დიდი ლეიბორისტის მორიგი დანაკარგი

დიდი ლეიბორისტის მორიგი დანაკარგი

ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანმა, პროფესორმა ნესტან კირთაძემ შალვა ნათელაშვილის პარტია დატოვა. იგი მიიჩნევს, რომ ისეთი ადამიანის მიმართ, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, მრუდე აზრმაც კი არ უნდა გაიჟღეროს, არათუ მასთან დაპირისპირება მოინდომონ. ლეიბორისტულ პარტიაში კი ასეთნაირად არ ფიქრობდნენ. მეტიც, შალვა ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილი „სოროსი 2“-ად მოიხსენია. Presage.tv ნესტან კირთაძეს ესაუბრა.

რატომ გაემიჯნეთ შალვა ნათელაშვილს და რატომ დატოვეთ ლეიბორისტული პარტია?

- დღეს საქართველოში რთული პროცესია, კრიტიკული ვითარებაა, პოლიტიკურ გზაჯვარედინზე დგას ქვეყანა, ხალხი. ჩვენმა ერმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ან გააგრძელოს სვლა მომავლისკენ, ღირსებისკენ, სოციალური სამართლიანობისკენ, თავისუფლებისკენ, ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ერთიანობისკენ, ან დარჩეს იმ უფსკრულში, რასაც ჰქვია ერთპარტიული რეჟიმი, დიქტატურა და ღია ტერორი, რომელიც ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მთელი წლების განმავლობაშია გამოცხადებული. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური ლიდერისგან კრიტიკულად უნდა შეფასდეს ვითარება, უნდა იყოს მზადყოფნა, ამ პოლიტიკური გზაჯვარედინიდან როგორ წავიყვანოთ ხალხი და ქვეყანა და როგორ დავუბრუნოთ მათ ღირსება, ღიმილი, მომავალი. ასეთ ვითარებაში, ჩემთვის, როგორც პროფესიონალი პოლიტიკოსისთვის, რომელიც არაერთი წელია ქართულ პოლიტიკაში მოღვაწეობს, როგორც მეცნიერისა და პროფესორისთვის და ამ ქვეყნის შვილისთვის, სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა ის განცხადება, ის პოლიტიკური აქცენტები, რომელიც შალვა ნათელაშვილმა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის სახელით გააკეთა.

ამასთან, მიუღებელია ის საერთაშორისო აქცენტები, რომელიც კეთდება მის მიერ და აქ საუბარი შეეხება მუდმივ ბრძოლას დასავლეთისადმი. ეს ჩემთვის მიუღებელია, რადგან დასავლეთი ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა, ჩვენ ვეძებთ სტრატეგიულ მოკავშირეებსა და პარტნიორებს და არ უნდა დავკარგოთ ისინი. ჩემთვის სრულიად მიუღებელია ხალხისადმი დამოკიდებულება, რაც შალვამ გამოხატა და მათ ფულის მონები უწოდა. სრულიად მიუღებელია ის იარლიყები, რომელიც მან მიანიჭა იმ ქართველს, მხედველობაში მყავს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საქართველოს ათასწლეულის საპატრიარქო ტაძარი აუშენა და, რომელსაც ილია მეორემ ქართველი ხალხის ავტოპორტრეტი უწოდა. ზნეობრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩემთვის მთლიანად მიუღებელია ეს განცხადება.

თქვენს მიერ პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით რა რეაქცია ჰქონდა შალვა ნათელაშვილს?

- განცხადების გაკეთებიდან მეორე დღეს ჩემი და შალვას შეხვედრა-საუბარი შედგა.  ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ. მე ჩემი პრინციპული პოზიცია დავაფიქსირე. მასთან საუბარი მეგობრული, თბილი, ამავდროულად, პრინციპული იყო. პატივს ვცემ შალვას მოსაზრებებს, მაგრამ კატეგორიულად არ ვიზიარებ. ისიც ვალდებულია, პატივი სცეს ჩემს მოსაზრებებს, იმის მიუხედავად, გაიზიარებს თუ არა. ეს უკვე მისი არჩევანია. მთავარია, რომ ჩემი არჩევანი ჩერდება არა ლიდერის განცხადებების ტყვეობაში, ან პატარა პოლიტიკური ჯგუფის ტყვეობაში, არამედ ჩემი პოლიტიკური პრინციპები მთლიანად ჩვენს ხალხსა და ქვეყნის მომავალს ეძღვნება.

მსგავსი განცხადებები შალვა ნათელაშვილმა ადრეც გააკეთა, როცა კიკუები, ყუმებიხუთლარიანები, ფულზე გაყიდულები უწოდა მოქალაქეების ნაწილს. მაშინ როგორი იყო თქვენი რეაქცია?

- ისეთივე მტკივნეული, როგორც დღეს არის. მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და მე ამ დროით ვისარგებლე. ვისარგებლე ჩემი უფლებითა და ვალდებულებით და პრინციპული პოზიცია დავაფიქსირე.

მაშინ, როდესაც თავის დროზე შალვა ნათელაშვილი გამოვიდა და ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის დამფინანსებელი უწოდა და ნარიყალაზე მისი სახლისკენაც  გაიშვირა ხელი, მაშინ თუ გამოხატეთ ისეთივე პოზიცია, როგორც ახლა დაფიქსირეთ?

