საარჩევნო ციებ–ცხელების წინ, ვაშინგტონის მოწოდებები თბილისის მიმართ სულ უფრო კონკრეტულ ხასიათს იძენს. აშშ საქართველოს საარჩევნო კოდექსისა და პოლიტიკური გარემოს რეფორის განხორციელებისკენ მოუწოდებს. მიზანი, მომავალი ორი წლის განმავლობაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფაა, პროცესის შედეგი კი, 2013 წელს ხელისუფლების სრულად დემოკრატიული გადაცემა იქნება.
თბილისში ვიზიტით მყოფი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები საქართველოში ორიენტირებულია უფრო მეტად სათამაშო გარემოზე, ვიდრე - მოთამაშეებზე. მისივე თქმით, ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი სასამართლო და დამოუკიდებელი, თავისუფალი მედია:
„თუ გადავხედავთ მსოფლიოს, ვერ ვიპოვით ვერც ერთ ქვეყანას, რომელიც წარმატებულად ებრძვის, მაგალითად, ისეთ პრობლემას, როგორიც არის კორუფცია, თუკი ამ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და დამოუკიდებელი მედია. ეს არ არის ადვილი, ამას დრო სჭირდება. თუმცა, ჩვენ ღრმად გვწამს, რომ აუცილებელია ამ ინსტიტუტების შექმნა“.
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, გამართლდეს ქართული საზოგადოების ნაწილის ვარაუდი, რომ მიხეილ სააკაშვილი 2013 წლის შემდეგ ხელისუფლებაში პრემიერად დარჩება და როგორი იქნება ამ შემთხვევაში აშშ-ს დამოკიდებულება, ბერნსმა განაცხადა, რომ ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა:
„მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ჩვენი გრძელვადიან ინტერესები საქართველოში ორიენტირებულია უფრო მეტად სათამაშო გარემოზე, ვიდრე მოთამაშეებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ღია და სამართლიანი არჩევნების, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა მომდევნო ორი წლის განმავლობაში.
2013 წელი საქართველოს დემოკრატიაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი იმ საკითხებზე ფოკუსირება, რომლებზეც ვისაუბრეთ. მათ შორის მედიის გამჭვირვალობა და დაფინანსება და იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ერთი წესით ითამაშებს, საარჩევნო კოდექსი გაუმჯობესდება. იმედი მაქვს, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში თქვენ შეძლებთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფას“.
უილიამ ბერნსი ღიად აცხადებს, რომ სამართლიანი არჩევნების შედეგი 2013 წელს ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემა უნდა იყოს. სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, ამერიკული მხარე აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის და ყველა არსებული კონტაქტის საშუალებით ეცდება, ყველაფერი გააკეთოს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდასაჭერად:
„ასევე რათა მხარი დავუჭიროთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას, კანონის უზენაესობას, რომელიც დაფუძნებული იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. გვსურს საქართველოში დემოკრატიული რეფორმები გამჭვირვალედ წარიმართოს.
მოვუწოდებთ საქრათველოს, განახორციელოს საარჩევნო კოდექსის და პოლიტიკური გარემოს რეფორმა, რათა უზრუნველყოფილი იქნას მომავალი ორი წლის განმავლობაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რისი შედეგიც იქნება 2013 წელს ხელისუფლების სრულად დემოკრატიული გადაცემა“.
უილიამ ბერნსის განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენლებმა „თავის ენაზე“ „გადათარგმნეს“. საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილის შეფასებით, ხელისუფლების „გადაცემა“ არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება იგივე პოლიტიკურ ჯგუფს და იგივე ადამიანებს გადაეცეს.
მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ, როგორც წესი, ხელისუფლება ხელისუფლებას გადაეცემა, არჩევნების შემდეგ მოდის ახალი ხელისუფლება. თუმცა, აკაკი მინაშვილის თქმით, ეს არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება იგივე პოლიტიკურ ჯგუფს და იგივე ადამიანებს გადაეცეს.
მინაშვილის თქმით, აშშ არის დემოკრატიული სახელმწიფო და ის პატივს სცემს პარტნიორ სახელმწიფოებს და მათი ხალხის არჩევანს, ამიტომ თუ ბერნსის განცხადება ისე იყო გაგებული, როგორც რეკომენდაცია, რომ ხელისუფლება 2013 წელს უნდა სხვა პოლიტიკურ ჯგუფს გადაეცეს, როგორც მინაშვილი ამბობს, აშშ თავს უფლებას არ მისცემდა, რომ მის პარტნიორი ქვეყნისთვის მსგავსი რეკომენდაცია არ მიეცა.
თავის მხრივ, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისათვის“ ლიდერის გია ცაგარეიშვილის მოსაზრებით, უილიამ ბერნსის განცხადება ნათელი შეტყობინებაა იმისა, რომ საქართველოში ხელისუფლების სრულად გადაცემა უნდა მოხდეს.
ცაგარეიშვილის განცხადებით, ეს არის ნათელი შეტყობინება მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის, რომ წინ არ უნდა აღუდგნენ ხალხის ნებას და 2012-13 წლებში უზრუნველყონ ხელისუფლების სრულად, დემოკრატიულად გადაცემა:
„ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა მოქალაქისთვის გახდეს მხოლოდ ცუდი სიზმარი, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა დაივიწყოთ საქართველოს გაერთიანებისა და გამთლიანების გზაზე“.
