თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ აგვისტოში დააყენა ბაკურ კვეზერელის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ამის მიზეზი იყო ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა სოფლის მეურნეობაში უკანასკნელი წლების განმავლობაში ბაკურ კვეზერელის და მისი სამინისტროს არაკომპეტენტურობის და უპასუხისმგებლობის გამო.
წლევანდელი სიმინდის მოსავალი იყო კატასტროფული. ჩვენ მივმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მიეღო ზომები ურთულეს მდგომარეობაში ჩავარდნილი გლეხებისა და ფერმერების დასახმარებლად. დახმარების ნაცვლად, ხვნა-თესვის პერიოდში მათ გაუძვირეს გლეხებს სასუქი და იძულების წესით შეასყიდინეს ჰიბრიდული სიმინდი.
თავისუფალი დემოკრატების ბრძოლამ ბაკურ კვეზერელის მოხსნით შედეგი ნამდვილად გამოიღო. თუმცა, ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა საკადრო ცვლილებამ, კერძოდ ბაკურ კვეზერელის ზაზა გოროზიას კანდიდატურით ჩანაცვლებამ, ცხადჰყო, რომ ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს არა დაშვებული შეცდომების გააზრებას, არამედ აგონიურ მდგომარეობაში მყოფი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მსხვერპლშეწირვას და კლანური აზროვნების მორიგ გამოვლინებას, თუმცა, ხელისუფლების რღვევის პროცესს ამ ტიპის გადაწყვეტილებები ვეღარ შეაჩერებს.