თემურ ნანეიშვილი: ძალიან მწყინს, როცა თუნდაც ივანიშვილის მომხრენი მის ფულზე აკეთებენ აქცენტს

თემურ ნანეიშვილი: ძალიან მწყინს, როცა თუნდაც ივანიშვილის მომხრენი მის ფულზე აკეთებენ აქცენტს

„ქართული აკადემიის“ წევრი, პროფესორი თემურ ნანეიშვილი მიიჩნევს, მთავარი ის კი არ არის, პირადად აძლევდა თუ არა ივანიშვილი ვინმეს თანხას, არამედ მთავარია ის, თუ რამდენი სიკეთე გაუკეთა მან ქვეყანას. ამდენად, თემურ ნანეიშვილის აზრით, ღირსეულმა ადამიანებმა საკუთარი პოზიცია უნდა გამოხატონ მის დასაცავად. Presage.tv ესაუბრება თემურ ნანეიშვილს.   

ქართული აკადემიისწევრებმა საქართველოს სამეცნიერო და შემოქმედებით წრეებს მოუწოდეთ, მიხეილ სააკაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით მიუკერძოებელი პოზიცია გამოხატონ. გაქვთ მათი იმედი?

- „ქართულმა აკადემიამ“ იმსჯელა, რომ ახლა საქართველოს ძალიან მძიმე პერიოდი უდგას, ხელისუფლებას გონება დაკარგული აქვს, მათი ყველა ქმედება პირდაპირი სახელმწიფო რეკეტი და უკადრისი საქციელია. თავმოყვარე ადამიანი ამას საკუთარ თავს არ აკადრებდა. ჩვენ გვაქვს ბადრი პატარკაციშვილთან მიმართებით მათი ასეთი ძალადობრივი მოქმედების გამოცდილება. ამიტომ, ახლა ვაფრთხილებთ საზოგადოებას, ჩვენს კოლეგებს, ხმა ამოიღონ ამ უსამართლობის წინააღმდეგ. ჩვენს კოლეგებს მოვუწოდებთ, მხატვარი მხატვარს მიმართავს, მეცნიერი - მეცნიერს, ძალიან კარგად იცის ყველამ ჩვენი შემადგენლობა და ყველა მიხვდება, ვინ არის ამის ადრესატი. ისეთი ადამიანი, რომელიც დღეს პოზიციას არ გამოამჟღავნებს, წესიერ შვილს ვერ გაზრდის, რადგან შვილი ჰკითხავს, მამა, ასეთ დროს რატომ გაჩუმდი? ეს ხომ კონფორმიზმის უმაღლესი გამოხატულებაა? როდესაც ქვეყანა გეღუპება, მაშინ რაღაც უნდა თქვა. თუ ამას ვერ გაიაზრებ, მაშინ არც შენი მხარდაჭერა გვჭირდება. ჩვენ ვისაც მივმართავთ, ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს მათ ძალიან კარგად აქვთ გააზრებული.

თვითონ ბატონი ბიძინა რამ აიძულა, შემოსულიყო პოლიტიკაში? იმან აიძულა, რომ მიხვდა, თუ 2012 წლის არჩევნებს მიხეილ სააკაშვილი მოიგებდა, ის დიქტატორად გამოცხადდებოდა და ვერ მოვიცილებდით თავიდან. ამ საშიშროებამ აიძულა ეს კაცი, ამხელა რისკზე წასულიყო. დღეს განმარტა კიდეც, რომ 7 ნოემბრის შემდეგ გაყრია ამ კაცს, - სააკაშვილს.

ამას წინათმაესტრომაცაჩვენა კადრებში, თუ ივანიშვილის სახლისკენ ამავალ გზაზე როგორ დგანან უშიშროების წარმომადგენლები და უთვალთვალებენ ბიზნესმენს. მის წერილში ვკითხულობთ, შესაძლოა, ჩემი შეჩერება მოინდომონ და მომკლანო, რეალურად წამსვლელია ამაზე სააკაშვილი და მისი შეჩერება რამდენად შეუძლია დასავლეთს?

- ალასანიამ სწორად განმარტა, ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ ის ექვსეული, რომელიც მართავს ქვეყანას, უკან არ დაიხევს, რადგან დანაშაულებრივი წარსულით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. მე არ ვიცი მათი გვარები, დაახლოებით კი ვხვდები, ვინც არიან, მაგრამ ყველაზე ძლიერად სწორედ დანაშული კრავს ადამიანებს, შიში სამართლის წინაშე, ეს ძალიან ძლიერი რამ არის. ამიტომ არა მგონია, სააკაშვილის ხელისუფლებამ დასავლეთის რჩევები გაითვალისწინოს. თუ გამთვალისწინებელნი არიან, სწორედ ის უნდა გაითვალისწინონ, რომ ბაქრაძეს ევროსაბჭოში ცნობილმა დეპუტატებმა უკვე ჰკითხეს, რატომ აკეთებთ, რომ -პოლიტიკური ბრძოლის გზა შემოგთავაზათ კაცმა, პატიოსან ბრძოლაში ჩაება, არჩევნების გზით ხელისუფლებას მოსვლის დეკლარაცია გააკეთა და თქვენ  მოუხსენით საქართველოს მოქალაქეობაო? ბაქრაძემ უპასუხა, ეს კანონით იყო გათვალისწინებულიო. არ ვიცი, ივანიშვილის ცოლზე ჰკითხეს თუ არა, მისთვის მოქალაქეობის მოხსნა საერთოდ ნონსენსია. მაგრამ მეორე შეკითხვა დაუსვეს, ბანკის მანქანას ყაჩაღურად რომ დაესხით ფორმაში გამოუწყობელნიო? გადავრჩით დიდ სისხლისღვრას, რადგან წესით და კანონით, ბადრაგს, რომელიც აცილებდა მანქანას, ცეცხლი უნდა გაეხსნა, რადგან არც საბუთი წარუდგენიათ, არც ფორმა ეცვათ. თუმცა, როგორც ჩანს, ასეთი თავდასხმის შესაძლებლობა ივანიშვილის მხარეს უკვე გათვალისწინებული ჰქონდა და თავისიანებს უთხრეს, ასეთი წინააღმდეგობა თუ შეგხვდებათ, გაჩერდითო.

ივანიშვილის გააქტიურების შემდეგ დავით ბაქრაძე ბრიუსელში შეხვედრებს მართავდა, როგორ გგონიათ , იგი დაიბარეს თუ თავად წავიდა?

- არ ვიცი, აზრის გამოთქმა ძალიან ძნელია. ბუნებრივია, ეგენი ჩვენი ჯიბიდან მილიონებს ხარჯავენ ამ ლობისტურ საქმიანობაში. უკვე დაიბეჭდა უამრავი წერილი ამის შესახებ და გაიხსნა ეს ამბავი, რომ თურმე ჩვენი ფული მიდის ამ ხელისუფლების პიარზე. ესეც გაიხსნება, საპნის ბუშტი უნდა გასკდეს. მოვიდა ეს პერიოდი, მაგრამ ამაში ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა და ამიტომ ვამბობ, როდესაც ქვეყნისთვის ასეთი თავდადებული კაცი ასეთ განცხადებას აკეთებს, რომ ყველაფერი ერისთვის მინდა და მენდეთო... შემოდის უზარმაზარი კაპიტალით და ამ კაპიტალში მე არ ვგულისხმობ თანხას. ძალიან მწყინს ხოლმე, როცა ბევრი ადამიანი, თუნდაც მისივე მომხრენი, ფულზე აკეთებენ აქცენტს. არა ბატონო, ფული ძალიან ბევრს აქვს. იმდენი ფული, რასაც ბატონი ბიძინა ამ პოლიტიკურ საქმიანობაში დახარჯავს, ერთ 50 კაცს მაინც აქვს საქართველოში. ივანიშვილი შემოვიდა სხვა კაპიტალით და ეს კაპიტალი არის  სწორედ ის ქველმოქმედება და უანგარო მოქმედება, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გააუკეთებია. შესაძლოა, იმის მეხუთედი არ ვიცოდეთ ჩვენ, რამდენი რამ აქვს გაკეთებული. ეს არის მისი მთავარი კაპიტალი და არა ის, რომ ფული აქვს. შეიძლება, მას ფული არც დაახარჯინო. რომც არ დაახარჯინო, ამ პირობებშიც კი, მაინც მოიგებს ამ არჩევნებს. ისეთი ამბავია ატეხილი - უკვე 75 %-მდეა მისი რეიტინგი.

