ოპოზიცია არასაბიუჯეტო დაფინანსების შანსს კარგავს

ოპოზიცია არასაბიუჯეტო დაფინანსების შანსს კარგავს

ის ოპოზიცია, რომელმაც ხელისუფლებასთან შეთანხმება არ გააფორმა, საერთოდ დაფინანსების გარეშე რჩება. ამის შესაძლებლობა კი იმ კანონპროექტმა გააჩინა, რომლის თანახმად, საარჩევნო სუბიექტებს ქრთამის აღების, გამოძალვის ან მის სანაცვლოდ დაპირებებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ეს ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების,ზვიად კუკავას და კახა ანჯაფარიძის მიერ არის მომზადებული და „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, დასჯადი ხდება საარჩევნო სუბიექტის/ფიზიკური პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვარაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღება ან მოთხოვნა.

ასევე, საარჩევნო სუბიექტი დაისჯება, თუ მან რაიმე მსგავსი შეთავაზება ან დაპირება მიიღო, რათა „განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკაოს რაიმე ქმედების განხორციელებისგან, ან გამოიყენოს თავისი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად ან განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა“.

ამ ქმედებების გამო, საარჩევნო სუბიექტს ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თუ საარჩევნო სუბიექტმა დიდი ოდენობით - 10 ათას ლარამდე ოდენობის ქრთამი აიღო - შვიდიდან თერთმეტ წლამდე პატიმრობა დაემუქრება, ხოლო თუ ეს ქმედება მან არაერთგზის ჩაიდინა, ან დიდი ოდენობით - 30 ათას ლარს ზემოთ ქრთამი აიღო, თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობას მიუსჯიან.

ოპოზიცია ამ ინიციატივას მათთვის ფინანსური პრობლემების შექმნით ხსნის. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ამ გადაწყვეტილებაში ძალიან ბევრი გაურკვეველი და ბუნდოვანი საკითხია, რაც ოპოზიციის ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს.

პირველი გაურკვევლობა იმ ფაქტორს უკავშირდება, რომ რეალურად საარჩევნო სუბიექტზე უნდა გავრცელდეს საჯარო მოხელის ვალდებულება, რადგან მოქმედი კანონმდებლობით, ქრთამის აღებად ითვლება ის შემთხვევა, როდესაც საჯარო სამსახურის თანამშრომელი რაიმე მატერიალური სიკეთის მიღების სანაცვლოდ ბოროტად იყენებს სამსახურეობრივ მდგომარეობას.

სწორედ ამიტომ ექსპერტები ამ ნორმას გაუმართლებლად მიიჩნევენ.

„მიმაჩნია, რომ ეს არ არის კანონიერი, რადგან კანდიდატი, ჯერ ერთი, არ არის საჯარო მოხელე და, მეორე, არჩევნებისთვის საზოგადოდ დამახასიათებელია სხვადასხვა სახის შეპირებები. ეს არის პოლიტიკური პროცესი და ეს არ არის კონტრაქტის თუ რაიმე ხელშეკრულების დადება, რომლის შეუსრულებლობის გამო რაიმე მატერიალური პასუხისმგებლობა მოგთხოვონ. ასეთი რამ არსად არ ხდება“, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ზვიად კუკავა კი ამას იმით ხსნის, რომ აუცილებელია, არჩევნების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდეს. რაც შეეხება უშუალოდ საჯარო მოხელის ვალდებულების გავრცელებას საარჩევნო სუბიექტზე, კუკავა განმარტავს, რომ „ამიტომ არის აქ ორგვარი დიფერენციაცია. აქ არიან საჯარო მოხელეები, ვინც შეიძლება კორუფციული დანაშაული ჩაიდინონ და მათთან გათანაბრებული პირები. ვინაიდან არის მაღალი ალბათობა, რომ საარჩევნო სუბიექტებმა თავისი სპეციფიური მდგომარეობიდან გამომდინარე მომავალში შეიძლება ჩაიდინონ კორუფციული დანაშაული, ამიტომ ხდება ამ ადამიანების გათანაბრება საჯარო მოხელეებთან.

მესმის, თქვენ რასაც მეუბნებით და, ცხადია, შესაძლოა, ამ მომენტში არ იყოს საჯარო მოხელე, მაგრამ კორუფციული დანაშაულის ჩადენა მაინცდამაინც თანამდებობის პირისთვისაც არ არის აუცილებელი და ამის ერთ-ერთი მაგალითი არის სწორედ ის, რომ საარჩევნო სუბიექტები უთანაბრდებიან მათ. ანუ, ამით ხდება კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი მაქსიმალურად იყოს დაცული ასეთი შემთხვევებისგან“, - აცხადებს ზვიად კუკავა.

ცხადია, არც ამ კომენტარიდან არის სრულად გასაგები, თუ როგორ შეიძლება საჯარო მოხელის ვალდებულება გავრცელდეს საარჩევნო სუბიექტზე, მაგრამ ფაქტია, რომ ვრცელდება და არგუმენტად „საარჩევნო პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა“ სახელდება.

იურისტები კი მეორე მნიშვნელოვან მომენტად მიიჩნევენ იმას, რომ არ შეიძლება, ქმედება იქამდე ჩათვალოს დანაშაულად, ვიდრე ის განხორციელდება.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონი ხალხისთვის“ ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი განმარტავს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ითვალისწინებს სანქციას ჩადენილ დანაშაულზე და „არ შეიძლება პირი დასაჯო იმისთვის, რაც არ ჩაუდენია და ვიღაცამ ჩათვალა, რომ ეს რაღაცის ჩადენას აპირებდა“.

სწორედ ამიტომ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ გადაწყვეტილებას გამართლებული სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, თუ როგორ უნდა მოხდეს იმის დადგენა, საარჩევნო სუბიექტმა ვიღაცასთან გარიგება სწორედ ამ მიზნით დადო და მატერიალური სიკეთე მიიღო იმისთვის, რომ შემდეგ თავისი თანამდებობრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენოს.

ზვიად კუკავა განმარტავს, რომ „დაბრალებისთვის დამტკიცება იქნება საჭირო და ეს უკვე გამოძიების პრეროგატივაა. შესაბამისად ამას სამართალდამცველები გამოარკვევენ“.

დამამტკიცებელ საბუთებში კი, შესაძლოა, ის საბანკო ანგარიშებიც იქნას ჩათვლილი, რომლითაც საარჩევნოდ პარტიისთვის ფულის გადარიცხვა ხდება. ამიტომაც ოპოზიცია ეჭვობს, რომ ამ ნორმის შემოღება ხდება სწორედ იმიტომ, რომ მერე გამოყენებული იქნას კანდიდატების არა მარტო არჩევნებიდან ჩამოსაცილებლად, არამედ ციხეში განსამწესებლადაც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღევანდელი სასამართლო იმ გადაწყვეტილებებს იღებს, რასაც ხელისუფლება უბრძანებს.

სწორედ ამიტომ ოპოზიცია შიშობს, რომ ეს გადაწყვეტილება იმისთვის იქნა მიღებული, რომ ოპოზიციამ საარჩევნო დამფინანსებლებზე უარი თქვას იმის შიშით, რომ შემდეგ მათი დამფინანსებლები ხელისუფლებამ არ აიძულოს და ქრთამის აღებაში არ დაადანაშაულონ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამავე პროექტის თანახმად, პროკურატურას საბანკო ანგარიშების შეუზღუდავი კონტროლის საშუალება ენიჭება. ეს ყველაფერი ერთად კი რეალურს ხდის იმ საშიშროებას, რომ ოპოზიცია საარჩევნო პროცესში დაფინანსების გარეშე დარჩეს.

„მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან საშიში კანონპროექტი. ეს გადაწყვეტილება ძალიან დიდ ასპარეზს მისცემს ხელისუფლებას, რომ გააფართოვოს პოლიტიკური ოპონენტების დევნა. ეს კანონპროექტი ორ სეგმენტად იყოფა და ერთია ბანკებზე ტოტალური კონტროლის დამყარება და მეორეა პოლიტიკური პარტიების საქმიანობაზე ასევე ტოტალური კონტროლის დამყარება.

ეს იყო უკანასკნელი შტრიხები და ახლა უკვე თავისუფლად შეგვეძლება, ვთქვათ, რომ ხელისუფლება ნებისმიერი მიმართულებით გააკონტროლებს ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაციის საქმიანობას ფინანსური თანხების მოძიების კუთხით. ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს, შეიძლება ხელისუფლებამ მიაკითხოს და აიძულოს ეს ადამიანები, რომ თქვან, თითქოს ისინი გაურიგდნენ პარტიას თუ პარტიის რომელიმე წარმომადგენელს და ამით, ცხადია, პოლიტიკურ პარტიებს ძალიან დიდი პრობლემები შეექმნებათ და არამარტო იმით, რომ მათ არჩევნებიდან მოხსნიან, არამედ ამდენი წლით პატიმრობას მიუსჯიან. ამას კი რა შეიძლება მოჰყვეს, ადვილი წარმოსადგენია“, - აცხადებს „თავისუფალი დემოკრაების“ წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი.