ვაპირებ დგომას. სიმართლის მხარეს ვიქნები ყოველთვის.

იგი აცხადებს, რომ ქუჩის აქციები მის რესურსში არ შედის, მაგრამ ხელისუფლება ხომ არ აიძულებს, ქუჩის აქციების გზასაც დაადგეს?

- გასაგებია, მაგრამ, თუ ბიძინა პოლიტიკაში ჩაერთობა და პოლიტიკური პარტია ექნება, ისეთი რამ არის პოლიტიკა, რომ... დემოკრატიული იმიჯით მოვიდა დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ ჯერ არადემოკრატიულად ჩამოყალიბდა, შემდეგ - ავტორიტარულად და სულ ცოტა ხანში, ალბათ დიქტატორული ხელისუფლება გახდება. ასე რომ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, პარტიები იცვლიან პოზიციას. ამიტომაც ჰქვიათ მათ პოლიტიკური პარტიები. ისინი იცვლებიან, მე კი უბრალო მოქალაქე ვარ, არცერთი პარტიის წევრი არ გახლავართ, ამიტომ ჩემი რწმენა ასეთია, როგორც მე ვთვლი საქართველოსთვის საჭიროდ, ისე მოვიქცევი. მაგრამ პარტიებს ასარჩევი აქვთ, რადგან პოლიტიკური ცხოვრება სხვა არის და მოქალაქის ცხოვრება -სხვა. ეს ბიძინას გადასაწყვეტია, ბოლომდე იქნება კონსტრუქციული ამ ხელისუფლების მიმართ თუ არა, თუნდაც, როცა არჩევნებამდე არ მიუშვებენ, ანდა თუნდაც მაშინ, როცა გააყალბებენ არჩევნებს. ეს უკვე მისი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევა.

შეიძლება აქციების გზასაც დაადგეს?

- ეს ბიძინას გადასაწყვეტია. მე არ ვარ პოლიტიკოსი და არ ვარ პოლიტიკური პარტიების საქციელის განმსაზღვრელი. მათ თავიანთი პოლიტიკური ცხოვრება აქვთ.  

როგორც მახსოვს, თქვენ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას არ იწონებდით. ახლა როგორ ფიქრობთ?

- როგორ გეკადრებათ, პირიქით, „სახალხო კრებამ“ ჯერ კიდევ 21 მაისამდე განაცხადა, რომ ეს ხელისუფლება მოვაშოროთ და თუნდაც „რვიანმა“ ჩაატაროს არჩევნები. შევთავაზეთ კიდეც „რვიანს“, რომ თქვენ ჩაატარეთ არჩევნები, რადგან სწორედ არჩევნებით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. უბრალოდ, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ნორმალური არჩევნების ჩატარება არ შეიძლება, თორემ, არჩევნებით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. „სახალხო კრება“ ყოველთვის ამას აცხადებდა.

ბოლოდროინდელ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა სოროსი ახსენა, თურმე, ამ ხელისუფლებას თავად აფინანსებდა. ამ სიტყვებმა მის პერსონას თქვენს თვალში ჩრდილი ხომ არ მიაყენა?

- სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი, ვინ აფინანსებდა ამ ხელისუფლებას, სოროსი თუ ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ, როცა ესენი ხელისუფლებაში მოვიდნენ, უამრავი ქართველი მათ გვერდით იდგა. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მიშას გვერდით იდგნენ, ან ცისკარიშვილის, პალიკო კუბლაშვილის, ბოკერიას გვერდში. რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანები საქართველოს გვერდში იდგნენ. ის ადამიანები, ვინც დღეს ჩემზე უფრო რადიკალურად უპირისპირდებიან დღევანდელ ხელისუფლებას, ამ ხელისუფლებას მოყვნენ ან ეს ხელისუფლება მოიყვანეს. თუნდაც იგივე ნინო ბურჯანაძე, მაგრამ ნინო ბურჯანაძე განა იტყვის იმას, ან საერთოდ ფიქრობს ასე, რომ ის მიშას ემსახურებოდა ან ჟვანიას? ის თვლიდა, რომ საქართველოს ემსახურებოდა. ჩემი აზრი სხვა იყო, არ შეიძლებოდა ამ ხელისუფლების სათავეში მოსვლა, მაგრამ ეს ჩემი აზრი იყო... ასევე, ალბათ ბიძინა თვლიდა, რომ ამით საქართველოს უკეთებდა სიკეთეს, რომ ახალ ხელისუფლებას მატერიალურად და ფინანსურად ხელს უწყობდა. ბოლოს და ბოლოს, ბიძინას ისეთი რამეები აქვს გაკეთებული საქართველოში, დავიწყოთ სამებით, დამთავრებული, პატარა სოფლის ანსამბლებითა და ამბულატორიებით, სკოლებით, საავადმყოფოებით. თუ ამ  ყველაფერს აკეთებდა, ამასაც ხელისუფლების გამო ხომ არ აკეთებდა? არამედ თავისი სამშობლოს გამო. ასე რომ, არაფერს ჩრდილი არ მიადგება, თუკი გაირკვევა, რომ ბიძინა პირველი ორი ან სამი წლის მანძილზე ამჟამინდელ ხელისუფლებას ხელფასს უხდიდა. ჩემთვის მიუღებელი იყო, როდესაც სოროსი უხდიდა ამათ ხელფასს, რადგან სოროსი არ გახლავთ საქართველოსთვის სიკეთის გამკეთებელი. სოროსმა გააკეთა ვარდების რევოლუცია, მისმა ფულმა და მისმა აზროვნებამ.

შეფიცულების რაზმის მეთაურად ამ ეტაპზეც ითვლებით?

- შეფიცულებიდან ზოგი დაჭერილია, ზოგი საქართველოდან გაქცეულია. უფრო სწორად, გააქციეს, რადგან მათზე და მათი ოჯახის წევრებზე ისეთი ზეწოლა იყო, უამრავი ადამიანი წასულია. თავისთავად, ეს ინსტიტუტი, მას შეფიცულები ერქმევა თუ არა, მე ვიქნები თუ არ ვიქნები იქ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არიან ვაჟკაცები, 200 თუ 300 კაცი, ვისაც უანგაროდ შეუძლია თავის დადება სამშობლოსათვის.

შეფიცულებს შორის შემოგზავნილებიც იყვნენ. ამან ხომ არ გაგიცრუათ იმედი? შეფიცულთა რაზმი ქაქუცა ჩოლოყაშვილის დროს უფრო იყო აქტუალური იყო, როცა ღირსების გამო ადამიანები სამშობლოს ეწირებოდნენ.

- მოდით, რუსებს ნუ დავარქმევთ, მათ დავარქვათ ბოლშევიკები. ბოლშევიკებში რუსებიც იყვნენ, ქართველებიც, სომხებიც და ებრაელებიც. ბოლშევიკს ნაციონალობა არ აქვს. დღევანდელ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს ამიტომაც ვეძახი ნეობოლშევიკებს.

21- საუკუნეში რამდენად არიან ადამიანები შეფიცულის ტიტულის უფლების მქონენი?

- ეს ქაქუცას მოგონილი არ არის. ჩვენს ისტორიაში ყოველთვის იყო ასეთი  ჯგუფები, რომელთაც შეფიცულები ერქვათ. თუნდაც „ფიცის კაცი“- ეს სიტყვა პირდაპირ არის გადმოტანილი. ასე რომ, ეს არც ქაქუცას აღმოჩენილია, არც- ჩვენი. ჩვენს რაზმს გუბაზ სანიკიძემ დაარქვა „შეფიცულები“. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სიტყვას კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ - შინაარსს. ამიტომ გეუბნებით, ბოლშევიზმისა და უსამართლობის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე ათეული ან ასეული ვაჟკაცი ყოველთვის იკრიბებოდა, რომლებიც ზეწოლის მიუხედავად, ბოლშევიზმს, კაცის ჩაგვრასა და უსამართლობას ყოველთვის ებრძოდნენ.