თქვენ ახლა მიმართეთ ინტელიგენციას, რომელიც აქამდე რატომღაც პასიურობდა და ივანიშვილთან მიმართებითაც კი ნეიტრალიტეტს ამჯობინებდა, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში. რით ახსნით ამას?

_ მთავარი ის კი არ არის, პირადად  გაძლევდა თუ არა თანხას. მთავარია, რომ თანხას შენ ქვეყანას აძლევდა. ხომ ააშენა სამება? ხომ აღადგინა უამრავი უძვირფასესი ხატი? ეკლესია, სტადიონები, თეატრები? ხომ შენს ქვეყანას გაუკეთა ეს ყველაფერი? მე ვიცი, ასეთი ხმაც მომოვიდა, რომ ერთ-ერთ გამოჩენილ ადამიანს ჰკითხეს, რომ დაგიყენოს ივანიშვილმა პირდაპირ საკითხი და გითხრას, ხმა ამოიღე, რას იზამო? - ავად გავხდებიო, - იმან უპასუხა. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანებიც არსებობენ და,  ჩვენი მიმართვა მათზე არ არის გათვლილი. ეს არის იმ ადამიანებზე, რომლებიც ახლა მერყეობენ და იმედი მაქვს, სინდისი შეაწუხებთ. სხვათაშორის, ბატონი ბიძინაც სწორედ იმ შუალედის გააქტიურებაზე საუბრობს, რომელიც ახლა ჩუმადაა. ესენი არიან ყველაზე საშიშები, ისინი ელოდებიან და საითაც გადაიწევა სასწორი, იქით დადგებიან. სხვათაშორის, ის ხალხი, თუ გადაწონა, და ღმერთმა ქნას, გადაწონოს ბიძინას ფაქტორმა, ქაფივით მოედებიან სათავეში და ისევ ეგენი იქნებიან.

და ალბათ, მართლა ღირსეულ ადამიანებს ივანიშვილამდე  არც მიუშვებენ?

- დიახ, არც მიუშვებენ იმას, ვისაც დიდი ხნის განმავლობაში, თანმიმდევრული და სწორი პოზიცია აქვთ მიმდინარე პროცესების მიმართ. მაგრამ არა უშავს, ეს არ არის პრობლემა. მთავარია, საქმე გამოვიდეს.

18 დიპლომატის მისავლა ივანიშვილის სასახლეში, რას ნიშნავს არადიპლომატიურ ენაზე? დიპლომატების ენაზე ალბათ, ეს რაღაცას ნიშნავს?

- „ფეისბუქში“ ამ დიპლომატების თავყრილობის სურათი იყო დადებული და ასეთი რამ ჰქონდა მიწერილი - „სააკაშვილის ქელეხი“. სწორედ ამას ნიშნავს ეს თავყრილობა. მე ახლა დიპლომატი არ ვარ და ეს წესები არ ვიცი, მაგრამ ლოგიკური აზროვნების უნარი მაქვს. დარწმუნებული ვარ, კერძო პირთან, მის რეზიდენციასთან მისვლას ვერ გაბედავდა ვერცერთი დიპოლომატი, ბასის ჩათვლით, თუ უმაღლესი ხელისუფლებიდან ამის ნებართვა არ ექნებოდათ. ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული თანაგრძნობა ამ კაცის მიმართ უკვე იქაც გაჩნდა. რამდენადაც ვიცი, დიპლომატიურ წრეებში უკვე ერთმანეთში ხმამაღლა განიკითხავენ ხელისუფლების საქციელს -„ქართუ ბანკის“ მანქანის გატაცებას, მოქალაქეობის ჩამორთმევას. ალბათ, ეს გადაიზრდება ოფიციალურ განცხადებებშიც.

შეშინებულია სააკაშვილი, თუ იგი ელოდა ასეთ ფინალს?

- არა მარტო სააკაშვილი, არამედ შეშინებულია მთელი მმართველი ელიტა. ასეთი არალოგიკური ნაბიჯების გადადგმა ამას მიუთითებს. მე ამის სპეციალისტი ვარ და კარგად ვიცი, ამას ჰქვია იერგ დოცონის კანონი, რომელიც  ყველა ცოცხალ ცხოველურ ორგანიზმში მუშაობს - ბაყაყიდან, თევზებიდან დაწყებული, ადამიანის ჩათვლით. როდესაც ძლიერია მოტივაცია და გამოუვალი მდგომარეობაა, მაშინ გადაწყვეტილებების სწორად მიღების საშუალება არ არის და ამას თვითონ არეგულირებენ ადამიანები. უფრო ძლიერი ნებისყოფის ადამიანი, როდესაც ძალიან უნდა რაღაც, იოკებს ამას, რადგან, როცა შიშის ფაქტორი მუშაობს, მაშინ ინფორმაციის გადამუშავების სისტემა ეფექტურად არ მუშაობს და მოშლილია. ბუნებრივია, ეს კანონი ამ ხელისუფლებაზეც უნდა ამუშავდეს.

მათ შორის, სააკაშვილის ფსიქიკის ადამიანზეც?

- რა თქმა უნდა, ყველა ადამიანში მუშაობს, რადგან დაინახეს ძალიან ძლიერი ძალა, რომელმაც ყველაზე პატიოსანი გზა შესთავაზა. არ უთქვამს არც ივანიშვილს, არც სხვა მის მომხრეს ქუჩის აქციების, რევოლუციის გზა. არჩევნებით ვიბრძოლოთ, შევქმნათ გარემო და ვიბრძოლოთო. მიიღეს კიდეც პასუხი, აგერ, ბერნსმა, კლინტონის მოადგილემ, უთხრა, უნდა შეიცვალოს გარემო და 2013 წელს ხელისუფლება უნდა გადასცეთო, ანუ მიშას დრო დამთავრდაო. ახლა ამათ როგორ გაიგეს? აკო მინაშვილის გამონათქვამი ხომ დამახინჯებულ აზროვნებას ნიშნავს? ხელისუფლების გადაცემა ნიშნავს, რომ ნაციონალები ძალაუფლებას ნაციონალებს გადასცემენო. ზუსტად იერგ დოცონის კანონში ხვდება, ასეთ არალოგიკურ რამეებს რომ ამბობს ასე გამწარებული კაცი.

ივანიშვილის გამოჩენისთანავე მისი ტაქტიკა უკვე ცხადი იყო, რომ იგი აქციებს არ იწონებდა. მაგრამ სააკაშვილთან პაექრობა მას ხომ არ აიძულებს, უფრო რადიკალური გახდეს? მით უფრო, რომ ქართულ პოლიტიკას ბოლო წლებში დაებედა აქტიურობა, აქციები, მიტინგები. ხომ არ მოექცევა ივანიშვილი, ამ გაგებით, ქართულ ყაიდაზე?

