დააყენებს თუ არა ნატოს გზაზე საქართველოს სააკაშვილის მილიარდერი ოპონენტი?

დააყენებს თუ არა ნატოს გზაზე საქართველოს სააკაშვილის მილიარდერი ოპონენტი?


საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე კარჩაკეტილი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა – თბილისის ექსპერტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, თუმცა ამ ფაქტმა ინტერესი უცხოეთის დედაქალაქებშიც გააჩინა. გაგრძელდება თუ არა კვლავ ის პრო-დასავლური, ნატოზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა, რომელსაც დღევანდელი მთავრობა ატარებს. დამოკიდებულია თუ არა ეს ორიენტაცია ერთ ადამიანზე, დღევანდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე?

მისი მხრიდან დღემდე გაკეთებული საჯარო განცხადებები, ამ კითხვაზე ერთგვარი პასუხია. ის საზოგადოებას პრო-დასავლურ ორიენტაციას, მაგრამ რუსეთთან ნაკლებად არასასურველ ურთიერთობას სთავაზობს.

ერთ წერილში ის პასუხობს ბრალდებებს, რომ თითქოს ის პრო-რუსია, რადგან პრო-დასავლელ სააკაშვილს უპირისპირდება, მაგრამ ამას პოლიტიკის და არა საგარეო პოლიტიკის ტერმინებში აქცევს:

„ია ანთაძემ ამას წინათ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მე პრორუსულ ძალად, სააკაშვილი კი პროდასავლური ლიბერალური ღირებულებების აპოლოგეტად გამოაცხადა.

კი, ბატონო, ია ანთაძემ რაც უნდა ის მიწოდოს, არ მეწყინება, მაგრამ როგორ შეიძლება სააკაშვილში, რომელმაც ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა საქართველოში, ლიბერალობა და პროდასავლურობა დაინახო? როცა გაქვს ავტორიტეტი, როცა საზოგადოება გიცნობს, როგორც კვალიფიციურ და კეთილსინდისიერ ჟურნალისტს და ასეთ დასკვნებს აკეთებ, ეს უკვე დანაშაულის ტოლფასი ქმედებაა.“

(მისი მოსაზრება, რომ მსგავსი განცხადება დანაშაულია, ერთგვარად არყევს მის ანტი-ავტორიტარულ პოზიციას.)

მან ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში საქართველო შეიჭრა და არა რუსეთი (და რომ ის ამის წინააღმდეგი იყო). ეს ის მოსაზრებაა, რომელიც დღეს დიდწილად გაბატონებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, სააკაშვილის პოზიციას ეწინააღმდეგება. აქ, ამავე წერილში, ის შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს მიმართავს:

„ეს ხდებოდა 2008 წლის აგვისტომდე წელიწადნახევრით ადრე. მაშინაც იგივე სცენარი განიხილებოდა, რაც თქვენ 2008 წლის აგვისტოში განახორციელეთ. [ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი გიგა] ბოკერია დაჟინებით ითხოვდა ქართული ჯარების შეყვანას სამაჩაბლოში [გამოყოფილი სამხრეთ ოსეთი] და იმედი ჰქონდა, რომ რუსი სამხედროები გაიწეოდნენ და ქართულ ჯარს ცხინვალში უომრად შეუშვებდნენ…

მაშინ კი შევძელი დროებით შემეჩერებინა ის საბედისწერო გადაწყვეტილება, მაგრამ მოგვიანებით მაინც იგივე სცენარით იმოქმედეთ და რა შედეგიც მივიღეთ 2008 წლის აგვისტოში, სახეზეა.“

მეორე ღია წერილში, ის ზოგადად მიმოიხილავს თავის პლატფორმას, მათ შორის უსაფრთხოება/საგარეო პოლიტიკაზე შემდეგ განცხადებებს აკეთებს:

„პერსპექტიული გავხადოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენა.

დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება.

გავაღრმაოთ აშშ-სა და ევროკავშირთან მეგობრობა და ინტეგრაცია…“

დღემდე მან ერთი ინტერვიუ Reuters-ს მისცა, სადაც ის კვლავ ამ რთული საქმის დასრულებას ცდილობს:

„მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავაოცებთ ევროპას დემოკრატიის იმ ხარისხით, რომელსაც მე საქართველოში შევქმნი“, – განაცხადა მან. „ეს იმდენად ნამდვილი დემოკრატია იქნება, რომ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას ევროპელებიც კი მოინდომებენ“.

