კვეზერელის მოხსნამ ცხადყო, რომ ხელისუფლება საზოგადოების გულის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს. სახელისუფლო კულუარებში უკვე იმაზეც საუბრობენ, რომ მინისტრების მოხსნა მხოლოდ სოფლის მეურნეობის მინისტრით არ შემოფარგლება და გაცილებით რადიკალურ ცვლილებებს ელოდებიან. ერთ-ერთ ასეთ ცვლილებად კი პრემიერმინისტრის შეცვლა სახელდება და presage.tv-ს ინფორმაციით, გილაურის ჩანაცვლებას კეზერაშვილით გეგმავენ. გილაურის მოხსნის მიზეზი კი, როგორც ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, ბიუჯეტის პროექტი გახდება.
საქმე ის არის, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ხელისუფლება იმდენად არის შეშფოთებული, რომ ცდილობს, რამენაირად მოახერხოს საზოგადოების გულის მოგება. სწორედ ამ კონტექსტში მოხდა უგულავას მიერ მოსახლეობისთვის 5-5 ლარის დარიგება, მაგრამ ამან უკურექცია გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ვაუჩერის აღებაზე უარი არავის უთქვამს.
თუმცა, ხელისუფლება იმასაც კარგად ხედავს, რომ რეალურად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო და გადაწყდა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი სოციალურ საკითხებსა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე იყოს მორგებული.
სხვათა შორის, ამის შესახებ განცხადებები დღეს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, უხვად გაკეთდა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული აქცენტი სწორედ იმაზე გააკეთდა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება სოციალურ და სოფლის მეურნეობის საკითხებზე ორიენტირებული.
მაგრამ საინტერესო ის არის, რომ პროექტი ამის საშუალებას არანაირად არ იძლევა. ეს პროექტი, ექსპერტთა შეფასებით, საკმაოდ გაუგებრად არის დაწერილი და რაც მთავარია, აქცენტი არც სოციალურ საკითხებზე კეთდება, არც ჯანდაცვაზე და არც სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ დღემდე ეს პროექტი არავის გახსენებია და დღევანდელი განხილვაც მოულოდნელად მას შემდეგ დაინიშნა, რაც პრესაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ხელისუფება ბიუჯეტის ჩასაგდებად ემზადება.
ბიუჯეტის ჩაგდებას სააკაშვილი როგორ გამოიყენებს, ძნელი სათქმელია. მას ასეთ შემთხვევაში მთავრობის დათხოვაც შეუძლია და პარლამენტისაც.
მაგრამ, როგორც ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ამბობენ, სააკაშვილმა რადიკალური ცვლილებებისთვის გილაურის შეცვლა გადაწყვიტა და უვარგისი ბიუჯეტის პროექტის დაწერაც, ცხადია, მას დაბრალდება, რადგან მთავრობის მეთაურია.
მის ნაცვლად კი კეზერაშვილის, როგორც კარგი მენეჯერის დანიშვნაზეა საუბარი.
ცხადია, ეს ჯერჯერობით მხოლოდ დაუდასტურებელი ინფორმაცია და საბოლოოდ სააკაშვილი რას გადაწყვეტს, ძნელი სათქმელია, მაგრამ სულ რამდენიმე დღის წინ, ხელისუფლების წარმომადგენლები იმასაც ამბობდნენ, რომ კვეზერელის მოხსნა არ იგეგმება და მხოლოდ მედიის მიერ მოგონილი ჭორიაო.
რაც შეეხება კეზერაშვილს, შეგახსენებთ, რომ იგი დღემდე ლატარიის კომპანიის მფლობელი და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია. მის საკეთილდღეოდ და მისი კომპანიის მოგების გაზრდისთვის კი ხელისუფლება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კანონმდებლობას ყოველ კვირას ცვლის.
ასეა თუ ისე, ხელისფლებაში ცვლილებებს კიდევ ელოდებიან და, როგორც ამბობებ, ყველაფერი რამდენიმე კვირაში გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტის დამტკიცება 31 დეკემბრამდე უნდა მოხდეს. პროექტის რადიკალური ცვლილებისთვის კი, ცხადია, გარკვეული დროა საჭირო. ამიტომაც, თუკი გილაურს ბიუჯეტის პროექტის საბაბით შეცვლიან, ეს მაქსიმუმ ერთ თვეში მაინც უნდა მოხდეს.