[რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი]
საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვლადიმერ პუტინი პირველი ინიციატივით გამოდის. გაზეთი იზვესტიაში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელსაც ხელს რუსეთის პრემიერ - მინისტრი აწერს „ევრაზიის კავშირის“ შექმნაზეა საუბარი:
„გულუბრყვილობა იქნებოდა წარსულიდან რაიმეს აღდგენის ან ასლის აღების მცდელობა თუმცა უფრო ძლიერი ინტეგრაცია ახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბაზაზე და ფასეულობათა ახალი სისტემა, ჩვენი ეპოქის იმპერატივია . .. დარწმუნებული ვარ ევრაზიის კავშირის შექმნა, ეფექტური ინტეგრაცია ეს არის გზა რომელიც მის მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს ღირსეული ადგილი დაიკავონ 21 საუკუნის რთულ სამყაროში“.
აღნიშნული ინიციატივა, აისბერგის ხილულ ნაწილს ჰგავს, რომლის უხილავი ნაწილი როგორც წესი, მასთან შედარებთ 100-ჯერ დიდია და, რაც მთავარია, უხილავი.
იმისათვის, რომ გაცილებით ნათლად გავაშუქოთ რუსეთის პრემიერის ეს ინიციატივა და ანალიზისას მაქსიმალურად გამოვრიცხოთ ჩვენთვის დამახაიათებელი ემოციური ნაწილი მოკლედ და ცალ-ცალკე შევეხოთ ინიციატივის ორ შემადგენელ - გეოპოლიტიკურ და იდეოლოგიურ ნაწილს.
დედამიწის ყველაზე დიდი კონტინენტი, ევრაზია, შთამბეჭდავია თავისი მდიდარი ენერგო რესურსებით. მაშინ როდესაც ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა ფლობს ნავთობის მსოფლიო მარაგის დაახლოებით 5 პროცენტს, ევრაზიის მფლობელობაშია ნავთობის მარაგის დაახლოებით 75 პროცენტი. გაზის მსოფლიო მარაგის 7.79%-ს მფლობელია ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა, ევრაზია - 73.17. ყველაფერ ამას დამატებული მსოფლიოს მოსახლეობის 75 და მსოფლიოს ერთობლივი პროდუქტის 60 პროცენტი - ევრაზიას შესწევს უნარი დაუპირისპირდეს პოლიტიკურ ძალასა თუ ეკონომიკურ გამოწვევას. ზბიგნებ ბჟეზინსკი წერდა: „ვინც ფლობს ევრაზიას ის ფლობს სამყაროს“. თუმცა აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ ევრაზიის პოლიტიკურ გაგებაში არ მოიაზრება როგორც ახლო და შორეული აღმოსავლეთი, ასევე ჩინეთი.
იგივე ავტორი მიუთითებდა, რომ კონტინენტის გეოგრაფიული სიდიდე ეს იყო ხელისშემშლელი ფაქტორო ევრაზიის სახელმწიფო ინტერესთა გაერთიანებისთვის, თუმცა რეგიონის პატარა სახელმწიფოთა ინტერესების გაერთიანების შესაძლებლობა არ გამოურიცხავს. ამ ჭრილში მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის, კასპიის ზღვის აუზის და ცენტრალური აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკის სახელმწიფოთა გაერთიანების პერსპექტივები, რომლებიც ევრაზიის ენერგოსივრცის ერთიან ჯაჭვს წარმოადგენენ და ინაწილებენ შესაბამის ფუნქციებს:
კასპიის ზღვის აუზისა და ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა ქვეყნები გვევლინებიან ამ სივრცის ენერგომარაგების მწარმოებელ სახელმწიფოებად.
სამხრეთ კავკასია კი ევრაზიული ენერგო სივრცის უაღრესად მნიშვნელოვანი კომპონენტის - სატრანზიტო ფუნქციის მფლობელია.
ხოლო თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ მსოფლიოში ენერგომატარებლეზე მუდმივად მზარდი მოთხოვნას, წარმატებული თუ განვითარებადი სახელმწფოების დამოკიდებულებას ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ნათელი გახდება რომ ევრაზიის კონტინენტის ამ სახელმწიფოთა ინტერესთა გაერთიანება ბუნებრივად უნდა წარმოადგენდეს იმ ნებისმიერი ძალის ინტერესსა და დაპირისპირების საგანსაც კი, რომელსაც აქვს პრეტენზია მსოფლიო ჰეგემონობაზე.
კასპიის ზღვის აუზის სახელმწიფოებისა და ცენტრალური აზიის რიგი ქვეყნების ენერგო-პოტენციალის მიმართ ინტერესი უკვე მზარდ კონკურენციაში გადადის და მთავარი მოთამაშეებიც სახეზე გვყავს.
მართალია შეერთებული შტატების ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ნავთობზე დამოკიდებულების მაქსიმალურად შემცირებისა და ბუნებრივი აირის მშობლიური მარაგების ათვისების ინიციატივით შტატების ახალი ენერგოპოლიტიკის კონტურები მოხაზა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ეს არ იქნებოდა ხანმოკლე პროცესი. ამდენად, ბუნებრივი რესურსებით გაჯერებული ევრაზიის კონინენტი კვლავ რჩება შტატების ინტერესების სფეროდ. ამასთან ერთად შტატების სახელმწიფო უსაფრთხოების თემა ბუნებრივად არ მისცემს მას უფლებას შორიდან ადევნოს თვალყური რუსეთისა და ჩინეთის გაძლიერებას, რომლებიც სწორედ ევრაზიის სივრცის ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშეები არიან. ის იძულებულია მისთვის გონივრულ დონემდე შეაკავოს მათი ეკონომიკური და პოლიტიკური სიძლიერე.
საკუთრივ რუსეთის, როგორც ევრაზიის გიგანტის ადგილი ნავთობის და ბუნებრივი აირის მსოფლიო მარაგების საერთო სურათში საკმაოდ შთამბეჭდავია. ნავთობის მსოფლიო მარაგის დაახლოებით 14 პროცენტი რუსეთზე მოდის. რაც შეეხება ბუნებრივ აირს ამ კუთხით ის პირველ ადგილზეა მსოფლიოში. ნავთობის ექსპორტის კუთხით კი რუსეთი მეორე ადგილს იკავებს.
უაღრესად მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე რუსეთი მნიშვნელოვნად აკონტროლებს კასპიის ზღვის რეგიონის და ცენტრალური აზიის ენერგორესურსების დასავლეთისკენ მიმავალ მარშრუტებს. ამასთან ერთად ცენტრალურ აზიაში ყოველთვის ძლიერი იყო რუსეთის ხოლო სუსტი იყო შტატების პოზიციები. რუსეთისთვის ბუნებრივ-გეოგრაფიული უპირატესობა ის კომპონენტია, რომელიც ევრაზიული ენერგოსივრცის კონტროლისთვის არ საჭიროებს დამატებით სამხედრო არგუმენტებს, ან მინიმალურ დონეზე დაჰყავს ისინი. შტატებისთვის კი ამ უპირატესობის არ არსებობა ბუნებრივად აჩენს სამხედრო არგუმენტებისა თუ პროვოკაციების საჭიროებას.
თუმცა დღეს რუსეთისთვის თუნდაც მხოლოდ ევრაზიის ენერგოსივრცეზე ჰეგემონობისთვის მხოლოდ ბუნებრივ-გეოგრაფიული უპირატესობა საკმარისი აღარაა. ამ მიზნის მისაღწევად მხოლოდ ენერგორესურსების მარაგი ერთადერთი კომპონენტი არ არის, ვინაიდან მარაგების ტრანზიტის საკითხი მოერე და ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. სამხრეთ კავკასიური დერეფანი კი ამ გზაზე კრემლისთვის ყველაზე დიდი შავი ხვრელია, რომელიც დღეისთვის რუსეთზე გამავალი სატრანზიტო მარშრუტების ერთ-ერთი სერიოზულ კონკურენტად გვევლინება.
ბუნებრივი იქნება თუ სამხრეთ-კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტები მოსკოვში დანახულია, როგორც ფედერაციის დამანგრეველი ძალა, ხოლო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან აღქმული იქნება, როგორც ევრეზიის ენერგოსივრცეზე გაბატონების რუსული სურვილების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა.
სავარაუდოდ, რუსეთის პოლიტიკური ადმინისტრაცია ამ ძალისხმევას, როგორც წინააღმდეგობის ნიშნებს უკვე ხედავს საქართველოს გავლით უკვე მოქმედ, ან დაგეგმილ პოტენციურ მარშრუტებში, რომელიც როგორც უკვე ვახსენეთ რუსული სახელმწიფოსთვის დამანგრეველ საფრთხედ შეიძლება შეფასდეს. ამდენად მოსკოვის მთავარ მიზანს დიდი ალბათობით უნდა წარმოადგენდეს მის ტერიტორიაზე უკვე მოქმედი, ან მომავალი სატრანზიტო მარშრუტების პოლიტიკური სტაბილურობა და ეკონომიკური მიმზიდველობის გაზრდა/შენარჩუნება. მიზნის მისარწევად, სავარაუდო ამოცანებში კი სამხრეთ კავკასიაზე გამავალი ალტერნატიული გზების კონტროლი, ან მათი მიმზიდველობის მაქსიმალურად დაკნინება უნდა წარმოადგენდეს პოტენციური მომხმარებლების თვალში.
ასე, რომ „ევრაზიული კავშირის“ შექმნის ინიციატივის უხილავ პოლიტიკურ პროგრამაში ერთ-ერთ მიმართულებას თუ ერთადერთს არა - ევრაზიული ენერგოსივრცის კონტროლი უნდა წარმოადგენდეს, სადაც კასპიის ზღვის აუზის სახელმწიფოთა ენერგომარაგებას განსაკუთრებული, ხოლოს სამხრეთ კავკასიას გადამწყვეტი როლი ეკისრებათ. შესაბამისად ჩნდება კითხვა თუ პუტინის ევრაზიის კავშირის შექმნის ეს იდეა რუსული იმპერიული იდეიის ნაწილია როგორ და სად ხედავს კრემლი საქართველოს ადგილს ამ კავშირში?
ამ კითხვით ჩვენ საქართველოში მოქმედ „ევრაზიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელს მივმართეთ. როგორც ორგანიზაციის ვებ-გვერდიდან ხდება ცნობილი იგი 2009 წელს პოლიტოლოგთა ერთმა ჯგუფმა დაარსა და მიზნად ქართულ და რუსულ ენოვანი საზოგადოებისთვის ახალი და არასტანდარტული იდეების შეთავაზება დაისახა. კითხვაზე თუ როგორ და სად ხადავს კრემლი საქართველოს ადგილს ამ კავშირში ინსტიტუტის წარმომადგენელი ასე პასუხობს:
„პუტინი საქართველოს ადგილს ამ კავშირში ხედავს ძალიან ახლოს და გვერდით… ამ ადამიანში არ არის მკვდარი რუსულ-ქართული ისტორიული ურთიერთობები და დამოკიდებულება” (კომენტარი ვრცლად იხილეთ ვიდეოში).
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში კი ფიქრობენ რომ პუტინის ეს იდეა არის გაგრძელება იმ ძველი გეგმისა და სტრატეგიისა, რომელიც გავლენის სფეროების გადანაწილებას ისახავს მიზნად.
განმარტება:
„ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარე მასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნული თემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსის წახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია და უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერით მომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არ წარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს.“