ოპონენტები სააკაშვილს თავისუფლებების შეზღუდვასა და 2008 წლის აგვისტოში ქვეყნის რუსეთთან ომში ჩათრევაში ადანაშაულებენ. ხუთ დღეში მოსკოვმა საქართველოს არმია დაამარცხა და აჯანყებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

ივანიშვილმა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ „გაუგონარ აგრესიაში“ დაადანაშაულა, მაგრამ განაცხადა, რომ კონფლიქტის პროვოცირება სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ მოახდინა.““

Jamestown-ის Eurasia Daily Monitor-სთვის ვლად სოკორი ამ განცხადებებს აანალიზებს და ხარვეზებზე მიუთითებს:

„აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ივანიშვილი თითქოს შეეცდება იქ „საქართველოს იურისდიქციის აღდგენის პერსპექტივების შექმნას. მაგრამ ის ამ საკითხს დეტალურად არ განიხილავს და არ ახსენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ის ამტკიცებს, რომ საქართველო გამომწვევად იქცეოდა რუსეთის მიმართ ჯერ კიდევ 2008 წლამდე და საბრძოლო მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში მან დაიწყო. ეს ხაზი იმას გულისხმობს, რომ ივანიშვილი რეჟიმის-შეცვლის მის პროექტს ცრუ იმედებს დაუკავშირებს, რომ თითქოს მოსკოვმა შეიძლება ამ ტერიტორიების მიმართ თავისი პოზიცია შეცვალოს.

საგარეო პოლიტიკაზე ივანიშვილი მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლება: „ის დაიწყებს ურთიერთობის გამოსწორებას რუსეთთან, გააღრმავებს მეგობრობას შეერთებულ შტატებთან და ინტეგრაციას ევროკავშითან“. ის კვლავ არაფერს აკონკრეტებს და ნატოს საერთოდ არ ახსენებს. ეს დაუდევრობა შეიძლება მისი პოლიტიკის ფარულ განაცხადად წავიკითხოთ.“

მართალია, ის რომ ივანიშვილს ნატოს წევრობა უნდა, გაურკევეველია, თუმცა საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ასეთი პერსპექტივა ივანიშვილის პირობებში უფრო შესაძლებელია, ვიდრე სააკაშვილის მმართველობის დროს. სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოვნიკ უილიამ ბერნსთან შეხვედრის შემდეგ, Messenger.ge-ში ვკითხულობთ:

„რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი მიესალმა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვას, განაცხადა რა, რომ ეს ნაბიჯი ცალსახად გააუმჯობესებს არჩევნებს. მთავრობისა და ოპოზიციის თანამშრომლობით და საარჩევნო კოდექსის ახალი პროექტით უკმაყოფილო ბერძენიშვილმა საეჭვოდ მიიჩნია ის, რომ საქართველო სააკაშვილის „მუდმივი მმართველობის“ პირობებში ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას შეძლებს. „შეერთებულ შტატებს ჩვენი სიტუაცია შესანიშნავად ესმის“, – განაცხადა შეხვედრით კმაყოფილმა ლევან ბერძენიშვილმა.“

და ბოლოს, ერთმა ნატოს მოწინააღმდეგე პოლიტიკოსმა ივარაუდა, რომ ივანიშვილი არა კრემლის, არამედ თეთრი სახლის მარიონეტია:

„თუმცა, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ფიქრობს, რომ თუკი ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვა, ის ქვეყენას ნატოში შეიყვანს და კიდევ უფრო დაანაწევრებს საქართველოს. ნათელაშვილს მიაჩნია, რომ მილიარდერს მხარს უჭერს შეერთებული შტატები, რომელსაც სააკაშვილის ივანიშვილით ჩანაცვლება სურს. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ივანიშვილისთვის პრორუსული იარლიყის მიკერება მთავრობის მხრიდან ძალიან მარტივი არგუმენტია. ანალიტიკოს გია ხუხაშვილის თქმით, ივანიშვილი გაცილებით პროდასავლელია, ვიდრე პრორუსი. ჯერ ერთი, ივანიშვილმა თავისი მოკავშირეები და პარტნიორები – რესპუბლიკური პარტია და ირაკლი ალასანია – დაასახელა და ისინი მკაფიოდ პროდასავლელი პოლიტიკოსები არიან.“

ამგვარად, ამ ეტაპზე, როგორც ჩანს პასუხი ასეთია: ვინ იცის. თუმცა, პროცესს ვაშინგტონში და მოსკოვში ყურადღებით დააკვირდებიან.
foreignpress.ge