თბილისის საქალაქო სასამართლომ დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძესა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს შორის „დავის საგანი ვერ დაინახა“ და ლორთქიფანიძის სარჩელზე საქმის წარმოება შეაჩერა. ლორთქიფანიძე სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივაცით ხსნის და სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე დავით ბაქრაძემ სესიაზე პატიმრების ოჯახებისთვის ფულის გამოძალვაში დაადანაშაულა. მართალია, ბაქრაძეს მისთვის ეს ბრალდება პირდაპირ არ წაუყენებია, მაგრამ მათ შორის გამართული კამათისას სწორედ ამ შინაარსის განცხადება გააკეთა. თუმცა, რის საფუძველზე თქვა ეს ბაქრაძემ, დღემდე საიდუმლოდ რჩება.
ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრებმა სესიაზე დიმიტრი ლორთქიფანიძის საპარლამენტო დელეგაციებიდან გამოწვევის საკითხი გააპროტესტეს და ბაქრაძეს და ლორთქიფანიძეს შორის კამათი სწორედ ამ საკითხზე გაიმართა.
მისი დელეგაციებიდან გამოწვევა ლორთქიფანიძემ „პოლიტიკურ დევნად“ შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ბაქრაძემ „ფეისბუკელი“ მეგობრების პარლამენტში მიყვანის პრაქტიკა პარლამენტარიზმის განვითარებად შეაფასა. ამ დროს კი, ლორთიფანიძის თქმით, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ყოველგვარი საერთაშორისო ბერკეტის გარეშე რჩება და საინტერესოა, ეს რამდენად შეუწყობს ხელს პარლამენტარიზმის განვითარებას.
„ჩემს მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა, ისევე, როგორც მთელი ფრაქციის წინააღმდეგ სხვადასხვა ფობიების გამოყენებით. მე ამ საკითხს ასე ნამდვილად არ დავტოვებ, მივმართავ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ ხელოვნურად ხდება ფრაქციის ჩამოშორება საერთაშორისო პოლიტიკური ცხოვრების ასპარეზიდან და ამის ხელშემწყობი, ბატონო დავით, თქვენ ბრძანდებით“, - მიმართა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის ბიუჯეტის ხარჯზე „ფეისბუკელ“ მეგობრებთან რესტორან „კოპალაში“ პურმარილების მოწყობის შეწყვეტისკენაც“ მოუწოდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ კი ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ პარლამენტარიზმის ცუდი მაგალითი სოციალურ ქსელებში ადამინებთან ურთიერთობა კი არაა, არამედ „პატიმართა ოჯახებისთვის ფულის გამოძალვა“.
თუმცა, ბაქრაძემ არც სხდომაზე და არც ამის შემდეგ არ დააკონკრეტა, რომელ დეპუტატს ადანაშაულებს პატიმრის ოჯახისთვი სფულის გამოძალვაში და ეკუთვნოდა თუ არა ეს რეპლიკა კონკრეტულად დიმიტრი ლორთქიფანიძეს. მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ საზოგადოებასთან შეხვედრა, პირდაპირი კონტაქტი და სამოქალაქო საზოგადოების წახალისება, პარლამენტარის მხრიდან კარგი მაგალითია, ცუდი კი ფულის გამოძალვაა.
„შემიძლია, გითხრათ, რა არის ცუდი მაგალითი. ცუდია, როდესაც პატიმართა ოჯახებისგან ცდილობ ფულის გამოძალვას დაპირებების სამაგიეროდ. საზოგადოებასთან შეხვედრა კი არის კარგი მაგალითი. ვინ იძლევა ცუდ მაგალითს და ვინ კარგ მაგალითს, ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს“, - მიმართა ბაქრაძემ ლორთქიფანიძეს.
როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ასეთ განცხადებას აკეთებს, ცხადია, ძალზე მნიშვნელოვანია და ჩნდება ეჭვი, რომ ასეთ რამეს დამამტკიცებელი საბუთის გარეშე ვერ იტყოდა. მით უმეტეს, რომ საქმე ეხება სისხლის სმართლის დანაშაულს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, დეპუტატს იმუნიტეტი ეხსნება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ისჯება.
ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ, თუკი მას ამის დამამტკიცებელი საბუთები გააჩნია, საზოგადოებას ამის შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდეს და ეს არ დარჩეს მხოლოდ გაბრაზებული პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკურ შურისძიებად.
მაგრამ ბაქრაძეს ამის შესახებ არავითარი განმარტება არ გაუკეთებია. თუმცა, იმის გამო რომ ეს განცხადება ლორთქიფანიძესთან კამათისას გაკეთდა, დიდი ალბათობით, სწორედ მისი მისამართით იყო ნათქვამი.
ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ დღეს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ბაქრაძის ეს განცხადება კონკრეტულად დიმიტრი ლორთქიფანიძეს ეკუთვნოდა.
ამის შემდეგ კი დიმიტრი ლორთქიფანიძემ პარლამენტოს თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივლა ღირსებისა და საქმინი რეპუტაციის შელახვის მოტივით. ამასთან, მან პარლამენტის თავმჯდომარისგან ბოდიშის მოხდა და სიმბოლური 1 ლარი მოითხოვა.
მაგრამ, როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის წარმოება დიმიტრი ლორთქიფანიძის სარჩელის გამო მოპასუხე დავით ბაქრაძის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეწყდეს დავის საგნის არარსებობის გამო.
ლორთქიფანიძის თქმით, სასამართლომ მიიჩნია, რომ დავით ბაქრაძის განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იყო ზოგადი ხასიათის და პოლიტიკური დებატების ფარგლებში გაკეთებული, რითაც არ შელახულა მოსარჩელე დიმიტრი ლორთქიფანიძის პატივი და ღირსება. შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მოთხოვნას არ გააჩნდა არავითარი სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას კი თავად დიმიტრი ლორთქიფანიძე პოლიტიკური კონიუქტურით ხსნის. მისი თქმით, სასამართლოს რომ დეტალურად გამოერკვია საქმის ვითარება, დავის საგანს აუცილებლად დაინახავდა.
„სასამართლომ არ გაითვალისწინა უმთავრესი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოზე წარმოდგენილი გვქონდა და რომელიც ეხებოდა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონ პავლე კუბლაშვილის პასუხს „მაესტროს“ ეთერში, ჟურნალისტ ეკა ბერიძის მიერ დასმულ კითხვაზე, ეხებოდა თუ ბაქრაძის განცხადება დიმიტრი ლორთქიფანიძესო და ამაზე კუბლაშვილის პასუხი იყო დადებითი. ცხადია, კუბლაშვილს, რომელიც არის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრება მსგავსი განცხადებების გამო და სასამრთლოს გამოკვლევის საგანი უნდა გამხდარიყო. უშუალოდ საქმის წარმოების დროს უნდა გარკვეულიყო, თუ ვინ რას გულისხმობდა. სასამართლომ კი სრულიად გაუგებარი მოტივებით თქვა უარი.
ამიტომაც ვამბობ, რომ ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევია გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე და ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
მიუხედავად ამისა, იგი 12 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს და აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს.