ქართული წყაროების ცნობით, 1103 წელს თამარ მეფის ბრძანებით, ჭორვილელებს თურმე 12 გელათელი ბერის გამოკვება დაევალათ. დღეს ჭორვილაში დაბადებულმა ბიძინა ივანიშვილმა ბევრ ადამიანს იმედი ჩაუსახა. პოლიტიკაში მისმა გამოჩენამ, რა თქმა უნდა, ჟურნალისტების ინტერესიც გამოიწვია. ამიტომაც ზემო იმერეთში, ჭიათურის პლატოზე მდებარე სოფელ ჭორვილასკენ მიმავალ გზას არაერთი ჟურნალისტი დაადგა. თუმცა ბოლო დროს ჩასულ ჟურნალისტებს იქაურები აღარ წყალობენ.
შალვა რამიშვილმა მთელი ჭორვილა მოიარა და ივანიშვილის შესახებ ხმის ამომღები თითქმის ვერავინ იხილა. ადგილობრივები, თითქოს, შეთქმულებივით არიან, რომ წარმომავლობით ჭორვილელი და მათი გადამრჩენელი ბიზნესმენის სახელი არც კარგ კონტექსტში ახსენონ, არც - ცუდად. შალვა რამიშვილის გარდა, ბეჭდური მედიის არაერთი წარმომადგენელი ეწვია ჭორვილას, თუმცა იქიდან ხელმოცარული დაბრუნდა, რადგან წინა ვიზიტებისგან განსხვავებით, სოფელი დუმდა.
რატომ დუმს ჭორვილა და ბიზნესნმენის შესახებ არც კარგს ამბობს, არც - ავს. ამის შესახებ Presage. tv-ს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი, ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე ინგა ზამბახიძე ესაუბრა.
- მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოში ტერორი დაიწყო, განსაკუთრებული პოლიტიკური ტერორი შეიმჩნევა საჩხერის რაიონშიც. პირველ რიგში, დააშინეს პედაგოგები, სკოლის დირექტორებს კი დირექტივა მიეცათ, რათა აიძულონ პედაგოგები, უარი თქვან ივანიშვილის „ბინძურ“ ფულზე. თქვენ იცით, რომ საკმაოდ სოლიდურ ხელფასს უხდიდა პედაგოგებს ბიძინა ივანიშვილი. ამ დროს კი სკოლებში აიკრძალა მისი სახელის ხსენება. ასევე, ტერორია ადგილობრივ მცირე მეწარმეებზე, შეჩერდა ბიზნესმენისგან დაფინანსებული სახლების გადახურვის საქველმოქმედო პროექტი, დაიბლოკა ხე-ტყის მასალის შემოტანა, რაც აუცილებელი იყო სახლების გადახურვისთვის. საჩხერის საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ აფინანსებდა და დახმარებას უწევდა ბიძინა ივანიშვილი. რამდენადაც ვიცით, ამჟამად ადგილობრივი ხელისუფლება „ჩიხურას“ დამფუძნებლებთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რათა მათ უარი თქვან ბიძინა ივანიშვილის ფულზე. ამან კი განსაკუთრებით ადგილობრივი ახალგაზრდების აღშფოთება გამოიწვია.
პოლიტიკური ტერორი საჩხერლებზე მანამდეც ხორციელდებოდა თუ ეს ყველაფერი ივანიშვილის პოლიტიკურ გააქტიურებას დაემთხვა?
- რა თქმა უნდა, ეს რამდენიმე დღის ამბავია. ადგილობრივ ხელისუფლებას ოპოზიციურად მოაზროვნე ადამიანების წინააღმდეგ მანამდეც არ დაუხევია ტერორსა და დაშინებაზე, ამ ბოლო დღეებში კი ეს განსაკუთრებულად შეიგრძნობა. ამის გამო რაიონის მოსახლეობა დიდ გულისტკივილს გამოთქვამს. მე, როგორც საჩხერელს და ადგილობრივი საკრებულოს წევრს, შემომჩივლეს და მინდა, მთელი რაიონის მოსახლების გულისტკივილი გამოვთქვა ამასთან დაკავშირებით.
ბიძინა ივანიშვილის დახმარებით საჩხერლები აქამდეც სარგებლობდნენ.
- ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობაზე განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ მისივე მოთხოვნით არ კეთდებოდა. მას არ სურდა, რეკლამა გაეკეთებინა თავისი საქმიანობისთვის, რადგან ამას აკეთებდა აბსოლუტურად კეთილი გულით, ეხმარებოდა მთელ რაიონს და ყველა გაჭირვებულს. რაც ყველაზე დიდი მადლი გააკეთა, ეს იყო საჩხერის საავადმყოფოს დაფინანსება, საჩხერეში ნებისმიერი სამკურნალო პროცედურა უფასოა. გარდა ამისა, ნებისმიერი ძვირადღირებული ოპერაცია საჩხერლებისთვის უფასოა. იგი საჩხერლებს საზღვარგარეთ საოპერაციოდ აგზავნიდა და ძვირადღირებული ოპერაციებისთვის ნებისმიერი რაოდენობის თანხას უხდიდა. პედაგოგებს სოლიდური ხელფასით აფინანსებდა, ასევე, სკოლის დორექტორებს.
როგორ განისაზღვრებოდა ხელფასები?
- დირექტორების დანამატი დაახლოებით 500 ლარი გახლდათ, ხოლო პედაგოგებისა - 300 ლარიდან ზემოთ. ეს გახლდათ საათობრივი დაფინანსება. გარდა ამისა, საჩხერეში აბსოლუტურად ყველა სკოლა თავიდან აშენდა და გარემონტდა. მანვე გააკეთა კულტურის სახლი, კინოთეატრი, ბიბლიოთეკა, საცურაო დარბაზი. საერთოდ, რაიონში თუ რამეა გაკეთებული, მხოლოდ და მხოლოდ მისი დამსახურებაა და არა ხელისუფლების. აბსოლუტურად ახალი სახლები აუშენა სოფელ ჭორვილის ყველა მცხოვრებს, გადახურვა მთელ რაიონში მიმდინარეობდა, რაც ხელისუფლების მოთხოვნით, ამჟამად შეაჩერეს. კვირაში ერთხელ თბილისიდან საჩხერეში ცნობილი პროფესორები ჩადიან და ნებისმიერ დარგში კონსულტაციებს უწევენ იქაურებს, ზოგი თბილისელი პროფესორი კი იქვე მუშაობს. პირადად არ ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ როგორც ვიცი, ჭორვილაში მისი ოჯახი კარჩაკეტილად არ ცხოვრობს, მისი ოჯახის წევრები, დედა და და-ძმანი ძალიან უშუალოები არიან, ისინი ბევრად უფრო თავმდაბლები არიან, ვიდრე ნებისმიერი ქართველი და, კონკრეტულად, საჩხერელი.
იქ ჩასულ ჟურნალისტებს რატომ არ ეკონტაქტება ადგილობრივი მოსახლეობა? მაშინ, როცა ადრე გაცილებით უფრო სიტყვაუხვნი იყვნენ და არც ივანიშვილზე საუბარს ერიდებოდნენ.
- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მოსახლეობის გადაწყვეტილებაა, რომ თავისთვის, ჩუმად იყონ, მაგრამ მათი მხარდაჭერა აუცილებლად ექნება ბიძინა ივანიშვილს.
ეს გაფრთხილება ხომ არ არის თავად ივანიშვილის ოჯახისგან, რადგან აქამდე ჭორვილელები კომენტარს აკეთებდნენ.
- ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ როგორც ვიცი, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თათბირი ჩაატარა და საკრებულოების, ანუ სოფლის რწმუნებულები დაიბარა და მათაც მისცა დირექტივა, რომ ივანიშვილის სახელის ხსენება არ იყოს. ამიტომაც გარეშე თვალის დასანახად, ალბათ, მოსახლეობა სიფრთხილეს იჩენს.
ამდენად, შესაძლოა, ასეთი გაფრთხილება ივანიშვილისგანაც მოდიოდეს, რომ თანასოფლელები დაიცვას?
- რა თქმა უნდა, რადგან საჩხერეში საშინელი ტერორია და ადგილობრივ მოსახლეობას გამოცდილება აქვს, თუ როგორი ტერორი მოჰყვა მოსახლეობაზე მუხრანის წყლის ამბის გახმაურებას. საუბარია გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე პრეზიდენტისადმი მუხრან მაჭავარიანის თხოვნაზე, რათა მას სოფლისთვის სასმელი წყალი გაეყვანა. როდესაც ეს მუხრანის წყლის პროექტი არ გაკედა, მაშინაც მოსახლეობა, რომელმაც პროტესტი გამოთქვა ამასთან დაკავშირებით, წნეხის ქვეშ მოექცა. არც ქალებს დაერიდნენ, არც კაცებს. აქედან გამომდინარე, მათ აქვთ ამის მაგალითი, ამიტომაც გადაწყვიტეს, ჩუმად იყვნენ ბიძინა ივანიშვილის გვერდით.