- არ მოექცევა. პირდაპირ აცხადებს და ყველას გვთხოვს, ზედმეტ აქტიურობას ნუ გამოიჩენთო. რადგან ქუჩაში მოვლენების გადატანა საბედისწერო იქნება, რაც ხელისუფლების ინტერესში შედის. არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე პარტიამ, რომელიც თავს იკლავს, თითქოს ძალიან ოპოზიციურია, აქციები წამოიწყოს. ამ ფრონტზე ახლა თუ წამოიწყეს აქციები, ეს მათი ლუსტრაცია იქნება. თუ ხალხი არ მიუვიდათ, დარწმუნებული ვარ, ნაციონალები მიუყვანენ. ხალხს სახეზე ხომ არ აწერია, რომ ნაციონალები არიან? შესაძლოა, იქ ატყდეს ჩხუბი, ერთი ამბავი, წყალიც შეასხან თავისსავე ხალხს და მიშამ მაშინვე რაღაც ფოკუსი გამოაცხოს. ეს კი ივანიშვილის საწინააღმდეგოდ დაასხამს წყალს, რადგან ჯერ კიდევ ისე მომძლავრებული არ არის ის მოძრაობა, როგორც უნდა იყოს.

ანუ, შალვა ნათელაშვილის 7 ნოემბრის აქცია ყოვლად გაუმართლებელია?

- არ მინდა, ახლა, პიროვნულად შალვაზე რამე ვთქვა. დიდი იმედი მაქვს, ეს პროცესი მათ პარტიაში დაიწყო და ისიც ცოტას დაფიქრდება და ისეთ განცხადებებს არ გააკეთებს, რომლითაც შავით თეთრზე წერია, რომ ვეღარ გაარჩევ მათი პარტიის წევრებისა და ნაციონალების განცხადებებს. გუშინ დაიწერა „ფეისბუქში“ მაგალითად, რომ „ტრუპებით“ ნაშოვნი ფულით არის მოსული და, რასაც გოკა გაბაშვილი ამბობს, იმავეს ამბობენ. თუ „ტრუპებით“ ნაშოვნი ფული იყო, რას სთხოვდი მაშინ, შე მამაცხონებულო?! ხომ თქვა თვითონ ნათელაშვილმა, პარტიები უნდა დააფინანსოს მილიონერმაო? ე. ი. რომ მიეცათ ფული, მაშინ არ იქნებოდა ივანიშვილის ფული „ტრუპებით“ ნაშოვნი?

ივანიშვილის დღევანდელ ინტერვიუში ეწერა - მე დროულად მოვედი ქართულ პოლიტიკაშიო, ანუ დრო ივანიშვილის სასარგებლოდ მუშაობს? ასევე, მან გულახდილად აღნიშნაყველას ეგონა, რომ დიდწილად სოროსი აფინანსებდა ამ ხელისუფლებას, სინამდვილეში, მე ვაფინანსებდიო.

- რა შევამჩნიე, იცით? რომ იმდენად ძლიერი პიროვნებაა, ისიც კი აღიარა, სამწუხაროდ, გვიან მივხვდი, ვინ იყო დღევანდელი ხელისუფლება და 7 ნოემბერს უკვე ჩამოიხსნეს ნიღაბიო. აქედან დაწყებული, მათთან ურთიერთობა არ ჰქონდა. ამას ძლიერი ადამიანი თუ შეძლებს. აღიარა, ასევე, ის არაკორექტული გამონათქვამები, რომლებიც ჰქონდა ჟურნალისტების მიმართ. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საკუთარი ადამიანური ბუნება აჩვენა, რომ მიუკარებელი კი არ არის, არამედ შეუძლია ადამიანების გაგება. კაცს, რომელსაც თავისი ოჯახი არ უყვარს, სხვისი შეიძლება უყვარდეს? ყველაზე უფრო ძვირფას ჩემს საქმედ მიმაჩნია ჩემი ოჯახის შექმნაო. ბუნებისადმი მისი დამოკიდებულება, ეკონომიკური საკითხები მნიშვნელოვანია. ყველაფერი ეს ძალიან ადამიანურია. იმის აღიარებაა, რომ საერთოდ, ადამიანი სუსტი არსებაა, მეც შემეშლება რაღაცები, მაგრამ შევეცდები, ნაკლებად შემეშალოს და სხვისი აზრი გავითვალისწინოო. თანაც, ძალიან მომეწონა მისი გამონათქვამი, ოპოზიციაში წავალო. ეს ზუსტად ემთხვევა „ქართული აკადემიის“ პოზიციას.