- რა თქმა უნდა, მაშინ მე უცხოეთში გახლდით, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ეს უკვე შემდგარი ფაქტი იყო. მე ყოველთვის ვსარგებლობდი განსაკუთრებული უფლებით და ეს უფლება არასდროს დამიკარგავს შიდა პარტიული დემოკრატიით თვალსაზრისით. მან იცოდა ჩემი პრინციპულად განსხვავებული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ბევრი ფაქტორის გამო. ჯერ ერთი, ბიძინა ივანიშვილი სწორედ ჩემი ინიციატივით დასახელდა ლეიბორისტული პარტიიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ჩემი მიზანი იყო არა ფულის მქონე ბიზნესმენისკენ ლტოლვა, არამედ მსურდა, ქართულ პოლიტიკაში შემოსულიყო ეს გვარ-სახელი, როგორც რეალური შანსი საქართველოში რეალური ცვლილებებისთვის.

შალვა ნათელაშვილი მას შემდეგ განაწყენდა, რაც ივანიშვილი მას არ გამოეხმაურა და მისი პარტიის დაფინანსება არ ისურვა?

- ეს შეკითხვა შალვასთან დააზუსტეთ. დღეს ვპაექრობ არა შალვასთან, არამედ ვლაპარაკობ ჩვენი ქვეყნის მომავალსა და ხვალინდელ დღეზე. არავითარ შემთხვევაში, პინგ-პონგის პოლიტიკას არ ვითამაშებ პერსონალიებთან მიმართებით. ვსარგებლობ შემთხვევით და თქვენი პოპულარული გამოცემით მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას თანამებრძოლეობისა და თანამოაზრეობისთვის. მათ შორის, შალვას, ჩემს თანაგუნდელებს და ყველაზე მეტად ჩვენს ხალხს, რომელიც ყველაზე კრიტიკულ დროს მუდმივად გვიჭერდა მხარს. დღეს ვლაპარაკობ ქართველი ხალხის ღირსების დაბრუნებაზე და ეჭვქვეშ ვერ დავაყენებ ვერავის ღირსებას. ყველას  წარმატებებს ვუსურვებ.

ივანიშვილთან მიმართებით ლეიბორისტულ პარტიაში როგორი განწყობაა, რომ არაფერი ვთქვათ შალვა ნათელაშვილზე?

- ასეთი ემოციებისთვის ახლა არ ვარ განწყობილი. მართალი გითხრათ, მაინცდამაინც არ მაინტერესებს. ჩემი ინტერესი მთლიანად ხვალინდელი დიდი ბრძოლისკენაა მიმართული, ქვეყანაში უნდა შეიქმნას დიდი დემოკრატიული მოძრაობა, რომელიც ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას, თავისუფლებასა და მონობას, წარსულში უფსკრულში ყოფნასა და წარმატებას შორის წყალგამყოფი გახდება. კრიტიკული დროა საქართველოსთვის, ამიტომ მთელი ჩემი ენერგია, გამოცდილება მხოლოდ ამ მიმართულებით იქნება მიმართული.

ბიძინა ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო, პარტიიდან წასვლას მაინც აპირებდით?

- ჩემთვის, როგორც ლეიბორისტების ყოფილი საერთაშორისო მდივნისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ასეთი აქცენტების გაკეთება, რაც ჩემდა დამოუკიდებლად კეთდებოდა პარტიაში. ამიტომაც ვამბობ, აქ საუბარი არ არის ტაქტიკურ პოზიციაზე. დადგებოდა ეს დღე? თქვენ იცნობთ ნესტან კირთაძეს, რომელიც ამ ქვეყნიდან როდესაც წავა, წაიღებს მხოლოდ ღირსებას, მამულისა და ხალხისთვის ბრძოლას, წაიღებს მხოლოდ იმ დიდ სამეცნიერო შემოქმედებას, რომელიც ღვთის წყალობით, მან დაუტოვა მომავალ საქართველოს. დანარჩენს არაფერს წაიღებს. ამიტომაც ასეთი ტიპის პოლიტიკოსი, მეცნიერი და მოღვაწე, ყოველთვის მომავალზეა ორენტირებული და არა ვიწრო პარტიულ ინტერესებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, დავტოვებდი პარტიას, როდესაც იგი ჩემთვის მიუღებელი იქნებოდა. ეს ჩემი უფლებაა და ამ უფლებას ყოველთვის გამოვიყენებდი.

რამდენადაც ვიცი, თქვენ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას აპირებთ. მის გუნდში გაწევრიანებას თუ გეგმავთ?

- როდესაც შეხვედრა შედგება, ჩემი სამომავლო პოლიტიკური გეგმების შესახებ თქვენც გაიგებთ და ყველა ქართველიც და უცხოელიც.

რა რეაქცია გქონდათ, როცა სულ ახლახანს შალვა ნათელაშვილმა ივანიშვილს მიმართა, რომ ფულის საშოვნელად მასთან მისული ადამიანებისთვის, ვინც ლეიბორისტებს აგინებდა, სამმაგი პრემია გადაეხადა.

- ამას უკომენტაროდ დავტოვებ.