მართალია, რომ საჩხერეში დემოგრაფიული ვითარება გაუმჯობესდა და შობადობაც მას შემდეგ გაიზარდა, რაც ბიძინა ივანიშვილი ახლადჯვარდაწერილებს აფინანსებს?
- გეთანხმებით, თვითონ სოფელ ჭორვილის ახალგაზრდებს ქორწილი უფასო აქვთ. იქ აშენდა რიტუალების სასახლე. ქორწილისა და ჭირის ხარჯებიც ქველმოქმედის ხარჯზე ხორციელდება. ახლადდაქორწინებულებს სამი ათასი დოლარი საჩუქრად გადაეცემათ. როცა ახალი სახლი გაქვს, დასაქმებული ხარ მშენებლობაზე, სახურავების გადახურვაზე, შესაბამისად, ეს შენს მდგომარეობაზეც აისახება. ბიძინა ივანიშვილის შემდეგ საჩხერიდან არათუ მიგრაციის ნაკადი შემცირდა, არამედ მოსახლეობა დაუბრუნდა საჩხერეს. რეალურად, დაცლასა და შიმშილს გადაარჩინა რაიონი.
წლების განმავლობაში ბიზნესმენი ინტელიგენციას აფინანსებდა. ახლა კი მის დასაცავად ხმის ამოღებისგან ეს ადამიანები თავს იკავებენ. როცა ადამიანისგან ყოველთვიურად 2300 ლარს იღებ და, ფულზე რომ არაფერი ვთქვათ, მას საქართველოს გადამრჩენელად მოიაზრებ, ხარ თუ არა პასუხისმგებელი, რომ ხმა ამოიღო?
- მე ვერ წარმომიდგენია დღეს ქართველი, მით უმეტეს, რომელიც ანაზღაურებას იღებდა წლების მანძილზე და შიმშილს გადაარჩინა ბიძინა ივანიშვილმა, ხმას არ იღებდეს, რადგან მისი გამოჩენა პოლიტიკაში ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღე იყო. საქართველოში გაჩნდა გადარჩენის იმედი.
საერთოდ, ინტელიგენციას მოვლენების მიმართ პასიურობა ახასიათებს. ამით აიხსნება მათი მდუმარება და, ის, რომ ოპოზიციურ ტელევიზიებში ივანიშვილზე სასაუბროდ მისვლას კვლავაც უფრთხიან?
- ჭორვილის მაგალითზე რომ ავიღოთ, მართალია, დუმილს არჩევენ, მაგრამ ივანიშვილის მიმართ ფარული მხარდაჭერა აქვთ.
თუმცა საჩხერლები პირდაპირ ეთერში რეკავენ, ჩამოვალთ და ბიზნესმენს დავიცავთო.
- ცნობილ ადამიანებს ვერ დავდებ ბრალს, რომ მათ ეშინიათ, მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოს მოსახლეობას, ეტყობა, რაღაც ჩუმი კავშირი აქვს, რომ, ივანიშვილის გვერდით ყველანი ჩუმად იყვნენ, რათა ტერორი და შიში შემცირდეს. დღეს საქართველოში არ მეგულება ისეთი ადამიანი, ვინც მისი წინააღმდეგ იქნება.
მდუმარება გადაიქცევა აქტიურ ქმედებაში, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი აქციების მომხრე არ არის?
- დარწმუნებული ვარ, რეალურად რომ გაუჭირდეს, ისინი მის დასაცავად გამოვლენ.
ამ ეტაპზე ბიზნესმენი აცხადებს, რომ აქციების მოწყობა მის არსენალში არ შედის. ხელისუფლების რეაქცია ხომ არ უბიგებს მას, ბრძოლის სხვა ტაქტიკა აირჩიოს?
- იმდენად რადიკალური გზა აირჩია ხელისუფლებამ, რომ ეს ძალიან აღიზიანებს საქართველოს მოსახლებას. ვფიქრობ, ხელისუფლება თავად მოვა გონზე და შეჩერდება, რადგან ასეთი რადიკალიზმი მათთვის უარესის მომტანი იქნება.
როგორი რეაქცია მოჰყვა საჩხერეში „ქართუ ბანკის“ თანამშრომლების ან ბერას მეგობრის დაკავებას?
- აბსოლუტურად აღშფოთებულია მთელი რაიონი. მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, გაათავისუფლეს თუ არა დაკავებულები?