უილიამ ბერნსის განცხადებების ანატომიაში უკეთ გასარკვევად ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილს დავუკავშირდით:
პაატა ზაქარეიშვილი: ბერნსის განცხადება კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები გვერდში არავის უდგას. ლეგენდებია, რომ მათ სააკაშვილი მოიყვანეს. მერე თითქოსდა ალასანიასთან არიან, იმავე ბურჯანაძესთან, ახლა ივანიშვილთან და სხვ. ეს ყველაფერი ზღაპრების სფეროდანაა.
ამერიკელებს ქვეყანაში, პირველ რიგში, დემოკრატია სჭირდებათ. ხალხის მიერ მოყვანილ ნებისმიერ ადამიანს მხარს დაუჭერენ თუ აშკარად ჩანს, რომ ის დემოკრატიული პროცედურებით არის არჩეული.
მაგრამ ქვეყანაში დემოკრატია თუ არ არის?
– მაშინ მეორე რიგში დგას წესრიგი და სტაბილურობა. ანუ, მთავარია არეულობა, დაძაბულობა არ იყოს. ადამიანების უფლებების მასობრივ დარღვევას, სისხლისღვრას, სამოქალაქო ომს და ა.შ. არ ჰქონდეს ადგილი. ერთი სიტყვით, ან დემოკრატია ან სტაბილურობა.
ჩვენ რომელ საფეხურზე ვიმყოფებით ამ თვალსაზრისით?
– სააკაშვილი მათ დემოკრატიას ვერ სთავაზობს. ის სთავაზობს სტაბილურობას. შესაბამისად, ამერიკელები სააკაშვილს იტანენ, რადგან სხვა, უკეთესი ვარიანტი არ არის. როგორც კი ქართული საზოგადოება გადადგამს ნაბიჯს დემოკრატიისკენ, ვითარება შეიცვლება. დემოკრატიული ინსტიტუტებით არჩეულ თვით სააკაშვილსაც კი ისინი, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერენ. იმ პროცედურებით მიღებულ პოლიტიკურ ელიტას, რომელიც ქართული საზოგადოების მიერ დადგინდება.
მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ მათთვის გარემო, სათამაშო მოედანი არის მნიშვნელოვანი და არა ის, ვინ თამაშობს ამ მოედანზე. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ამ მოედანზე, მათთვის მისაღები იქნება. მერამდენეჯერ უნდა დაამტკიცოს ამერიკამ, რომ ისინი არავის ზურგს უკან არ დგანან.
მაშინ იქნებ დავაკონკრეტოთ, რას ნიშნავს „ხელისულების დემოკრატიული გადაცემა“.
– ხელისუფლება შეიძლება საკუთარ თავსაც გადასცე. ინგლისურად ეს წინადადება უფრო ნეიტრალურად ჟღერს. ანუ, ეს დემოკრატიული ფორმით და კონსტიტუციის ჩარჩოებში უნდა მოხდეს. იგი შეცვლას არ გამორიცხავს, მაგრამ ეს არც პირდაპირი მნიშვნელობით აღიქმება. იგულისხმება ის, რომ ვიღაცამ სახელისუფლებო ესტაფეტა უნდა მიიღოს. ეს დემოკრატიული ფორმით უნდა მოხდეს, მშვიდობიანად.
თუმცა, დასავლელი პარტნიორები დაყაბულდებიან თუ არა მარტო „სტაბილურობით“, თუნდაც 2012–ის არჩევნების შემდეგ?
– თუ ქართულმა საზოგადოებამ დემოკრატიული ინსტიტუტები არ დაიცვა, მაშინ მათთვის სტაბილურობა აუცილებელ პირობად რჩება, გინდ ეს 2020 წლის შემდეგ ხდებოდეს. ასეთი მიდგომა ყოველთვისაა.
ნახეთ, როგორ იქცევიან ისინი, აზიაში იქნება თუ აფრიკაში. სადაც სტაბილურობაა, მხარს უჭერენ, რადგან იქ დემოკრატია არ არის. საუდის არაბეთი აშშ–ს ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული მოკავშირეა, სად არის იქ დემოკრატია? გრამ დემოკრატიას ვერ შეამჩნევთ. ცოლ–ქმრული ღალატის გამო ქალებს პირდაპირ მოედნებზე საჯაროდ თავებს აჭრიან. სუსტ სქესს ხმის უფლება საერთოდ არ აქვს. ვინაიდან დემოკრატიის არანაირი შანსები არ არსებობს, მხარს უჭერენ რეჟიმს, რომელიც იქ მოქმედებს.
ყველაფერი ქართულ საზოგადოებაზე არის დამოკიდებული. არის საზოგადოება მზად, რომ სამოქალაქო ღირებულებებით მართოს თავისი ინტერესები? – მშვენიერია, - მაშინ, ჩვენი მოკავშირე დაგვეხმარება. არ არის მზად ქართული საზოგადოება სამოქალაქო ღირებულებებით მართოს თავისი ინტერესები? მაშინ ისინი ჩვენი მოკავშირეები არ იქნებიან. თუმცა, მხარს დაუჭერენ იმას, რაც აქ მოხდება. ამის გამო არ შეგვებრძოლებიან.
მათთვის მთავარია ქართული საზოგადოების სიმწიფე, თუ რა დონის მზაობა გვექნება. მაგალითისთვის, ინგლისურ ენას ხომ რა დონეზეც ხარ, იმ დონეზე გასწავლიან, რა დონისაც იქნება ქართული საზოგადოება არჩევნების შემდეგ, იმ ხარისხის მომსახურებაც გვექნება.