მასთან თანამშრომლობა გესახებათ?

- ახლა ჩვენ ვერავის გავაძლიერებთ, ამ სფეროში არ ჰგავს „ქართული აკადემია“ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ ეს არ შეგვიძლია, მაგრამ ის, რომ ახალი ხელისუფლების პირობებშიც „ქართული აკადემია“ დარჩება ოპოზიციაში, ამას ემთხვევა მისი თვალსაზრისიც. ახალ ხელისუფლებას მუდმივად სჭირდება კირკიტი. თავის დროზე მე ვიყავი იმ საზოგადოებრივი დარბაზის წევრი, რომელსაც ცხონებული რამაზ ჩხიკვაძე ხელმძღვანელობდა. მე, ბატონი ვანო კიღურაძე და რამდენიმე კაცი ვიბრძოდით, რათა შეგვენარჩუნებინა სახე და, თუ რამეს დააშავებდა ეს კაცი (საუბარია სააკაშვილზე) უნდა შეგვენიშნა. მერე თქვეს, არაო, რაღად  გვინდა ახლა, მოვიდნენ უკვე ხელისუფლებაშიო და დაიშალა ის დარბაზი. არადა, თავიდანვე უნდა გაგვეკეთებინა განცხადებები, უნდა გვემხილა მათი შეცდომები. მერე ცალ-ცალკე აღარ გამოვიდა, როცა უკვე „გარეკეს“ ამათ.

საკუთარ ინტერვიუში ივანიშვილმაკადაფის გზაცახსენა. საზოგადოებაში ასეთი აზრიცაა, ივანიშვილის ფაქტორი ხომ არ არის ისევ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად, რომელიც ასეთი ფინალისთვის არ ემეტებათ? ასეთნაირად დაინახავს თუ არა ივანიშვილის გამოჩენას ქართულ პოლიტიკაში თავად სააკაშვილი, რათა რადიკალიზმი ავიცილოთ?

- ეს სააკაშვილმა თვითონ უნდა გაანალიზოს. ასე მოუვიდა ჩაუშესკუს, კიდევ უარესი მოუვიდა, რადგან თავისივე გარემოცვამ გაწირა. რა თქმა უნდა, სააკაშვილი თუ გაჯიქდა, ასეთი დანაშაულებრივი შეცდომები ჩაიდინა, ვერაფერს გამოვრიცხავ.  ნაციონალების საფინანსო მაქინაციების მხოლოდ 5%-ის შესახებ ვიცით, თავად ხომ კარგად იციან, რაც აქვთ გაკეთებული? ყოველ შემთხვევაში, ახლა არ უნდა მოიქცნენ გაუაზრებლად. ამ კაცმა შესთავაზა ყველაზე პატიოსანი ბრძოლის ხერხები -არჩევნები. ნაციონალების მხარდამჭერების მიკვირს, არ უნდათ, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს? თუ მუდმივად უნდა იყოს მიშა, ერთპარტიულობა? არ გვინდა, ბატონო, არცერთი დემოკრატიული ქვეყანა ასე არ ცხოვრობს. დემოკრატიაზე უკეთესი კი ვერაფერი მოიგონეს. არსად არ არის სრული დემოკრატია, ჩერჩილის სიტყვებს ვიმეორებ: დიდი საშინელი რამ არის, მაგრამ კაცობრიობას ამაზე უკეთესი წყობა არ მოუგონიაო.